კიდურყვავილოვანი დამწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკორწმინდის სამხრეთ ფრონტონზე გამოსახული მეორედ მოსვლის კომპოზიციის განმარტებითი წარწერა

კიდურყვავილოვანი დამწერლობაქართული ასომთავრული დამწერლობის ერთ-ერთი დეკორატიული სახეობა. კიდურყვავილოვანი დამწერლობის ასოთა კიდურებში, ზოგჯერ ასოს ტანის სხვა ადგილას, ასევე ქარაგმის ხაზის (ჩვეულებრივ კლაკნილის) ბოლოებში დასმულია ფოთლის მოყვანილობის ნიშნები. ტერმინი შემოიღო ივ. ჯავახიშვილმა (1926), თუმცა მას დამწერლობის ამ სახეობის აღწერა-დახასიათება არ მოუცია.

კიდურყვავილოვანი დამწერლობა ძირითადად გავრცელებული იყო XI ს-ში. მისი ცალკეული ნიმუშები გვიანაც გვხვდება როგორც ლაპიდარულ, ისე ჭედურ და ფრესკულ წარწერებში. მან ფართოდ მოიკიდა ფეხი წიგნური დამწერლობის ძეგლებშიც (ხელნაწერებში). განსაკუთრებით − საზედაო ასოების გაფორმებისას. ლაპიდარულ დამწერლობაში კიდურყვავილოვანი დამწერლობის ნიმუშებია ზედა ვარძიაში (ასპინძის რ-ნი)– ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთ კარზე ბალავრის ქვის წარწერა ლიპარიტ ერისთავთა ერისთავისა (XI ს. I მეოთხედი). ნიკორწმინდის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახული რელიეფური კომპოზიციის – „მეორედ მოსვლის” განმარტებითი წარწერა და სხვ. კიდურყვავილოვანი დამწერლობა განსაკუთრებით გავრცელდა ჭედურ, ლითონზე შესრულებულ წარწერებში – ხატებსა და ჯვრებზე. ასეთი სახის ძეგლებში თვალნათლივ ჩანს, რომ კიდურყვავილოვან დამწერლობას, გარდა ინფორმაციული დატვირთვისა (ამბის გადმოცემა. გამოსახული წმინდანის დასახელება). დეკორატიული ფუნქციაც ჰქონდა და ჭედური ძეგლის მხატვრული გაფორმების ელემენტს შეადგენდა. ამის კარგი ნიმუშებია ჯუმათის წმ. გიორგის ხატის როგორც განმარტებითი, ისე ვრცელი ქტიტორული (ერისთავთა ერისთავის ვარდან ვარდანისძისა, XI ს) წარწერები, ნაკიფარის (ზემო სვანეთი) წმ. გიორგის ხატის განმარტებითი წარწერა (XI ს.), ხიდისთავის (გურია, ჩოხატაურის რ-ნი) წმ. გიორგის ხატის წარწერა (XI ს), ლაკლაკისძეთა ხატის (ზარზმიდან) განმარტებითი ღა ქტიტორული წარწერები და სხვ. კიდურყვავილოვანი დამწერლობის ფრესკული ნიმუშები. XIII ს-ით, დათარიღებული, ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო XIX ს. 30-იან წლებში გვხვდება გეგუთის (ქუთაისის მახლობლად) სასახლის მოხატულობის ფრაგმენტებში (ფრ. დიუბუას ცნობა). კიდურყვავილოვანი დამწერლობის ხელნაწერებში გამოყენების ნიმუშებად შეიძლება დასახელდეს ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდების ხელნაწერები A-87, H-1667 და სხვ.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ი. ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბ, 1949 ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა. წგ 3 ნაკვ. 1;
  • გაბაშვილი ც. ზედა ვარძია, თბ, 1985.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები