ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერებილაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულია შემდეგი ხელნაწერები:

სარჩევი

Cod. Ms. V1094. UB. მრავალთავი

ფრაგმენტები. XI ს. 9 ფ.; ეტრატი; ფფ. 2-3 ორმაგია, ფფ. 8-9 – მხოლოდ ნახევარი. 29×39,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი, სათაურები სინგურით. სავარაუდო გადამწერი: გიორგი-პროხორე. აღნიშნული ქართული ფრაგმენტები ბიბლიოთეკაში შესულია ფონ ტიშენდოფის კოლექციიდან შიფრით Cod. Tisch. XL. ფრაგმენტების შედის ოქტომბრის თვის საკითხავი აგიოგრაფიული მასალა: იაკობ უფლის ძმის, წმ. არეთას, წმ. სერგიესა და ბაქოზის, წმ. გაიანესია და აგათანგელოზისადმი მიძღვნილი თხრობები. წმ. გაიანესა და აგათანგელოზის ტექსტი შემორჩენილია ფრაგმენტულად. სავარაუდოდ, მისი გაგრძელება უნდა იყოს კემბრიჯის Georgian Ms. 5/MS. add. 1890.3-ში დაცული „წმიდა არტემიუსის წამება“. საინტერესოა, რომ ამ წმინდანთა მოხსენიება პალესტინური რედაქციის კალენდარშიც დასტურდება (Garritte 1958: 241, 242, 249, 250, 365, 467, 351, 414).

Cod. Ms. V 1095. UB. კრებული.

XII ს. ხელნაწერი ინახება თანამედროვე საქაღალდით; შედგება სამი ფრაგმენტისგან: I. ფრ. მარხვანი. XII. 8 ფ.; (ფფ. 1- 6, 9, 11). ეტრატი; 17,5×23 სმ.; ნუსხური; საზედაო ასოები სინგურით. ამავე ხელწერით არის შესრულებული God.Ms.V1097-ის I და II ფფ.. ხელნაწერის ეს ნაწილი ლიტურგიკული კრებულის ფრაგმენტია. II. ფრ. ზატიკი, XII ს. 3 ფ.; ეტრატი; 15,5×18,5სმ.; ნუსხური; საზედაო ასოები სინგურით. III. აღაპები იერუსალიმის ჯვრის მონატრის სვინაქსარიდან. XII-XVII სს. 4 ფ.; (ფფ. 12, 13, 14, 15); ეტრატი; 22×31,5 სმ.; ნუსხური, სხვადასხვა ხელი. პირველი ცნობა აღაპთა ტიშენდორფისეული ნუსხის შესახებ გამოაქვეყნა გრიგოლ ფერაძემ (Peradze 1937: 181-246). მკვლევრის თვალსაზრისით, ლაიფციგის ფრაგმენტებში დაცული აღაპები უფრო ძველი ფენის ამსახველია, ვიდრე ნ. მარის გამოცემაში გამოყენებული ხელნაწერი (Марр 1914: XXVXXVIII). გრ. ფერაძის ცნობას პირველად ექვთიმე თაყაიშვილმა მიაქცია ყურადღება. ს. ჯანაშიას მუზეუმმა 1954 წელს საქართველოს საგარეო სამინისტროს მეშვეობით მიიღო ამ ხელნაწერის მიკროფირი. ტიშენდორფისეული ნუსხა შეიცავს 102 აღაპს და ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება. I ნაწილი მოიცავს 1r-2r-ს და დაწერილია ერთი ხელით, წარმოადგენს მარხვისა და ზატიკის კვირებზე განწესებულ აღაპთა ნუსხას. II ნაწილი წარმოადგენს არა ნუსხას, არამედ თვით აღაპებსა და მოსახსენებელს, დაწერილს სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პირის მიერ. მეორე ნაწილი პირველს არ უკავშირდება, აღაპთა უმრავლესობა XV ს-შია დაწერილი. ყველაზე გვიანდელია ნიკიფორე ჩოლოყაშილის მამობის დროს შედგენილი აღაპები. უკანასკნელი აღაპი 1620 წლით თარიღდება. ჯვრის მონასტრის აღაპები ყველა არსებიული ნუსხით შესწავლილი და გამოცემულია (Марр 1914; მეტრეველი 1962: 72-78).

God. Ms. V 1096. UB.

X-XI სს. ფრაგმენტები. თანამედროვე ყდაში. აღნიშნული ერთეული დღეს შედგება 4 ფრაგმენტისგან. ასფალგის მიერ აღწერილობის შედგენის დროს კი შეიცავდა 5 ფრაგმენტს: ამათგან ერთი ეთიოპურია (3 ფ), ხოლო მეოთხე იყო სომხური (1 ფ), რომელიც ამჟამად ამ ფრაგმენტებთან ერთად აღარ არის დაცული. დანარჩენი ფრაგმენტები ქართულია:
II ფრ. დასდებელნი აღდგომისა და საშაბათონი. X ს. 4 ფ. (4r-v, 5r-v, 6r-v, 7r-v)1 ; ეტრატი; პალიმფსესტი; 15,5×18 სმ.; ზედა ფენა ქართული; ნუსხური; მელანი შავი; სათაურები სინგურითა და ასომთავრულით. გადამწერი: იოანე- ზოსიმე. ფრაგმენტი არის Sin.Geo.O. 34-ის ნაწილი და შესწავლილია აღნიშნული კრებულთან ერთად. (ხევსურიანი 1978: 88-122). ქვედა ბერძნული ფენა არ არის იდენტიფიცირებული.
III ფრ. კითხვა-მიგება. X-XI სს. 3 ფ.; ( 8r-v, 9r-v, 10r-v), 16,5× 21,5 სმ.; ეტრატი; ფრაგმენტი. ასომთავრული; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; ფურცლების ქვედა ნაწილში ტექსტის გარჩევა ვერ ხერხდება. უკანასკნელი ნაწყვეტი კითხვა-მიგებისა თანხვდება ანასტასი სინელის კითხვა-მიგების ტექსტს (PG 89,725).
V.ფრ. პეტრე მოციქულის პირველი ეპისტოლე. ფრაგმენტი. X ს. 1 ფ.; (12r-v); ეტრატი; 17,5×23 სმ.; ასომთავრული; შავი მელანი; სათაური სინგურით. ფრაგმენტი უცნობი ხელნაწერის 29-ე რვეულის პირველი ფურცელია. მოიცავს 1 პეტრე 1,11-22. ადრებიზანტიური ტრადიციის ტექსტი შესწავლილი და გამოცემულია (ლორთქიფანიძე 1956: 017-018).

God.Ms.V 1097. კრებული

XI-XIV სს. თანამედროვე ყდა. შედგება 4 ფრაგმენტისაგან: I ფრ. მარხვანი. XII ს. 2 ფ.; ეტრატი; 16,5×23 სმ.; ნუსხური; შავი მელანი, თავსამკაული და საზედაო ასოები სინგურით. შეიცავს ორი სხავადასხვა წიგნის ფრაგმენტს: I ფ. არის უცნობი კრებულის 28-ე რვეულის I ფურცელი; II ფ. იმავე ხელითაა ნაწერი, რომლითაც შესრულებულია Cod.Ms.V1095.UB-ს პირველი ნაწილი. ორივე ფურცელი არის მარხვანის ნაწყვეტები. ტექსტი შედგება ვნების კვირის მე-3 საგალობლისაგან. I ფურცლის VI საგალობელი ძირითადად ემთხვევა ბერძნულ ოდებს, მაგრამ ტროპარებით სხვაობს. ქართულ ტექსტის II ფ.-ზე გადაწერილია ვნების შაბათის ოთხი ფსალმუნი; აღდგომის კანონის დასასრული ერთვის ხელნაწერის Cod.Ms.V1098. XI ფურცელს. ამ ნაწილის რაობა განისაზღვრა მასში შემავალი მარხვისა და სააღდგომო საგალობლების მიხედვით.
II ფრ. ლიტურგიკული კრებული. ფრაგმენტი. XII-XIII სს., ორმაგი ფურცელი, (ფფ.3-4) ეტრატი, 18,5×23 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები სინგურით. ფრაგმენტი მოიცავს 7-9 სექტემბრისა და 3-14 ოქტომბრის საკითხავებს, ასევე ნაწყვეტებს მოციქულთა აქტებიდან.
III ფრ. ეპისტოლე რომაელთა მიმართ. ფრაგმენტი. X-XI სს. 4 ფ. ( ფფ. 5, 6, 7, 8); ეტრატი; 17×20 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი. ტექსტი პალესტინური რედაქციისაა. შეიცავს რომაელთა მიმართ ეპისტოლის 2,4-5,13 მუხლებს.
IV. ფრ. ლიტურგიკული კრებული. ფრაგმენტი. XI ს. 4 ფ. (ფფ. 9,10, 11, 12) მელანი; ეტრატი; 18,5×23 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები და სათაურები სინგურით. ამ ნაწილის პირველ ფურცელზე დაცულია 13 თებერვალს წმინდა თეოფანეს ხსენება, ამავე დღეს კანონი წმიდა ანატოლიუსზე, 14 თებერვალს წმ. აქვსენტის ხსენება.

Cod. Ms. V 1098. თვენი.

XII ს., 57 ფ.; ეტრატი (56 ფ.) და ქაღალდი (1 ფ.); 17×22 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; მუქი ყავისფერი ტყავის ყდა. ხელნაწერი ნაკლულია; საზედაო ასოები და სათაურები ნაწერია სინგურით. 57-ე ქაღალდის ფურცელი არაა აკინძული კრებულთან ერთად და არ უნდა იყოს მისი ნაწილი, თუმცა ისიც „თვენის“ ფრაგმენტია. ეტრატზე გადაწერილი ტექსტი შეიცავს ივლისის თვის წმინდანთა – ანდრეას, სჳმეონ საკჳრველმოქმედის დედა მართას, თეოდორე კჳრინელისა და წმ. მართას, წმ. სისოს, წმ. თომას, წმ. პროკოპის, წმ. ბაგრატ ტავრომენიელის, 45 ნიკოპოლელი მოწამის, წმ. ეფემია ქალწულის, წმ. პროკლეს და ილარიონის, წმ. გაბრიელისა, წმ. კვირიკესა და ივლიტას, ქალკედონელ წმიდა მამათა, წმ. ათეანგენას, წმ. მარინეს, წმ. ემელიანეს, წმ. მაკრინას – ბასილის დისა და წმიდა დიოს, ელია წინასწარმეტყველის ხსენებებს. ხელნაწერის არშიაზე ადგილ-ადგილ მიწერილია წმინდანთა სახელები.

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები