ტინდარეოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტინდარეოსი(ბერძნ.) სპარტის მეფის, ოიბალოსის ძე, რომელიც ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით მისივე ძმამ გააძევა ქალაქიდან. ტინდარეოსმა თავშესაფარი სთხოვა ეტოლიის მეფეს, ფესტიოსს, რომელსაც მუდამ თან ახლდა ბრძოლათა ჟამს. მეფემ იგი თავის ქალიშვილ ლედაზე დააქორწინა. მოგვიანებით ტინდარეოსს სპარტის სამეფო სკიპტრა დაუბრუნა ჰერაკლემ.

ტინდარეოსისა და ლედას შვილები იყვნენ: კლიტემნესტრა, ელენე, კასტორი, პოლიდევკესი და სხვები. შედარებით გავრცელებული მითოსის თანახმად, ელენე და პოლიდევკესი ზევსისა და ლედას შვილებად ითვლებიან. როდესაც ელენეს ქორწინების დრო დადგა, ტინდარეოსმა, ოდისევსის რჩევით, ელენეს მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს ურთიერთდახმარების ფიცი დაადებინა. სწორედ ამ ფიცის ძალით წარიმართნენ ბერძენი მეფეები ტროაში საბრძოლველად (ტროას ომი). ბრძნული რჩევისათვის ტინდარეოსმა ოდისევსს თავისი ძმის შვილი, მშვენიერი პენელოპე შერთო ცოლად.

ერთ-ერთი მითოსის თანახმად, ტინდარეოსმა განარისხა აფროდიტე იმით, რომ დაავიწყდა მისთვის მსხვერპლის შეწირვა. ქალღმერთმა დასაჯა მეფე შვილთა უბედურებით: ელენესა და კლიტემნესტრას ქორწინებანი ავბედითი გამოდგა. დაიღუპნენ კასტორიცა და პოლიდევკესიც. ამის შემდეგ ტინდარეოსმა თავისი სამეფო სკიპტრა მენელაოსს გადაულოცა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები