კუჩხა ბედინერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუჩხა ბედინერა – „ფეხბედნიერი“ – მეგრული საწესო სიმღერა, სრულდებოდა ქორწილში ნეფის მაყრიონის მიერ, ორ ვარიანტად: ა. კუნტა ბედინერა („მოკლე ბედინერა“) – ნეფის სახლისკენ, პატარძალთან ერთად, მსვლელობის დროს; ბ. კუჩხაბედინერა – ჯვრისწერის შემდეგ, ეკლესიიდან ან მარნიდან (თუ სოფელში ეკლესია არ იყო, სპეციალურად მოწვეული მღვდელი საეკლესიო წესების დაცვით ნეფე-დედოფალს ჯვარს მარანში წერდა) გამოსვლის შემდეგ, ნეფის სახლში მისვლისას, კერიის გარშემო საწესო შემოვლის პროცესში და საქორწილო სუფრასთან.

„კუნტა ბედინერას” მუსიკალური ტექსტი... ძირითადად ხმათა პარალელურ მოძრაობაზეა აგებული, სიმღერას იწყებს ერთდროულად სამი ხმა. მათ შორის პირველი წამყვანია, ხოლო დანარჩენი ორო მასზეა დამოკიდებული. სიმღერა ძირითადად სრულდება სი-ბემოლ კილოს გაფართოებულ VII საფეხურზე (ლაბემოლი), რომელიც შემაერთებელი ჰანგით გადადის ფა კილოში. სიმღერის დასასრულს მოცემულია რთული კადანსი (V, VI, VII, I). იგი ამავე დროს წარმოადგენს მოდულაციას ფა კილოდან ძირითად სი-ბემოლ კილოში“ (ქ. ჭითანავა). სიმღერის ზოგიერთი ვერსიის სიტყვიერი ტექსტი მხოლოდ შორისდებულით შემოიფარგლება, ზოგს შემდეგი მისამღერი ახლავს:

მა თინა რე მახარენც
მოჭყუდუ მოჸუნცუ მაყარეფც,
ახალგაზრდა ბოშეფც დო
ცირეფს მუში მახანეფც.
მოჭყუდუს ქიმიჸუნანა,
კუნთხუს ქეკნარინუანა,
ქიცას ქიგნაფორანა დო
კოც ვენაჯინუანა,
ამსერ თაში თხილანა დო...
„მე ისაა, რომ მახარებს,
პატარძალი მოჰყავთ მაყრებს,
ახალგაზრდა ბიჭებსა და
მის თანატოლ გოგონებს.
პატარძალს რომ მოიყვანენ,
კუთხეში დააყენებენ,
მანდილს გადააფარებენ და
კაცს არ შეახედებენ,
ამღამ ასე უვლიან და...“

„კუჩხა ბედინერას" მუსიკალურ ტექსტებს შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ის ვერსიები, რომელთა ძირითადი მელოდიური ქსოვილი ინტონაციურად ენათესავება ფშავური საქორწილო საფერხულო სიმღერის („ჯვარი წინა“) მელოდიას, რაც შემთხვევითი არ არის. ამ სიმღერათა შესრულების ლოკალურობა და წესი ერთგვაროვანია.

„კუჩხა ბედინერას“ ტექსტი შეიცავს სიტყვებს „ბედი და ფეხბედნიერი“ („ბედი დო კუჩხა ბედინერა“) და შორისდებულებს და გამოხატავს ახალ ოჯახში ბედნიერი ფეხით შესვლისა და სიკეთის მოტანის სურვილს. ამ თვალსაზრისით იდენტური ჩანს პატარძლისა და მეკვლის/მფერხავის (მაკუჩხორი) ფუნქციები, მეკვლისა, რომლის მოსვლით ოჯახს ბედნიერი წელი უნდა დაებედოს. ამ ფუნქციათა ერთგვარობამ განაპირობა „კუჩხა ბედინერას“ შესრულება ქორწილშიც და ახალ წელიწადსაც. საინტერესოა აღინიშნოს, რომ სამეგრელოში ხვნა-თესვის დაწყების წინა დღეს ე.წ. „დედოსა“ (მარილიან-ნიგვზიან გრძელ მჭადს) და სამ მრგვალ ლობიოსგულიან კვერებს დააცხობდნენ და სახნავში წაიღებდნენ, სადაც, სათანადო რიტუალის შესრულების შემდეგ, ნხვნელ-მთესველნი „კუცხა ბედინერას“ იმღერებდნენ.


ლიტერატურა

  • ა. ბენაშვილი. „კუჩხა ბედინერა“. ხელნაწერი ინახება ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში;
  • ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბ., 1941. გვ. 265-266;
  • ნ. მაჩაბელი. მინდვრის სამუშაოებთან დაკავშირებული რიტუალური კვერები // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXI. თბ., 1981. გვ. 158-159;
  • თ. სახოკია. ეთნოგრაფიული ნაწერები. თბ., 1956. გვ. 51-52, 97-99;
  • ო. ჩიჯავაძე. ქართული ხალხური სიმღერები. თბ., 1974. გვ. 9;
  • ქ. ჭითანავა. მეგრული სიმღერა „კუჩხა ბედინერა“ // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის XXIII. თბ., 1987. გვ., 255-260;
  • ნ. ანთელავა. ტრადიციული საქორწინო წეს-ჩვეულებანი სამეგრელოში. თბ., 2004, გვ. 210-11.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები