ანტიკური ოლიმპიური თამაშები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიმპია. პალესტრის კოლონადა. ძვ. წ. III საუკუნე

ანტიკური ოლიმპიური თამაშები - შეჯიბრება ძველ საბერძნეთში - უმთავრესი ოთხი პანელინური თამაშებიდან (დანარჩენი სამი იყო: ისთმიური, ნემეური, პითიური). იმართებოდა ოლიმპიაში, ელიდაში, პელოპონესის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში.

ანტიკური ოლიმპიური თამაშები საერთო-სახალხო რელიგიური დღესასწაული იყო, რომელიც საკულტო ცერემონიალისა და სპორტული შეჯიბრებებისგან შედგებოდა. ეძღვნებოდა ძველბერძნული პანთეონის უმაღლეს ღვთაებას - ზევსს. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ოლიმპიური თამაშები თვით ზევსმა დააფუძნა, სხვა ლეგენდის მიხედვით - მისმა ვაჟმა, ჰერაკლემ.

სარჩევი

პირველი ანტიკური ოლიმპიური თამაშების ჩატარების თარიღი

მეცნიერები ისტორიულად დადასტურებული პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარების თარიღად ძვ.წ. 776 წელს აღიარებენ. ეს წელი გამოცხადებულია ოლიმპიური თამაშების საწყისად, რადგან, როგორც ცნობილია, ამ დროს მარმარილოს სტელაზე პირველად ჩაიწერა თამაშების გამარჯვებული ათლეტის სახელი - კორეიბოსი ელედიდან. იგი მორბენალი, პროფესიით მზარეული ყოფილა.

ბლოკირება) ანტიკური ოლიმპიური სტადიონი ოლიმპიაში

ოლიმპიური თამაშები ყოველი 4 წლის გასვლის შემდეგ იმართებოდა. ძველმა ბერძნებმა ეს ტრადიცია დროის ათვლის ორიგინალური კალენდარული სისტემისათვის გამოიყენეს, რომელსაც ოლიმპიონიკების - თამაშების გამარჯვებულთა სია დაედო საფუძვლად.

საქმე ის არის, რომ ქრისტეს შობამდე დაახლოებით 400 წელს ელიდელმა ფილოსოფოსმა ჰიპიასმა შეადგინა „გამარჯვებულ ოლიმპიონიკთა სია“. ეს სია სწორედ ძვ.წ. 776 წელს კორეიბოსის გამარჯვებით იწყებოდა.

ჰიპიასის ამ სიით ისარგებლა ბერძენმა მემატიანემ ტიმეოსმა და ოლიმპიური თამაშების საწყისად ძვ.წ. 776 წელი დაადგინა. ძვ.წ. 264 წელს ძველ საბერძნეთში მან პირველმა შემოიღო დროის აღრიცხვა „ოლიმპიადების“ მიხედვით - ანუ საერთო ბერძნული წელთაღრიცხვა (მანამდე ძველ ბერძნებს საერთო კალენდარი არ ჰქონიათ). პერიოდს ერთი ოლიმპიური თამაშიდან მეორემდე მან „ოლიმპიადა“ უწოდა. ანუ ერთი ოლიმპიური წელი, „ოლიმპიადა“, 4 კალენდარულ, ჩვეულებრივ წელს შეადგენდა. ოლიმპიურ თამაშებს შორის დროის შუალედი 1417 დღეს უდრიდა. ძველი ბერძენი მემატიანეები როდესაც რაიმე ღირსშესანიშნავ მოვლენას აღნიშნავდნენ, როგორც წესი, ასე წერდნენ ხოლმე: „ფოკიელებმა 105 ოლიმპიადის მეოთხე წელს დაიპყრეს დელფო, როდესაც კირენელმა პოროსმა სტადიოდრომში გაიმარჯვა“. თანაც, ყოველ „ოლიმპიადას” საკუთარი სახელი ეწოდებოდა - სირბილში გამარჯვებული ოლიმპიონიკის სახელი.

ოლიმპიური თამაშების საწყისად ძვ.წ. 776 წელს თუ მივიჩნევთ, გამოვა, რომ ოლიმპიადები 1170 წლის განმავლობაში ტარდებოდა უწყვეტად - ყოველ 4 წელიწადში ერთხელ - ახ. წ. 394 წლამდე. იმ წელს რომის იმპერატორმა თეოდოსიუსმა ანტიკური ოლიმპიადები აკრძალა, როგორც წარმართული დღესასწაული.

გამოდის, რომ ანტიკური ოლიმპიური თამაშები მინიმუმ 293-ჯერ ჩატარებულა. თუმცა მატიანეში არსებობს ცნობა, რომლის თანახმადაც, ოლიმპიური თამაშების საწყისი კიდევ უფრო შორეულ წარსულში უნდა ვეძებოთ - სირიელი მალაისის ქრონიკაში ნათქვამია, რომ ცნობილი ბიბლიური მეფის, საულის ხანაში (ძვ.წ.1030-1010 წწ) ოლიმპიური თამაშები უკვე იმართებოდაო. ასეა თუ ისე, ერთი რამ უეჭველია - ოლიმპიურ თამაშებს, სინამდვილეში, გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს, ვიდრე ეს ოფიციალურად არის მიღებული. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი დაფუძნების ზუსტი თარიღის დადგენა დღეს უკვე შეუძლებელია. მითოლოგია ამის გარკვევის საშუალებას, ცხადია, არ გვაძლევს.

ანტიკური ოლიმპიური თამაშების ისტორია

ანტიკური ოლიმპიური თამაშების ისტორია, პირობითად, 5 პერიოდად იყოფა. პირველი პერიოდი მოიცავს ძვ.წ. 776-720 წლებს, როდესაც დღესასწაულს ადგილობრივი ხასიათი ჰქონდა, მასში მხოლოდ დასავლეთ პელოპონესის მცხოვრებნი მონაწილეობდნენ.

წარწერის ტექსტი

მეორე პერიოდი მოიცავს ძვ.წ. 720-576 წლებს. მას სხვაგვარად სპარტანულ პერიოდსაც უწოდებენ.

მესამე პერიოდი მოიცავს ძვ.წ. 576-338 წლებს, მეორენაირად მას პანელინურ პერიოდსაც უწოდებენ. ოლიმპიურმა თამაშებმა საერთო-ბერძნული ხასიათი შეიძინა. ამ დროს ოლიმპიადებმა აღმავლობა განიცადეს და მონათმფლობელურ დემოკრატიასა და ელინურ პატრიოტიზმთან ერთად, ფაქტობრივად, განვითარების მწვერვალს მიაღწიეს.

მეოთხე პერიოდი მოიცავს ძვ.წ. 338-146 წლებს, სხვაგვარად მას მაკედონური პერიოდიც ეწოდება. ის პერონის ბრძოლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ბერძნები დამარცხდნენ მაკედონიელებთან და ოლიმპიადების ისტორიაში დაცემის ხანად იხსენიება. ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლა დაიწყეს პროფესიონალმა ათლეტებმა და მაკედონიელებმა.

მეხუთე პერიოდი მოიცავს ძვ.წ. 146 - ახ.წ. 394 წლებს. იწყება რომის იმპერიის მიერ საბერძნეთის დამორჩილებით. ამ პერიოდში ოლიმპიური თამაშები კვლავ ადგილობრივი მნიშვნელობის დღესასწაულამდე კნინდება, ძველი დიდებისგან მას მხოლოდ გარეგნული ელემენტებიღა ჰქონდა შემორჩენილი. ახ.წ. 394 წელს იმპერატორ თეოდოსიუს პირველის ბრძანებით, ოლიმპიური თამაშები აიკრძალა, როგორც წარმართული რიტუალი. ერთი წლის შემდეგ მდინარე ალფეოსთან რომაელებისა და გოთების ბრძოლა გაიმართა, ოლიმპია დაინგრა. ამას მეხუთე საუკუნეში დიდი წყალდიდობა და მიწისძვრები მოჰყვა. საბოლოოდ, იმპერატორ თეოდოსიუს მეორეს ბრძანებით, ოლიმპიის წარმართული ტაძრების ნანგრევები მიწასთან გაასწორეს.

ოლიმპია - ოლიმპიური თამაშების ქალაქი

ოლიმპია. სატაძრო კომპლექსის მაკეტი
1. სამხრეთ-აღმოსავლეთი პორტიკი 2. ნიმფა ექოს სტოა 3. ოლიმპიური სტადიონი 4. იპოდრომი 5. საგანძურების ტერასა 6. ადრექრისტიანული ბაზილიკა და ფიდიასის სახელოსნო 7. ფილიპიონი 8. ელიდელთა პრიტანიონი 9. გიმნასიონი 10. პალესტრა 11. ქურუმთა სახლი 12-13. ელინისტურრომაული აბანოები 14. ლეონიდეონი 15. ზევსის ტაძარი 16. სტოა

ოლიმპიის ცენტრს წმინდა ჭალა - ალტისი წარმოადგენდა. მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმართული იყო ზევსის დიდებული ტაძარი, რომელიც ძვ.წ. მეხუთე საუკუნეში ააგო ხუროთმოძღვარმა ლიბონმა. ამ ტაძარში იდგა ზევსის ქანდაკება, რომელიც ათენელმა მოქანდაკემ ფიდიასმა შექმნა და რომელიც ანტიკური სამყაროს 7 საოცრებათაგან ერთ-ერთად აღიარეს. ქანდაკება 12,5 მეტრის სიმაღლისა იყო, სპილოს ძვლისა და ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა.

ზევსის ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობდა ბორცვი, სადაც იდგა პელოპიონი - ანუ პელოპსის სალოცავი. ამ ტაძრის უკან იზრდებოდა წმინდა ზეთისხილის ხე, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ჰერაკლემ საკუთარი ხელით დარგო. ალტისის მოედანზე იდგა კიდევ ერთი, ზომით უფრო მომცრო ტაძარი, რომელიც ჰერას - ზევსის მეუღლის სადიდებლად იყო აგებული. სწორედ იქ ინახებოდა ლითონის დისკო, რომელზეც „ეკეხერიის“ შეთანხმების ტექსტი გახლდათ ამოტვიფრული. ალტისის განაპირა მხარეს, კრონოსის ბორცვის ტერასებზე 12 საგანძური იდგა, სადაც ინახავდნენ ძვირფას საჩუქრებსა და ძღვენს, რომელსაც პოლისები თუ ოლიმპიონიკები ღმერთებს სწირავდნენ. ალტისის მთელი ტერიტორია დაფარული იყო ღმერთებისა და გმირების, ასევე ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულთა ქანდაკებებით. ალტისის წმინდა მიწაზე 70-მდე საკურთხეველი იყო აღმართული. კრონოსის ბორცვის ძირას აგებული იყო სტადიონი, რომელიც ალტისს 32-მეტრიანი გვირაბით უერთდებოდა. სტადიონს ტრი ბუნები არ ჰქონდა, მაყურებლები კრონოსის ბორცვის ფერდობებზე თავსდებოდნენ. მსაჯებისა და განსაკუთრებით საპატიო სტუმრებისთვის მარმარილოს შემაღლებული ბაქანი იყო მოწყობილი, რომელზეც სავარძლები იდგა. სტადიონზე დაახლოებით 50 ათასი კაცი ეტეოდა.

საცხენოსნო რბოლებისთვის ოლიმპიაში აშენებული იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი იპოდრომი ძველ საბერძნეთში, რომლის სიგრძე 1538 მეტრს შეადგენდა.

ოლიმპიის სპორტული ნაგებობების რიცხვს განეკუთვნებოდა, აგრეთვე, გიმნასია და პალესტრა - სპეციალური, ნაწილობრივ გადახურული შენობები შიდა ეზოებით, რომლებიც ათლეტების მოსამზადებლად, სავარჯიშოდ იყო განკუთვნილი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილენი ერთი თვით ადრე უნდა ჩასულიყვნენ და ევარჯიშათ „ელანოდიკების“ - მსაჯებისა და ასპარეზობის ორგანიზატორების - მეთვალყურეობის ქვეშ. გიმნასიისა და პალესტრის გვერდით იყო სასტუმრო ჩამოსული ათლეტებისათვის.

გიმნასიაში მოწყობილი იყო სარბენი ბილიკები, როგორც ღია, ასევე გადახურული. იქ ვარჯიშობდნენ ჭიდაობაში, ხტომაში, ბადროსა და შუბის ტყორცნაში.

პალესტრაში იყო ბურთის სათამაშო სივრცე, კრივში და პანკრატიონში სავარჯიშო ადგილები, ასევე ოთახები მასაჟის, სხეულის დაზეთვისა და ქვიშით დაფარვისათვის - ამას ათლეტები ვარჯიშის წინ აკეთებდნენ.

საგანგებოდ მოწყობილი იყო ათლეტების დასასვენებელი სივრცე და აბანოები, სადაც თბილ ან გრილ აბაზანებს იღებდნე.

შეიძლება ითქვას, რომ ოლიმპიას ქალაქს პირობითად უწოდებდნენ - მუდმივად იქ მხოლოდ ქურუმები ცხოვრობდნენ. ოლიმპია ოლიმპიელი ღმერთების რელიგიური თაყვანისცემის პანელინური, საერთობერძნული ცენტრი, ანუ წარმართული ტაძრების, სალოცავების, საკურთხევლების მასშტაბური კომპლექსი იყო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იზრდებოდა და მშვენდებოდა. ამასთან ერთად, იქ გახლდათ სპეციალურად ათლეტური შეჯიბრებებისთვის აგებული მოედნები და შენობები. ოლიმპიური თამაშები მუდმივად ოლიმპიაში იმართებოდა.

ანტიკური ოლიმპიური თამაშების მონაწილენი

ელანოდიკი და გამარჯვებული ათლეტი. ძვ.წ. 500 წელი.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი

ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ თავისუფლად შობილ ბერძენ მამაკაცებს შეეძლოთ, რომლებიც არ იყვნენ გასამართლებული ანდა ცილისწამებაში, მკრეხელობაში ან უპატიოსნო ქმედებაში შემჩნეული. ასპარეზობაზე თავიდან დაიშვებოდნენ მხოლოდ ზრდასრული მამაკაცები, შემდეგ კი, ძვ.წ. 632 წლიდან, ანუ 37-ე ოლიმპიადიდან, ეს უფლება 20 წლამდე ჭაბუკებმაც მიიღეს. მათი შეჯიბრებანი ზრდასრულებისგან განცალკევებით იმართებოდა. მონებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ, მაგრამ ისინი შეიძლება ყოფილიყვნენ მეეტლეები, რადგან რბოლაში გამარჯვებულად ცხენების მფლობელი ცხადდებოდა.

ოლიმპიადაზე ათლეტები სრულიად შიშვლები ასპარეზობდნენ (გარდა მეეტლეებისა). ქალებს არათუ წართმეული ჰქონდათ თამაშებში მონაწილეობის უფლება, არამედ დასწრება, თვალყურის დევნებაც კი სასტიკად ეკრძალებოდათ. გამონაკლისი იყო მხოლოდ მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ქალღმერთ დემეტრას ქურუმი. პავსანია თავის წიგნში „ელადის აღწერილობა“ აღნიშნავს, რომ ოლიმპიის მახლობლად არსებობდა კლდე, ტიპაიონი, საიდანაც ოლიმპიურ თამაშებზე შეპარულ ქალებს უფსკრულში აგდებდნენ. პედოტროპად, ანუ მწვრთნელად გადაცმული ქალი სტადიონზე რომ არ შეპარულიყო, ერთ-ერთი პრეცედენტის შემდეგ დაადგინეს, რომ მწვრთნელებიც ასპარეზობას ათლეტებივით სრულიად შიშვლები უნდა დასწრებოდნენ. ეს ამბავი ასე მომხდარა: ძვ.წ. 404 წელს, 94-ე ოლიმპიადაზე კალიფატერია, მეორენაირად - ფერენიკა, სტადიონზე მწვრთნელის მოსასხამით შეპარულა, რათა ენახა, თუ როგორ იასპარეზებდა მისი ვაჟიშვილი, პეისედორი კრივში, ახალგაზრდების შეჯიბრებაში. როდესაც მისმა ვაჟმა გამარჯვება მოიპოვა, უზომოდ გახარებული კალიფატერია წამოხტა და მისკენ გაექანა, მაგრამ ამ დროს მოსასხამი ჩამოსძვრა და ყველამ დანახა, რომ ქალია. მას სასტიკი განაჩენი ელოდა, მაგრამ შეიწყალეს, რადგან სახელგანთქმული ოლიმპიონიკის, დიაგორეს ქალიშვილი გახლდათ. ოღონდ, მსგავსი სიტუაცია მომავალში რომ აღარ განმეორებულიყო, დადგინდა - სტადიონზე მწვრთნელებიც შიშვლები უნდა ყოფილიყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა და თვით დასწრებაც კი ეკრძალებოდათ, ისტორიამ შემოგვინახა ქალის სახელი, რომელიც ოლიმპიონიკი გამხდარა ცხენებით რბოლაში - კინისკა.

ოლიმპიონიკად ცხენების მფლობელი ცხადდებოდა და არა მეეტლე. კინისკა, სპარტის მეფის, არქიდამე მეორეს ქალიშვილი, როგორც პავსანია და ქსენოფონტე მოგვითხრობენ, ცხენოსნობით ყოფილა გატაცებული. კინისკა მისმა ძმამ, სპარტის მეფე აგესილაოსმა დაარწმუნა, ოლიმპიურ თამაშებზე გამოსულიყო და მართლაც, კინისკას კვადრიგამ - ანუ ეტლმა, რომელშიც 4 ცხენი იყო შებმული - ძვ.წ 398 და 394 წლების ოლიმპიადებზე გაიმარჯვა. კინისკას ოლიმპიაში ძეგლი დაუდგეს. გათხრებისას აღმოჩდა ქანდაკების პოსტამენტი ეპიგრამული წარწერით: „სპარტის მეფეები არიან ჩემი მამანი და ძმანი, ფეხმარდი ცხენების ეტლით გავიმარჯვე რბოლაში, მე, კინისკამ აღვმართე ეს ძეგლი, და სიამაყით ვაცხადებ, მე ერთადერთმა ელადის ქალებიდან მივიღე ეს გვირგვინი...“

აქვე უნდა აღინიშოს, რომ ქალებს თავისი თამაშებიც ჰქონდათ. ზევსის მეუღლისა და დის, ქორწინებისა და ცოლქმრული სიყვარულის მფარველი ქალღმერთის - ჰერას საპატივცემულოდ ოლიმპიაში საგანგებოდ იმართებოდა ქალების ასპარეზობა, ასევე ყოველ 4 წელიწადში ერთხელ - იმავე სარბიელზე, სადაც მამაკაცები გამოდიოდნენ - ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ. ამ ასპარეზობას ჰერას საპატივცემულოდ „ჰერაიდები“ ანდა „ჰერაიები“ ეწოდებოდა. შეჯიბრება მხოლოდ სირბილში იმართებოდა. ლეგენდის თანახმად, ეს თამაშები ჰიპოდამიამ დაარსა. მას მერე, რაც მისი ბოროტი და სასტიკი მამა მიწას მიაბარეს, თვითონ კი პელოპესთან ბედნიერად იქორწინა, ჰერას წინაშე თავისი მადლიერება რომ გამოეხატა, ჰიპოდამიამ 16 ქალი შეკრიბა და პირველი „ჰერაიდები“ გამართა.

არაბერძნებს, ანუ უცხოტომელებს (ბარბაროსებს) ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ, თუმცა ოლიმპიადების ისტორიიდან ცხადად ჩანს, რომ მოგვიანებით ამ წესს უკვე აღარ იცავდნენ. როგორც მაკედონიელები, ისე რომის იმპერიის მკვიდრნი თამაშებში ერთვებოდნენ და იმარჯვებდნენ კიდეც. შეჯიბრებაში თვით რომის იმპერატორებიც კი გამოდოდნენ. ასე მაგალითად, ოლიმპიონიკად გამოცხადდა რომის იმპერატორი ნერონი, რომელმაც „გაიმარჯვა“ 10 ცხენით შებმული ეტლით უკონკურენტო რბოლაში, რადგან მასთან გაჯიბრება ვერავინ გაბედა. ნერონი გამარჯვებულად გამოაცხადეს, არადა, სინამდვილეში, მისი ეტლი მოსახვევში გადაბრუნდა და ფინიშამდე ვერც კი მიაღწია.

ანტიკური ოლიმპიური თამაშების პროგრამა და ოლიმპიური ჩემპიონები

წარწერის ტექსტი

თავდაპირველად ოლიმპიური თამაშები მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იმართებოდა - მხოლოდ სირბილში - მაგრამ შემდგომ ის ხუთ დღემდე გაიზარდა.

პირველ დღეს იმართებოდა დღესასწაულის საზეიმო გახსნა. სტადიონზე ელანოდიკები წარადგენდნენ მონაწილეებს. შემდეგ ყველანი გადადიოდნენ ალტისში, სადაც მსხვერპლშეწირვის რიტუალს ატარებდნენ, ათლეტები და მსაჯები კი დებდნენ ფიცს, რომ პატიოსნად იბრძოლებდნენ და პატიოსნად განსჯიდნენ ასპარეზობას. იმავე დღეს იმართებოდა კენჭისყრა, ყალიბდებოდა ორთაბრძოლების წყვილები, ღამით კი - ანთებული ჩირაღდნებით - მსვლელობა. მეორე დღეს იმართებოდა ჭაბუკების შეჯიბრებანი სირბილში, ჭიდაობაში, კრივსა და ცხენოსნობაში. მესამე დღეს ტარდებოდა ძირითადი ასპარეზობები - პროგრამის სხვადასხვა სახეობაში, რომლებზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. გამოდიოდნენ ზრდასრული ათლეტები. მეოთხე დღეს სტადიონზე იმართებოდა შეჯიბრება პენტატლონში, იპოდრომზე კი - რბოლა ეტლებით და დოღი.

ოლიმპიური თამაშები სრულდებოდა ჰოპლიტოდრომით - შეიარაღებული ათლეტების სირბილით. მეხუთე დღე ეთმობოდა გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოებას, ლხინსა და თამაშების დახურვას.

ახლა კონკრეტულად მიმოვიხილოთ, თუ რომელ სახეობებში ტარდებოდა ასპარეზობანი. დიდი ხნის განმავლობაში, ერთადერთი შეჯიბრება სირბილში იმართებოდა. თავიდან ის ერთ სტადიაზე, 192,27 მეტრზე ტარდებოდა და სტადიოდრომი ერქვა. ძვ.წ. 724 წლიდან, ანუ მე-14 ოლიმპიადიდან, თამაშების პროგრამაში შეიტანეს სირბილი ორ სტადიაზე, ანუ 384,54 მეტრზე. ათლეტები სტადიონს გაირბენდნენ, ტრიალდებოდნენ და დისტანციას სტარტის ადგილას ამთავრებდნენ. მას დიაულოსი ეწოდებოდა.

ძვ.ვ. 720 წლიდან, ანუ მე-15 ოლიმპიადიდან, თამაშების პროგრამაში შეიტანეს სირბილის კიდევ ერთი სახეობა - დოლიხოდრომი. მისი დისტანციის სიგრძე სხვადასხვა დროს 7 სტადიიდან 24 სტადიამდე მერყეობდა (დაახლოებით 1300 მეტრიდან 5 კილომეტრამდე). და ბოლოს, 520 წელს, ანუ 65-ე ოლიმპიადაზე, პროგრამაში შეიტანეს ჰოპლიტოდრომი - შეიარაღებული ათლეტების სირბილი 2 სტადიაზე. ჰოპლიტი ბერძნული ლაშქრის მეომარი იყო, რომლის აღჭურვილობას შეადგენდა მრგვალი ფარი, მახვილი, შუბი, მუზარადი, აბჯარი და საბარკულები. თავიდან მეტოქენი დისტანციაზე სრულად შეიარაღებულნი გამოდიოდნენ, მაგრამ შემდეგ მორბენლებს მხოლოდ ფარი, საბარკულები და მუზარადი ჰქონდათ.

ზოგიერთი გამოჩენილი მორბენალი რამდენიმე დისტანციაში გამოდიოდა და თუკი მათგან სამში გაიმარჯვებდა (უფრო ხშირად ეს იყო ხოლმე სტადიოდრომი, დიაულოსი და ჰოპლიტოდრომი), იგი იღებდა საპატიო წოდებას - „ტრიასტესი“ - ანუ სამგზის გამარჯვებული.

დოლიხოდრომში პირველმა გაიმარჯვა სპარტელმა აკანტოსმა ძვ.წ. 720 წელს. შესანიშნავი მორბენალი იყო ასტილოსი კროტონიდან. მან 8-ჯერ გაიმარჯვა სხვადასხვა დისტანციაზე 4 ოლიმპიურ თამაშებზე - ძვ.წ. 488 წლიდან 476 წლამდე.

სტადიოდრომში 2 ოლიმპიადაზე - ძვ.წ. 300 წელს და 296 წელს - გაიმარჯვა პითაგორამ მაგნესიიდან (ცნობილი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის მოსახელემ). ერმოგენემ ქსანფიდან 8-ჯერ გაიმარჯვა სტადიოდრომში, დიაულოსში და ჰოპლიტოდრომში 3 ოლიმპიადაზე. მაგრამ ყველაზე გამოჩენილი მორბენალი იყო ლეონიდე როდოსიდან, რომელმაც 12-ჯერ გაიმარჯვა სხვადასხვა დისტანციაზე 4 ოლიმპიადაზე - ძვ.წ. 196 წლიდან.

გრძელ დისტანციაზე ცნობილი მორბენალი იყო ლალასი სპარტიდან, რომლის სიცოცხლე ნაადრევად შეწყდა. მან რთული გამარჯვება მოიპოვა დოლიხოდრომში ძვ.წ. 440 წელს, ანუ 85-ე ოლიმპიადაზე, მაგრამ დაძაბულობას ვეღარ გაუძლო და გული გაუსკდა. მისი ხსოვნის აღსანიშნავად გამოჩენილმა მოქანდაკე მირონმა შექმნა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი - „გამარჯვებული“.

გალეტრა. ოლიმპია, არქეოლოგიური მუზეუმი

სირბილი ასევე შედიოდა პენტატლონის (ხუთჭიდის) პროგრამაში, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე პირველად ძვ.წ. 708 წელს გამოჩნდა. შეჯიბრება იწყებოდა სტადიოდრომით, მერე მოსდევდა სიგრძეზე ხტომა, ბადროს და შუბის ტყორცნა და ჭიდაობა. გამარჯვებულად ცხადდებოდა ის ათლეტი, ვინც ხუთიდან სამ სახეობას მოიგებდა, მაგრამ აუცილებლად უნდა გაემარჯვა ჭიდაობაში. თუ ამას ვერცერთი მონაწილე ვერ მოახერხებდა, გამარჯვებულად ის ცხადდებოდა, ვისაც ხუთივე სახეობის მიხედვით უკეთესი შედეგები აღმოაჩნდებოდა. ხუთჭიდში პირველი გამარჯვებული იყო ლამპისი სპარტიდან. მისმა თანამემამულემ, სპარტელმა ფილომბროტმა პენტატლონი 3 ოლიმპიადაზე მოიგო - ძვ.წ. 676 წლიდან 668 წლამდე.

პენტატლონის მეორე სახებაში - სიგრძეში ხტომაში ასპარეზობისას ათლეტებს ხელში ჰანტელები (გალეტრა) ეჭირათ. ჰანტელები ქვის ან ლითონისა იყო, წონით - 1,5 კილოგრამიდან 4,5 კილოგრამამდე. ბერძნებს მიაჩნდათ, რომ ჰანტელები უფრო შორს გადახტომაში ეხმარებოდათ. ახტომისას ხელებს წინ გაიშვერდნენ, ქვიშის ორმოში დახტომისას კი მკვეთრად სწევდნენ უკან და ჰანტელებს აგდებდნენ, ადგილზე რომ გაჩერებულიყვნენ. ახტომის და დახტომის ადგილს მიწაზე გავლებული ხაზებით აღნიშნავდნენ. მხტომელთა შეჯიბრება ფლეიტის თანხლებით ხდებოდა.

მემატიანეები მოგვითხრობენ მხტომელთა შედეგებზე, რომელთა დაჯერება, ცოტა არ იყოს, ძნელია. ასე მაგალითად, ეხიონმა სპარტიდან 52 ტერფის ტოლი მანძილი დაფარაო, რაც, თანამედროვე გამოთვლებით, 16,66 მეტრს უნდა უდრიდეს. ხოლო ფაილმა კროტონიდან სულაც 55 ტერფის ტოლი მანძილი გაიფრინაო - ანუ 17,62 მეტრი. თანამედროვე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მატიანეებში მოყვანილი ცნობები ერთ ნახტომს კი არ უნდა აღნიშნავდეს, არამედ - ათლეტის ორი ან სამი ნახტომის ჯამს, რომელიც ცხადდებოდა, როგორც საბოლოო შედეგი.

წარწერის ტექსტი

პენტატლონის მესამე სახეობა ბადროს ტყორცნა იყო. თავიდან ის ქვისგან მზადდებოდა, მოგვიანებით - ბრინჯაოსგან. აღმოჩენილი ბადროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი წონა 1,35 კგ-დან 4,75 კგ-მდე მერყეობდა, დიამეტრი კი - 17 სმდან 21 სმ-მდე. ბადროს მომცრო, შემაღლებული ბაქნიდან სტყორცნიდნენ, რომელსაც პოდესტბალბისი ერქვა. ტყორცნის ტექნიკა თავისებური იყო - დისკობოლი თავისი ღერძის გარშემო ტრიალდებოდა, ბადრო მარცხენა ხელიდან მარჯვენაში გადაჰქონდა, ხელს რამდენჯერმე აიქნევდა, სხეულს მარჯვნივ ხრიდა, მარცხენა ხელს მარჯვენა მუხლს მიაბჯენდა და ბადროს უშვებდა წინ და ქვევიდან ზევით. ბადრო მიწისკენ კიდით მიფრინავდა. ბადროს მტყორცნელის სასტარტო პოზიცია შესანიშნავად ასახა გამოჩენილმა მოქანდაკემ მირონმა თავის ცნობილ ნამუშევარში „დისკობოლი“.

პენტატლონის მეოთხე სახეობაში - შუბის ტყორცნაში შეჯიბრებისას ათლეტები მსუბუქ შუბს იყენებდნენ - 1 კგ-მდე წონისა და ადამიანის სიმაღლისა. შუბს ლითონის ბუნიკი ჰქონდა. სხვადასხვა ცნობით, შუბს მიზანში სტყორცნიდნენ, ანდა - სიშორეზე. შუბს ტყავის სალტე ჰქონდა შემოხვეული, რაც ტყორცნისას შუბს მბრუნავ მოძრაობას ანიჭებდა, რაც, ბერძნების აზრით, ფრენის სიშორეს და სიზუსტეს ზრდიდა.

ჭიდაობას ოლიმპიურ თამაშებზე განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. ძვ.წ. 708 წლიდან, ანუ მე-18 ოლიმპიადიდან, ის პენტატლონის დასკვნითი სახეობაც გახდა და პროგრამის ცალკე სახეობაც. ძირითადად ჭიდაობდნენ ჩოქბჯენში. დაშვებული იყო ხელისა და კისრის დაჭერა, მეტოქის ჰაერში აგდება, მოცელვა. წონითი კატეგორიები არ არსებობდა. ორთაბრძოლა გრძელდებოდა მანამ, სანამ რომელიმე მოჭიდავე მეტოქეს მიწაზე სამჯერ არ დააგდებდა. ერთდროული ვარდნა არ ითვლებოდა. თუ „სუფთად“ ვერავინ იგებდა, შეხვედრა გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ-ერთი მეტოქე ხელის აწევით არ დანებდებოდა.

პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში, ძვ.წ. 708 წელს, გახდა ევრიპატოსი სპარტიდან. მოჭიდავეთა შორის ყველაზე სახელგანთქმული იყო მილონი კროტონიდან. ძვ.წ 540 წელს, 14 წლის ასაკში, მან მოიგო ჭაბუკთა შეჯიბრება, ხოლო ზრდასრულ ასაკში კიდევ ხუთჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი - ძვ.წ. 532 წლიდან ძვ.წ. 516 წლამდე - ანუ 24 წლის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო. მხოლოდ 40 წლის ასაკში, ძვ.წ. 512 წელს, ანუ 67-ე ოლიმპიადაზე დაუთმო გამარჯვება თანაქალაქელ ტიმასითუსს. მილონის ფიზიკურ ძალაზე ლეგენდები დადიოდა. გადმოცემით, მან სამსხვერპლო ხარი მხრებზე შეიგდო და ასე შემოურბინა სტადიონს.

ძვ.წ. 688 წლიდან, ანუ 23-ე ოლიმპიადიდან, თამაშების პროგრამაში გამოჩნდა კრივი. თავიდან შიშველი ხელებით იბრძოდნენ, შემდეგ ხელებზე ტყავის სალტეების შემოხვევა დაიწყეს, რაც ხელებს დაზიანებისგან იცავდა და თან დარტყმის ძალასაც ზრდიდა. ორთაბრძოლა დროში შეზღუდული არ იყო, გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ-ერთი მეტოქე არ დანებდებოდა. შეხვედრა ზოგჯერ საათობით გრძელდებოდა, რადგან დანებება დიდ სირცხვილად ითვლებოდა. ბრძოლები ალტისში, ზევსის საკურთხეველთან იმართებოდა ფლეიტის ჰანგების თანხლებით.

პირველი ოლიმპიური ჩემპიონი იყო ონომასტოსი სმირნიდან. ყველაზე სახელოვანი მოკრივე ყოფილა დიაგორე როდოსიდან, რომელმაც გაიმარჯვა ძვ.წ. 464 წელს, 79-ე ოლიმპიადაზე. მას დინასტიაც კი დაუარსებია: მისი სამი შვილი და ორი შვილიშვილი ასევე ჩემპიონები გამხდარან. დიაგორეს გამარჯვებიდან 16 წლის შემდეგ, ძვ.წ. 448 წელს, მისი ორი ვაჟი ერთდროულად გამხდარა ოლიმპიონიკი: აკუსილაოსი - კრივში, დამაგეტი - პანკრატიონში. დაჯილდოების შემდეგ შვილებმა მამასთან მიირბინეს, თავისი გვირგვინები ჭაღარა თავზე დაადეს, ხელში აიყვანეს და სტადიონს შემოატარეს. ერთ-ერთმა მაყურებელმა შესძახა: „რაღას ელი ცხოვრებისგან, დიაგორე?“ გადმოცემის თანახმად, დიაგორეს გულმა სიხარულს თურმე ვეღარ გაუძლო - ბედნიერებისგან გარდაიცვალა.

ძვ.წ. 648 წლიდან, ანუ 33-ე ოლიმპიადიდან, თამაშების პროგრამაში გამოჩნდა პანკრატიონი - კრივისა და ჭიდაობის ერთგვარი ნაზავი, რომელიც წააგავდა თანამედროვე „ბრძოლას წესების გარეშე“ და ყველაზე სასტიკი სახეობა იყო ანტიკურ ოლიმპიურ თამაშებზე. დაშვებული იყო სხვადსხვანაირი გდება, ფეხით დარტყმა, მოხრჩობა. ორთაბრძოლა, ისევე როგორც კრივში, გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ-ერთი მეტოქე არ დანებდებოდა ან არ მოკვდებოდა. ძველ ბერძნებს პანკრატიონი ორთაბრძოლის ყველაზე ლამაზ და ვაჟკაცურ სახეობად მიაჩნდათ, რომელიც, პინდარეს თქმით, ათლეტისგან „ლომის ძალას და მელიის ეშმაკობას“ მოითხოვდა.

პანკრატიონში პირველი გამარჯვებული ყოფილა ლიგდამი სირაკუზიდან - ძვ.წ. 648 წელს. ცნობილი პანკრატიონისტი გახლდათ არაჰიონი ფიგალიიდან, რომელმაც მოიგო ძვ.წ. 572 და 568 წლების ოლიმპიადები, ხოლო შემდეგზე - ძვ.წ. 564 წელს - ბოლომდე იბრძოლა, არ დანებდა და სული განუტევა. გადმოცემით, გამარჯვება მას სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს.

სახელგანთქმული მებრძოლი იყო თეაგენი თასოსიდან, რომელმაც ძვ.წ. 480 და 476 წლებში მოიგო ოლიმპიადები და არაერთხელ გაიმარჯვა სხვა პანელინურ შეჯიბრებებზე. ელინებმა მას „ჰერაკლეს ვაჟი“ შეარქვეს.

მეტად ცნობილი და პოპულარული იყო პოლიდამე სკოტუზიდან, რომელმაც ძვ.წ. 408 წელს, ანუ 93-ე ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე ლეგენდები დადიოდა. ყვებოდნენ, რომ ძალას ხარებთან ჭიდილში ივარჯიშებდა, ერთხელ კი შიშველი ხელებით დაარხჩო ლომი. პოლიდამე ნამდვილი გმირივით დაღუპულა - თურმე უეცრად გროტის ჭერი ჩამოინგრა, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მან მოასწრო და ჩამონგრეულ ჭერს მხარი შეუდგა, დრო მისცა მეგობრებს, თავი რომ გადაერჩინათ, გროტიდან გაეღწიათ, თვითონ კი ნანგრევებში ცოცხლად ჩაიმარხა.

ძვ.წ. 680 წლიდან, ანუ 25-ე ოლიმპიადიდან, თამაშების პროგრამაში გამოჩნდა ეტლების რბოლა, ძვ.წ. 648 წლიდან, ანუ 33-ე ოლიმპიადიდან კი - დოღი, ანუ მხედრების რბოლა.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლოდა ეტლების რბოლა. ეტლში 4 ცხენი იყო შებმული, რომელსაც, საერთო ჯამში, 12 წრე უნდა გაეკეთებინა, რაც დაახლოებით 72 სტადიას (13,84 კილომეტრს) შეადგენდა. დისტანციის გავლისას 23-ჯერ უწევდათ მოხვევა, რაც ყველაზე რთული და სახიფათო მომენტი იყო, რადგან ეტლები ხშირად ერთმანეთს ეტაკებოდნენ და ყირავდებოდნენ, რასაც ზოგჯერ მეეტლის დაღუპვა მოსდევდა. მეეტლის ოსტატობა ძალზე ბევრს ნიშნავდა, მაგრამ გამარჯვებულად ეტლის მფლობელი ცხადდებოდა. ყველაზე სახელოვანნი იყვნენ ევაგორე სპარტიდან და კიმონი ათენიდან, რომელთა ეტლებმა სამ-სამ ოლიმპიადაზე იმარჯვეს.

არანაკლებ ოსტატობას მოითხოვდა დოღი - ცხენს არც უნაგირი ჰქონდა და არც უზანგები. მისი მართვა მხოლოდ აღვირით ხდებოდა. დოღის დისტანცია ერთ წრეს, კილომეტრზე ცოტა მეტს შეადგენდა.

საინტერესოა, რომ ძვ.წ. 444 წლიდან, ანუ 84 ოლიმპიადიდან, შემოიღეს ხელოვნების კონკურსები - ჰეროლდებისა და მესაყვირეების. ზუსტად როგორ იმართებოდა ეს შეჯიბრებანი, ჩვენთვის უცნობია.

ოლიმპიადის პროგრამის ყველა სახეობაში გამარჯვებული ათლეტი ჯილდოდ ზეთისხილის გვირგვინს იღებდა, რაც ყველანაირ ოქროს მედალს აღემატებოდა, რადგან იგი უმაღლესი ღმერთის, ზევსის რჩეულად ცხადდებოდა, მშობლიურ პოლისში კი მას ნამდვილ ტრიუმფს უწყობდნენ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები