საული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავითი და საული, იულიუს კრონბერგი

საული - (სიტყვა-სიტყვით უფლის ნაწყალობევი). ისრაელის პირველი მეფე სავარაუდოდ ძვ.წ. 1029–1005 წლებში, გვარით ბენიამინის ტომიდან, კიშის ძე, ქალაქ გიბე-დან, რომელიც მისი მეფობისას ისრაელის დედაქალაქი იყო.

საულის გამეფების მიზეზი ისრაელში ტრადიციული მსაჯულთა მმართველობის მკვეთრი დასუსტება გახდა. მსაჯულთა მართული ისრაელი წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა ისეთ ძლიერ ტომთა გაერთიანებას, როგორიც იყო ფილისტიმელები (ზღვის ხალხების ტომი ფელესეტები, რომელთაც ებრაელებმა ფილისტიმელები უწოდეს).

ბიბლიის მიხედვით ფილისტიმელებისგან, ამონიტელებისგან და სხვა მტრებისგან შევიწროებულმა ებრაელებმა მოისურვეს ღირსეული და ძლიერი მეფე ჰყოლოდათ, რომელიც მტერს განდევნიდა და ერს ააღორძინებდა. უფლის ნებით ისრაელის უკანასკნელმა მსაჯულმა, სამუელმა მეფედ სცხო საულ კიშის ძეს, ბენიამინის ტომიდან. საული ჭკვიანი, ძლიერი და მამაცი კაცი იყო, მან მეფობა წარმატებულად დაიწყო და ისრაელის მტრები, ამონიტელები დაამარცხა, რომლებიც ბენიამინის ტომის ერთ-ერთი შტოს დამორჩილებას ცდილობდნენ.

მთელი თავისი მეფობის განმავლობაში საული ომებს აწარმოებდა მეზობელ ხალხებთან: ამონიტელებთან, მოაბელებთან, ედომელებთან, ამალეკებთან და ფილისტიმელებთან. ამან ხელი შეუწყო ისრაელის მილიტარიზაციას.

მეფე საულის დროს არ განხორციელებულა რაიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ცვლილებები გარდა იმისა, რომ მსაჯულები მეფეებმა შეცვალეს. სახელმწიფო თანამდებობებზე მეფემ მხოლოდ თავისი ნათესავები დანიშნა. მისი ვაჟი იონათანი ერთ-ერთი მთავარსარდალი იყო, აბნერი ასევე საულის ნათესავი მთელ სამეფო არმიას მეთაურობდა. სხვა ყველა თანამდებობაც ბენიამინის ტომის ებრაელებს ეკავათ, რომელთაც საული მიწის დიდ ნაკვეთებს და ვენახებს ჩუქნიდა. საულის მეფობისას ჯერ ისევ ტომობრივი ორგანიზაცია იყო და მეფეს ისრაელის ყველა ტომის მმართველის ტიტული ჰქონდა. მონარქია არ იყო ისეთი მყარი, როგორიც ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.

საულმა ერთი სიახლე შეიტანა სამხედრო საქმეში და რეგულარული ჯარის ნაწილი შექმნა 3000 მეომრით. დანარჩენი არმია ისევ არაპროფესიონალი მოხალისეებით იკრიბებოდა. ჯარის ეს მასა მეფის ბრძანების მიხედვით მოქმედებდა.

მეფეთა წიგნის მიხედვით ისრაელის უკანასკნელი მსაჯული, სამუელი, საულს გულმხურვალედ უჭერდა მხარს ყველა საქმეში, მაგრამ ერთხელ, როდესაც მეფემ უფალს მსხვერპლი სამუელის გარეშე შესწირა ფილისტიმელებთან ომის წინ. ამის გამო სამუელმა შერისხა საული და უწინასწარმეტყველა, რომ მისი მეფობა არ იქნება გრძელი და მას სხვა მეფე შეცვლდა. სამუელთან მეორე დაპირისპირება საულს მაშინ მოუვიდა, როდესაც უფლის ნებით მან მთლიანად არ ამოწყვიტა ამალეკები და მათი მხოლოდ დარბევითადა გაძარცვით დაკმაყოფილდა.

ბიბლიური ტექსტი მოგვითხრობს, რომ სამუელმა უფლის ნებით ისრაელის ახალ მეფედ სცხო დავითს, იესეს ძეს იუდას ტომიდან. დავითი საულის კარზე მსახურობდა მუსიკოსად. ის მეფისათვის სიმღერებს თხზავდა და შემდეგ მის გასართობად უკრავდა. საულს მოსწონდა დავითის დაკვრა და ხშირად უსმენდა მას. დავითი ნელ-ნელა პოპულარობას იხვეჭდა ხალხში. ამან პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც მან ორთაბრძოლაში ფილისტიმელთა ფალავანი, გოლიათი დაამარცხა. დავითმა ცოლად მოიყვანა საულის ქალიშვილი მელქოლა, თუმცა მალე სიმამრი სიძეს დანასისხლად გადაეკიდა. დავითი გაიქცა და რამდენიმე წლის განმავლობაში ემალებოდა მეფეს. დავითის გულითად მეგობრად დარჩა იონათანი, საულის ვაჟი.

განდევნილი დავითის შეპყრობის საქმეზე დაკავებულ მეფე საული ამავდროულად აგრძელებდა ფილისტიმელებთან ომს. ფილისტიმელებმა დიდი ძალები შეკრიბეს და ისრაელში შეიჭრნენ. საულმაც თავისი ჯარით გილბოას (გილბოაყის) მთასთან დასცა ბანაკი. გილბოას მთაზე სასტიკი ბრძოლა გაიმართა (გილბოას ბრძოლა). საული დამარცხდა და თავის ვაჟებთან: იონათანთან, აბინადაბთან და მალქიშუასთან ერთად დაიღუპა. მეფემ არ ისურვა მტრის ხელით სიკვდილიდა საკუთარ მახვილზე წამოეგო. ფილისტიმელებმა იპოვეს საულის სხეული, ბეთ-შანში წაიღეს და კედელზე გააკრეს, ხოლო იარაღი ქალღმერთ ასტარტეს ტაძარს შესწირეს. ერთ-ერთი ქალაქის მცხოვრებლებმა, რომლებიც მადლიერები იყვნენ საულისა, მეფის ცხედარი წაიღეს და დამარხეს. მოგვიანებით მისი ძვლები მამამისის საფლავთან გადაიტანეს.

საულის სიკვდილის შემდეგ ისრაელის სამეფოში არეულობა დაიწყო და ამაში საულის სარდალმა, აბნერმა დიდი როლი შეასრულა. მან ისრაელში საულის ვაჟი იებოშვთი გაამეფა. იუდეის ტახტზე საულის სიკვდილის შემდეგ დაბრუნებული დავით იესეს ძე დაჯდა. მალე იეიბოშეთი და აბნერი დაიხოცნენ და დავითი ისრაელ-იუდეის გაერთიანებული სამეფოს ხელმწიფე გახდა.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები