ირაჩთირხანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ირაჩთირხან-ი (ბალყ.-ყარაჩ. Ырачтырхан)ჩოფა-ხარსის პირველი შემქნელი. თქმულებათა თანახმად, უხსოვარ დროში ყარაჩეთს ყვითელი ობობები შემოესივნენ და ჯერ მცენარეულობისა და ცხოველების, შემდეგ კი ადამიანების განადგურებას შეუდგნენ. მოსახლეობის ნაწილმა, მოძალადეთაგან თავის დაღწევის მიზნით, ბინა მიწისქვეშა აკლდამებში დაიდო, დანარჩენებმა მამაცი ქალის, ელმჲუსხან-ბიჲჩეს, მეთაურობით მეზობელი ქვეყნის მოხუც მმართველთან – ირაჩთირხანთან – გასწიეს, თავიანთი გასაჭირი უამბეს და თავშესაფარი ითხოვეს. მმართველმა შეისმინა მოსულთა თხოვნა და მათ თავის ქვეყანაში მიწა მისცა, მაგრამ ისეთივე ბეგარა დააკისრა, როგორსაც ადგილობრივი მოსახლეობა იხდიდა. რაც შეეხება ყვითელ ობობებს, ირაჩთირხანმა მათი განადგურების პირობა დადო. ერთხელ დილაუთენია ამდგარი ირაჩთირხანი თჲუიურლუქის სალოცავში შევიდა, სადაც უზარმაზარ ბორბალზე ჩოფას ფეხსაცმელი, კუნელის ჯოხი – გიზდოხ-თაჲაყი („სუჲუბ თერექლე“) და პატარა თუნგი იდო; აიღო ისინი, მარჯვენა ფეხზე ჩოფას ფეხსაცმელი ჩაიცვა და მინგი-თაუს (იალბუზის) მთისკენ გასწია, სადაც წმინდა წყალი ეგულებოდა. ამ წყლის დალევით ადამიანი უკვდავი და ავსულთაგან დაუძლეველი ხდებოდა. მაგრამ უკვდავების წყაროსთან მისვლა, გარდა მისი მცველი ყორნისა, არავის შეეძლო. ირაჩთირხანმა მინგი-თაუს მწვერვალამდე მე-12 დღეს მიაღწია, მაგრამ უეცრად მყინვარიდან საშინელი სტვენით საკვირველი სიდიდის ყორანი ამოფრინდა. მისი უზარმაზარი ფრთები მთის მწვერვალს სიბნელით ფარავდა; მხოლოდ მოხუცის ჯოხი ანათებდა ირგვლივ ყოველივეს. ყორანმა ირაჩთირხანს ჯოხი მესამე ცდაზე გამოსტაცა, მაგრამ ეს უკანასკნელი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მან გიზდოხ-თაჲაყის მიწისქვეშეთში ჩატანა ვერ შეძლო და ფრინველი ჯოხთან ერთად მწვერვალიდან დაგორდა. კლდეთა წვერებთან შეჯახება ყორანისთვის ისე მტკივნეული აღმოჩნდა, რომ მას პირღებინება დაეწყო. ეს რწყევა ისე ძლიერი იყო, რომ გიზდოხ-თაჲაყს ქვედა ნაწილი გაძვრა, ხოლო მისი სიმყრალისგან ყველა ყვითელსისხლა ობობა გაწყდა. ჯოხის შუაგულიდან დახვეული გველი, დანა და კოვზი გადმოვარდა და გიზდოხ-თაჲაყის მეორე ნაწილთან ერთად მიწაზე დავარდა. ირაჩთირხანმა თუნგი უკვდავების წყლით აავსო და ძირს დაეშვა, გზად დანა, კოვზი, ყორნის ფრთას მიწებებული ჯოხი და ზედ დახვეული გველი იპოვა. მოხუცმა გველს უკვდავების წყალი დაასხა და იგი მიწაში ჩაძვრა; უკან რომ არ ამომძვრალიყო, ირაჩთირხანმა ხვრელში ჯოხი ჩაარჭო. მეორე დღეს იმავე ადგილზე დაბრუნებულს საოცარი სურათი დახვდა: ჯოხისა და ხვრელის ადგილზე ლურჯი ქვა იდო, მასზე კი ნახევრად შიშველი ბიჭი იჯდა და ხელში გველის ტყავში გახვეული კოვზი და დანა ეკავა. ირაჩთირხანმა დანის, კოვზისა და გველის ტყავისგან ჩოფა-ხარსი გააკეთა.


ლიტერატურა

Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები