კოკაინის ავადმოხმარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოკაინის ავადმოხმარება - კოკაინი ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორია, რომელსაც ამფეტამინის მსგავსი ეფექტები ახასიათებს (აღწერილია ზემოთ). ცხოველებში მას შეუძლია გამოიწვიოს განსაკუთრებით ძლიერი დადებითი განმტკიცება, ხოლო ადამიანებში ის ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. ეს უკანასკნელი ეფექტი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია კოკაინის უნართან - მოახდინოს დოფამინის უკუმიტაცების ბლოკირება დოფამინის პრესინაფსურ ტერმინალებში, რაც იწვევს მიმდებარე ბირთვში (nucleus accumbans) დოფამინის ექსტრაუჯრედული კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდას და ფიზიოლოგიური დაჯილდოების სისტემის შემდგომ აქტივაციას (Robbins and Everitt, 1999).

კოკაინის მიღება ხდება ინიექციის მეშვეობით, მოწევით ან ცხვირის ნესტოებიდან შესუნთქვით. ეს უკანასკნელი ზოგჯერ ცხვირის ძგიდის პერფორაციას იწვევს. „თავისუფალ ბაზარზე” ქიმიურად სუფთა სახის კოკაინს „ქუჩის” ნარკოტიკისგან ამზადებენ და მას ძალიან სწრაფი მოქმედება აქვს (განსაკუთრებით მისი ინჰალაციური გზით მიღებისას).

სარჩევი

ეპიდემიოლოგია

2003 წლის მონაცემებით, ამერიკელების დაახლოებით 15% მთელი ცხოვრების მანძილზე კოკაინს მოიხმარდა, ხოლო 3% - კოკაინისგან დამზადებულ „კრეკს”. ამ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლების რაოდენობა გასულ თვეს 6%-ს შეადგენდა და აქედან 1% მას რესპირატორული გზით იღებდა (SAMHSA, 2004). აშშ-ში კოკაინის მოხმარება დაკავშირებულია ძალადობრივი დანაშაულის მაღალ დონესთან. ბოლო ათი წლის მანძილზე გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში იმატა კოკაინის მოხმარების შემთხვევებმა, თუმცა, მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში. ბრიტანეთში იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მოიხმარენ კოკაინს, 6%-ია და ყველაზე უფრო გავრცელებულია ახალგაზრდებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ცეკვასა და ქორეოგრაფიასთან; ასევე, მარგინალებში და ოპიატებზე დამოკიდებულების მქონე პირებში (Ramsay et al., 2001). კოკაინის მომხმარებელთა უმეტესობა, როგორც ჩანს, არ სარგებლობს სამედიცინო მომსახურებით.

კლინიკური ეფექტები

კოკაინის ფსიქოლოგიური ეფექტებია ემოციური აგზნება, მოზღვავებული ენერგია და ეიფორია, ასევე, განდიდების იდეები, განსჯის უნარის დაქვეითება და სექსუალური შეუკავებლობა. კოკაინის დიდი დოზით მოხმარებამ შეიძლება სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები გამოიწვიოს, ხოლო პარანოიდულმა იდეებმა - აგრესიული ქცევა. ხანგრძლივი დროის მანძილზე კოკაინის დიდი დოზით მოხმარებისას პიროვნებას შეიძლება პარანოიდული ფსიქოზი განუვითარდეს, რასაც ძალადობრივი ქცევა ახლავს თან. ასეთი მდგომარეობა, ჩვეულებრივ, ხანმოკლეა, მაგრამ ფსიქოზური აშლილობის მიმართ მოწყვლადობის მქონე ადამიანებს ის შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე გაუგრძელდეთ. ზოგჯერ კოკაინის ავადმომხმარებლებს ახასიათებთ ფორმიკაცია - შეგრძნება, თითქოს კანქვეშ მწერები დაცოცავენ.

კოკაინის სომატური ეფექტებია გახშირებული პულსაცია და მაღალი არტერიული წნევა. ასევე, ხშირია თვალის გუგების გაფართოვება. კოკაინის მოხმარების არასასურველი ეფექტებია: კარდიალური არითმია, მიოკარდიუმის ინფარქტი, მიოკარდიტი და კარდიომიოპათია. კოკაინის მოხმარება, ასევე, დაკავშირებულია ცერებროვასკულურ დაავადებებთან, როგორებიცაა, მაგ., ცერებრული ინფარქტი, სუბარაქნოიდული ჰემორაგია და ტრანზიტული იშემიური შეტევები. ხანდახან აღინიშნება გულყრა და სუნთქვის გაჩერება. სამეანო გართულებებია: სპონტანური აბორტი, პლაცენტის ჩამოშლა და ნაადრევი მშობიარობა.

ტოლერანტობა და დამოკიდებულება

მუდმივ მომხმარებლებს კოკაინის ეფექტების მიმართ უვითარდებათ ტოლერანტობა და ამფეტამინების მსგავსი აღკვეთის სინდრომი. კოკაინის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოხმარების შემდეგ პიროვნებას უვითარდება „ლომკა”, რომელსაც ახასიათებს დისფორია, ანჰედონია, გაღიზიანებადობა, დაღლილობა და მოჭარბებული ძილიანობა. თუ კოკაინის მოხმარება შედარებით ზომიერია, ამგვარი სიმპტომები 24 საათში გადის, მაგრამ მისი უფრო ხანგრძლივად გამოყენების შემდეგ სიმპტომები უფრო მწვავე და პერსისტენტულია (მაგ., ძლიერი ლტოლვა, დეპრესია და ზოგჯერ მძიმე სუიციდური აზრები). კოკაინისადმი ძლიერმა ლტოლვამ შეიძლება აბსტინენციიდან ერთი თვის შემდეგ კვლავ იჩინოს თავი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ისეთი ფსიქოლოგიური ან სოციალური სტიმულების ზეგავლენას განიცდის, რომლებიც წარსულში მის მოხმარებასთან იყო დაკავშირებული.

მკურნალობა

მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტის ბენზოდიაზეპინებით დამშვიდება ან, მძიმე შემთხვევების დროს, ნეიროლეპტიკების გამოყენება. თანმდევი მოვლენების (მაგ., გულყრა ან ჰიპერტენზია) მართვა ჩვეული მეთოდებით უნდა განხორციელდეს.

ამფეტამინების მსგავსად, კოკაინზე დამოკიდებულების მკურნალობა რთულია, რადგან ამ დროს აღინიშნება აბსტინენციით გამოწვეული ძლიერი ლტოლვა. კოკაინის ზომიერად მომხმარებელი ადამიანებისთვის შეიძლება საკმარისი იყოს ამბულატორიულ პირობებში ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარების გაწევა, მაგრამ კოკაინის გადაჭარბებულად ან ქრონიკულად მომხმარებლებლებს, რომლებსაც ძლიერი დამოკიდებულება ახასიათებთ, უფრო ინტენსიური მკურნალობა ესაჭიროებათ, რომელიც, სავარაუდოდ, სტაციონარულ პირობებში უნდა ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ გაკეთდა ფარმაკოლოგიური მკურნალობის ზოგიერთი მიდგომის შეფასება, დღესდღეობით არ არსებობს მათი მხარდამჭერი საკმარისი მტკიცებულება. არსებული ფაქტობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, არ არის რეკომენდებული ანტიდეპრესანტების, კარბამაზეპინის და დოფამინის აგონისტების (მაგ., ბრომოკრიპტინის ან ამანტადინის) გამოყენება (Lima et al., 2003a, b). არსებობს მონაცემები, რომლებიც მიანიშნებს დისულფირამის სარგებლიანობაზე, მაგრამ არა ალკოჰოლის თანმდევ მოხმარებაზე ზემოქმედების გამო (Carroll et al., 2004). კოკაინზე დამოკიდებულების მქონე პირებისთვის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სხვადასხვა ფსიქოთერაპიული პროგრამების გამოყენება (კოგნიტურ-ბიჰევიორული მიდგომები, სიტუაციური მართვა და თორმეტსაფეხურიანი მიდგომის შემცველი პროგრამები (Higgins et al., 2003). რაც შეეხება ინდივიდუალური მკურნალობის პროგრამებს, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ კოკაინის ბოროტად მომხმარებლებთან ხშირად გვხვდება სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მაგ., ოპიოიდების და ალკოჰოლის, ბოროტად მოხმარებაც.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები