ოლიმპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიმპია. ანტიკური ოლიმპიური სტადიონის შესასვლელი

ოლიმპია - (ბერძნ. Ολυμπία) ), ძველი ბერძნული ქალაქი ელიდაში. ოლიმპია მდებარეობდა სამხრეთ-დასავლეთ საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, ელადის ოლქის სამხრეთში, მდინარე ალფეოსის ხეობაში, რომელიც იონიის ზღვას ერთვის. მას ყოველი მხრიდან ემიჯნებოდა ბუნებრვი ზღუდეები, რომლებიც იზოლაციაში აქცევდა. სამხრეთიდან ოლიმპიას ესაზღვრებოდა მდინარე ალფეოსი, დასავლეთიდან - მისი შენაკადი, კლადეოსი. ჩრდილოეთიდან კი - კრონოსის ბორცვი. აღმოსავლეთით იყო დაბლობი, რომელსაც ალფეოსი ადიდებისას ფარავდა. ალფეოსის ჩრდილოეთ ნაპირას, ტყეებით შემოფარგლული უზარმაზარი ველის უკან, თოვლით დაფარული მთები იდგა.

ოლიმპიის ცენტრს წმინდა ჭალა - ალტისი წარმოადგენდა. მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმართული იყო ზევსის დიდებული ტაძარი, რომელიც ძვ.წ. მეხუთე საუკუნეში ააგო ხუროთმოძღვარმა ლიბონმა. ამ ტაძარში იდგა ზევსის ქანდაკება, რომელიც ათენელმა მოქანდაკემ ფიდიასმა შექმნა და რომელიც ანტიკური სამყაროს 7 საოცრებათაგან ერთ-ერთად აღიარეს. ქანდაკება 12,5 მეტრის სიმაღლისა იყო, სპილოს ძვლისა და ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა.

ზევსის ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობდა ბორცვი, სადაც იდგა პელოპიონი - ანუ პელოპსის სალოცავი. ამ ტაძრის უკან იზრდებოდა წმინდა ზეთისხილის ხე, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ჰერაკლემ საკუთარი ხელით დარგო. ალტისის მოედანზე იდგა კიდევ ერთი, ზომით უფრო მომცრო ტაძარი, რომელიც ჰერას - ზევსის მეუღლის სადიდებლად იყო აგებული. სწორედ იქ ინახებოდა ლითონის დისკო, რომელზეც „ეკეხერიის“ შეთანხმების ტექსტი გახლდათ ამოტვიფრული. ალტისის განაპირა მხარეს, კრონოსის ბორცვის ტერასებზე 12 საგანძური იდგა, სადაც ინახავდნენ ძვირფას საჩუქრებსა და ძღვენს, რომელსაც პოლისები ოლიმპიონიკები ღმერთებს სწირავდნენ. ალტისის მთელი ტერიტორია დაფარული იყო ღმერთებისა და გმირების, ასევე ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულთა ქანდაკებებით. ალტისის წმინდა მიწაზე 70-მდე საკურთხეველი იყო აღმართული. კრონოსის ბორცვის ძირას აგებული იყო სტადიონი, რომელიც ალტისს 32-მეტრიანი გვირაბით უერთდებოდა. სტადიონს ტრიბუნები არ ჰქონდა, მაყურებლები კრონოსის ბორცვის ფერდობებზე თავსდებოდნენ. მსაჯებისა და განსაკუთრებით საპატიო სტუმრებისთვის მარმარილოს შემაღლებული ბაქანი იყო მოწყობილი, რომელზეც სავარძლები იდგა. სტადიონზე დაახლოებით 50 ათასი კაცი ეტეოდა.

საცხენოსნო რბოლებისთვის ოლიმპიაში აშენებული იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი იპოდრომი ძველ საბერძნეთში, რომლის სიგრძე 1538 მეტრს შეადგენდა. ოლიმპიის სპორტული ნაგებობების რიცხვს განეკუთვნებოდა, აგრეთვე, გიმნასია და პალესტრა სპეციალური, ნაწილობრივ გადახურული შენობები შიდა ეზოებით, რომლებიც ათლეტების მოსამზადებლად, სავარჯიშოდ იყო განკუთვნილი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილენი ერთი თვით ადრე უნდა ჩასულიყვნენ და ევარჯიშათ „ელანოდიკების“ - მსაჯებისა და ასპარეზობის ორგანიზატორების - მეთვალყურეობის ქვეშ. გიმნასიისა და პალესტრის გვერდით იყო სასტუმრო ჩამოსული ათლეტებისათვის.

შეიძლება ითქვას, რომ ოლიმპიას ქალაქს პირობითად უწოდებდნენ - მუდმივად იქ მხოლოდ ქურუმები ცხოვრობდნენ. ოლიმპია ოლიმპიელი ღმერთების რელიგიური თაყვანისცემის პანელინური, საერთობერძნული ცენტრი, ანუ წარმართული ტაძრების, სალოცავების, საკურთხევლების მასშტაბური კომპლექსი იყო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იზრდებოდა და მშვენდებოდა. ამასთან ერთად, იქ გახლდათ სპეციალურად ათლეტური შეჯიბრებებისთვის აგებული მოედნები და შენობები. ოლიმპიური თამაშები მუდმივად ოლიმპიაში იმართებოდა.

=იხილე აგრეთვე

ანტიკური ოლიმპიური თამაშები

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები