მუზარადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუზარადი

მუზარადი - (ფრანგული - casque), თავდასაცავი საჭურველის სახეობა. გამოიყენებოდა ბრძოლის დროს თავდაცვის მიზნით. საბრძოლო მუზარადი ცნობილია უძველესი დროიდან. ამზადებდნენ ხისაგან, არყის ხის ქერქისაგან, წნელებისა და ტყავისაგან.

უძველესი ლითონის მუზარადი (სპილენძის და ოქროსი) მესოპოტამიაშია აღმოჩენილი (ძვ.წ. III ათასწლეული). ბრინჯაოს მუზარადები ფართოდ გავრცელდა ძვ.წ. II-I ათასწლეულიდან. შუა საუკუნეებში მუზარადი ძირითადად რკინის და ფოლადისაგან მზადდებოდა.

მუზარადი

ძველ საქართველოში, წერილობითი წყაროების ცნობებით, იხმარებოდა ხის, ტყავისა და სპილენძის მუზარადები. არქეოლოგიური მასალის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს მუზარადები, ხოლო გვიან საუკუნეებში მას რკინისა და ფოლადისაგან დამზადებული მუზარადები ცვლის. შუა საუკუნეების საუკეთესო ქართული მუზარადები საქართველოდან ევროპაში გაიტანეს მუზეუმის უცხოელმა თანამშრომლებმა. გვიანფეოდალური ხანის ქართული საბრძოლო თავსაბურავები ძირითადად ოთხი სახისაა-ჩაჩქანი (ჯამის ფორმის), კვერცხისებური მუზარადი, ფაფანაკის ფორმის და ჩაბალახი. ქართული მუზარადები დამზადებულია ფოლადისაგან, კვერცხისებური თავსაბურავი ბოლოსკენ წაწვეტებულია და მთლიანობაში ძაბრისებულ ფორმას ღებულობს, წვერი უმეტეს შემთხვევაში ოთხწახნაგა შუბისპირით ბოლოვდება. ზედაპირზე უმეტესად გამოსახულია სხვადასხვა ორნამენტები და ვარდულები. მუზარადს წინა მხარეს აქვს საცხვირე (ცხვირის დასაცავი), რომელიც საჭირო მდგომარეობაში ხრახნის საშუალებითაა მიმაგრებული. მუზარადზე უკანა მხარეს, ყურებისა და კისრის დასაცავად, გარშემო დამაგრებულია ჯაჭვის მჭიდროდ ნაქსოვი ბადე (ზარადი). მუზარადს შიგნიდან გამოკრული ჰქონდა ნაბადი, ვინაიდან შიშვლად რკინის დაფარების შემთხვევაში, შესაძლოა მოწინააღმდეგის დარტყმა მებრძოლისათვის სავალალო შედეგით დამთავრებულიყო. მეომრები სვამდნენ გამარჯვების სადღეგრძელოს დამარცხებულთა მუზარადით.

ხშირად მტრის მუზარადი ეკლესიისათვის შეუწირათ. მუზარადი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მას საბოძვრად, საჩუქრადაც გამოიყენებდნენ (იხ. აბჯარი). გარდა ამისა, საქართველოში წარჩინებული ვაჟკაცი იარაღის ხარისხითაც ფასდებოდა, „მანუჩარმა... ოქროიანი მუზარადი თავს დაირქვა“ ან „ლიპარიტის... ოქროთ მოჭედილსა ფარსა მისგან და მუზარადისა მიერ სხივნი სცვიოდენ ვითარცა მზისა მიერ“ და სხვ.

ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში, ხალხურ პოეზიასა და წერილობით წყაროებში უფრო ნაკლებად გვხვდება ტერმინი „მუზარადი“. ქართველები მას უმეტესად „ჩაჩქანს“, ასევე „ჩაფხუტსა“ და „ჩაბალახს“ უწოდებენ. მაგ.: „ვახტანგ მეფესა შეექმნა ჩაბალახი ოქროსი“ ან „საჩქაროდ გადაიხურა ჩაჩქანი ზარადიანი“ და სხვ.


I და II მსოფლიო ომების პერიოდში ტყვიისა და ჭურვის ნამსხვრევებისაგან თავის დასაცავად ფართოდ იხმარებოდა ფოლადის მუზარადი. თანამედროვე არმიებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით შერეული მასალებისაგან დამზადებულ მუზარადებს.

ლიტერატურა

კ. ჩოლოყაშვილი, ქართული საჭურველი (ჩაჩქანი), სსმმ ტ XIX-A XX-B, 1957. მ.ქ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები