ლეონტიევი ალექსეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეონტიევი ალექსეი

ლეონტიევი ალექსეი ნიკოლოზის ძე - Leontiev Aleksei Nikolaevich, Леонтьев Алексей Николаевич, 1903–1979

საბჭოთა ფსიქოლოგი, ქმედებითი მიდგომის, ქმედების ფსიქოლოგიის (ანუ აქტივობის ფსიქოლოგიის) ორიდან ერთერთი ძირითადი ვარიანტის ავტორი. მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო მოსკოვის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მჭიდროდ თანამშრომლობდა ლ. ვიგოტსკისთან და ა. ლურიასთან. 1930-იანი წლების დასაწყისში გადავიდა ხარკოვში და სათავეში ჩაუდგა ე.წ. ხარკოვის სკოლას (ა. ლურია, ა. ზაპოროჟეცი, ლ. ბოჟოვიჩი, პ. გალპერინი, პ. ზინჩენკო, თ. ბასინი და სხვანი). აქ მიმდინარეობდა ფსიქიკის ონტოგენეზის ექსპერიმენტული კველევა და, რაც მთავარია, დაიწყო ქმედების/აქტივობის პრობლემატიკის ემპირიული და თეორიული დამუშავება. 1936 წლიდან ლეონტიევი მოსკოვის ფსიქოლოგიის ინსტიტუტს დაუბრუნდა, სადაც სიკვდილამდე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ, სამეცნიერო და ორგანიზაციულ მოღვაწეობას. 1941 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. 1966 წლიდან ლეონტიევი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი იყო, რომელიც მისი ინიციატივით გამოეყო ფილოსოფიის ფაკულტეტს. იყო პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საბჭოთა ფსიქოლოგთა საზოგადოების პირველი პრეზიდენტი.

უკვე ხარკოვში ლეონტიევმა დაიწყო ფსიქიკის ფილოგენეზის შესწავლა. მისი შედეგები აისახა საეტაპო მონოგრაფიაში: „ფსიქიკის განვითარების პრობლემები” (რომლისთვისაც ლეონტიევს ქვეყნის უმაღლესი, ლენინური პრემია მიენიჭა). მასში დამუშავებულია ცხოველური ფსიქიკის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეიცავს სამ სტადიას - სენსორული, პერცეფციული და ინტელექტუალური. აქვე, ადამიანის კოლექტიური შრომითი აქტივობის ანალიზის კონტექსტში, დამუშავებულია ცნობიერების ანთროპოგენეზის საკითხი. შესაბამისად, მოცემულია ქმედების/აქტივობის და ცნობიერების სტრუქტურის სქემა. გამოყოფილია ტრიადა (იერარქიული): ქმედება/ქცევა-მოქმედება-ოპერაცია. ცნობიერების შემადგენელ ერთეულებად მიჩნეულია მნიშვნელობა და პიროვნული საზრისი. ყოველივე ეს ქმნის ქმედებითი მიდგომის ლეონტიევისეული თვალსაზრისის საფუძველს. შემდგომში ლეონტიევი შეეცადა, თავისი შეხედულებებისთვის ქმედების ზოგადფსიქოლოგიური თეორიის სახე მიეცა. ამისთვის გაიაზრა ის ძირეული მეთოდოლოგიური ამოცანა, რომლის გადაწყვეტასაც ემსახურება მისი თეორიული სისტემა. ასეთად დ. უზნაძის მიერ ფორმულირებული უშუალობის პოსტულატის დაძლევა იქნა მიჩნეული {ქმედების თეორია}.

ლეონტიევმა დატოვა ძლიერი სამეცნიერო სკოლა. მის წევრებად თავს მიიჩნევს დღევანდელი რუსული ფსიქოლოგიის მრავალი ცნობილი წარმომადგენელი (ა.გ. ასმოლოვი, ბ.ს. ბრატუსი, ბ.მ. ველიჩკოვსკი, ფ.ე. ვასილიუკი, ი.ბ. გიპენრეიტერი, ვ.ა. ივანიკოვი, დ.ა. ლეონტიევი, ვ.ა. პეტროვსკი და სხვანი).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები