კენტავრები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პალასი და კენტავროსი.
ს. ბოტიჩელი (1480 წ.), ფლორენცია, უფიცას მუზეუმი

კენტავრები(ბერძნ.) მითოსური არსებები. ტყის დემონები. ნახევრად კაცნი, ნახევრად ცხენნი.

საყოველთაოდ გავრცელებული გადმოცემის თანახმად, კენტავრები იქსიონის და ნეფელეს ჩამომავლები იყვნენ. პირველი კენტავროსი მაშინ იშვა, როდესაც იქსიონმა ჰერას ცდუნება მოისურვა, რის გამოც განრისხებულმა ზევსმა მას ზეცის დიდი ქალბატონის სახით ღრუბელი (ნეფელე) შეუგზავნა თალამოსში.

თავდაპირველად კენტავრები თესალიაში ბინადრობდნენ ეტესა და პელიონის მთაზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ლაპითთა მეფეს, პირითოოს, ნაწილი გაანადგურეს ლაპითებმა, დარჩენილი ნაწილი კი გააძევეს ეპიროსის სამანებისაკენ. ცხენკაცები პინდოსზე დასახლდნენ. ზოგი მათგანი დიონისეს ეახლა და მის სამსახურში ჩადგა. თესალიაში მხოლოდ ერთი ბრძენი კენტავროსი – ქირონი დარჩა, რომელსაც ყველა დიდ პატივს მიაგებდა. მან მრავალი გმირი აღზარდა.

დამარცხებულმა კენტავრებმა მტრობა გულში ჩაიდეს, ბედს არ შეჰგუებიან და მცირე ხნის შემდეგ თავს დაესხნენ ლაპითებს, რომლებმაც ამჯერად ვეღარ მოახერხეს გამკლავებოდნენ მომხდურთ. კენტავრებმა მათი უმეტესობა ამოჟლიტეს. გადარჩენილებმა მთას შეაფარეს თავი, მაგრამ იქაც არ დააყენეს. ბოლოს ლაპითები მალეას კონცხზე გადაიხვეწნენ.

ძველ საბერძნეთში გავრცელებული იყო აგრეთვე ამბავი ჰერაკლესა და კენტავრთა ბრძოლაზე.

ყველაზე ცნობილ ცხენკაცთა შორის ასახელებენ ქირონს, ფოლოსს, ევრიტიონსა და ნესოსს. მათგან ქირონი სიბრძნეს განასხიერებდა, ფოლოსი – კეთილმოსურნეობას. ევრიტიონი და ნესოსი კი, მტრულად განწყობილი გმირები იყვნენ.

მითოსი კენტავრებზე რელიგიის განვითარების ტოტემურ საფეხურს უნდა ასახავდეს. შესაძლოა, ამბები ამ ცხენკაცებზე აღმოცენდა თესალიელთა იმ ტომის გავლენით, რომლის მამაკაცებიც თურმე მუდამ ცხენებზე იყვნენ ამხედრებულნი.

ცნობებს კენტავრებზე ვხვდებით ჰომეროსთან, სოფოკლესთან, ევრიპიდესთან, ოვიდიუსთან და სხვა ავტორებთან. ანტიკური ხანის მოქანდაკენი და მხატვრები მათ ხშირად წარმოსახავდნენ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები