ილარიონ ქართველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ილარიონ ქართველი - IX ს. სასულიერო მოღვაწე, მონასტერთ-მაშენებელი, მონასტრის წესისა და კანონის დამდები.

დაიბადა კახეთში, დიდგვაროვან ოჯახში. ილარიონ ქართველის ქტიტორულ მოღვაწეობას უკავშირდება სამი ძეგლი: ფერისცვალების ეკლესია დავითგარეჯის ლავრაში, ე. წ. ილარიონ ქართველის ფილიალი იმავე ლავრაში და აკურის მამადავითის დედათა მონასტერი. ილარიონ ქართველმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. კახეთში დედათა და მამათა მონასტრების აშენების შემდეგ მოიარა პალესტინა (იერუსალიმი, თაბორი, გოლგოთა, ბეთლემი, იორდანიის უდაბნო, საბაწმიდის ლავრა). შემდეგ მოღვაწეობდა ბითვინიის ოლიმპზე (მცირე აზია), მოიარა რომი, კონსტანტინოპოლი, თესალონიკე, სადაც მას თაყვანისცემის ნიშნად ეკლესია აუშენეს. გარდაიცვალა თესალონიკეში. მისი ნეშტი დაკრძალულია რომანას ქართველთა მონასტერში. მის სახელზე შექმნილია ჰაგიოგრაფიული, ჰიმნოგრაფიული თხზულებები და იკონოგრაფიის ნიმუშები. გარდაცვალების დღე (19 ნოემბერი) შეტანილია როგორც დღესასწაული ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნში (№558, 1074); ილარიონ ქართველი ახალი ტრადიციის წინამორბედია: IX ს. საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის გაცხოველების ხანაა. ილარიონ ქართველის მისია და მოღვაწეობა ბიზანტიური ორიენტაციისა და ბიზანტიაში ქართველთა კოლონიზაციის დასაწყისის მაუწყებელია.

მ. დოლაქიძე


ლიტერატურა

  • კეკელიძე კ., ნაწყვეტი ქართული აგიოგრაფიის ისტორიიდან. – იხ. მისი: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, IV, თბ., I957;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II, თბ. 1967; III, თბ., 1971;
  • დოლაქიძე მ. „ილარიონ ქართველის ცხოვრების" ძველი რედაქციები, თბ., 1974;
  • მენაბდე ლ. ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., 1992;
  • მეტრეველი ე. ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ., 1998.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები