ლიხნის წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიხნის წარწერები – ძველი ქართული წარწერები ლიხნის ტაძრის (გუდაუთის აღმ-ით 6 კმ) ქორედის კედლებზე. აქ სხვადასხვა ადგილას. არის ათზე მეტი წარწერა. რომელთაგან უმნიშვნელოვანესია სამი: წარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ, ვაჩე პროტოსპათარისა და პეტრიკ პატრიკის წარწერა. გიორგი კურაპალატის წარწერა. ტაძრის კედლის შელესილობა პირველი და მესამე წარწერის (აგრეთვე მასზე შესრულებული სხვა ფრაგმენტული წარწერების) ტექსტით, საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საბჭოს გადაწყვეტილებით, 1986 მოიხსნა კედლიდან და გადაიტანეს თბილისში, ძიგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სარესტავრაციო-საწარმოო სახელოსნოში, სადაც გაიწმინდა, გამაგრდა და ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები. ინახება ძველი ქართული მხატვრობის კვლევის, ფიქსაციისა და რესტავრაციის ცენტრში. მეორე წარწერა თავის ადგილზეა – ლიხნის ტაძრის დასავლეთ კედელზე.

სარჩევი

წარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ

წარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ ერთსტრიქონიანია. შესრულებული თავისებური ხერხით); ასომთავრული ტექსტის ყოველი სიტყვის პირველი მოზრდილი ასოს მთელ სიგრძეზე ჩამოწერილია ამ სიტყვის დანარჩენი ასოები უფრო პატარა ზომისა, ხოლო მრგვალი მოხაზულობის ასოები, მაგ., ან-ში, ორ ადგილას, პატარა ასოები პირველი დიდი ზომის ასოს მუცელშია ჩაწერილი. მთლიანად წარწერა შესრულებულია წითელი საღებავით, სინგურით. მისი ტექსტი ასეთია:

„ქ. კურთხეული ხარ ღმერთო, ყოვლად ყოველსა შინა. ესე იქმნა დასაბამითგანთა წელთა ხქჲთ, ქრონიკონსა სპვ. მეფობასა ბაგრატ გიორგის ძისასა, ინდიკტიონსა ლჱ აპრილსა თუესა ვარსკულავი გამოჩნდა, რომელ მისსა წიაღსა აღმოივლიდის და წინა მისსა. ვითარცა შარავანდი დიდი, მოკიდებით მასვე. ესე იქმნა ბზობითგან აღვსებად-მდე”.

წარწერა პირველად შეისწავლა აკად. მ. ბროსემ (1848). მიჩნეულია, რომ ლიხნის ტაძრის წარწერაში დაფიქსირებულია ჰალეის კომეტის დედამიწის ხილვადობის სფეროში გამოჩენის ერთ-ერთი შემთხვევა, რაც მოხდა XI ს-ში, 1066. წარწერის დასაბამითგანითი თარიღი და თარიღი ბაგრატ IV-ის მეფობის წლების მიხედვით შეესაბამება 1065. ხოლო ქრონიკონითი თარიღი – 1066. ვინაიდან ტექსტში აღნიშნულია, რომ კომეტა გამოჩნდა აპრილში. ბზობიდან აღდგომამდე, 1066 აღდგომა იყო 16 აპრილს, ბხობა იქნებოდა 9 აპრილის, ამიტომ წარწერის თარიღად 1066 უნდა მივიჩიოთ. მაშასადამე. საქართველოში კომეტა იხილვებოდა 1066 წლის 9–16 აპრილს.

ვაჩე პროტოსპათარისა და იპატოსის და პეტრიკ პატრიკისა და მწიგნობართა უხუცესის წარწერა

ვაჩე პროტოსპათარისა და იპატოსის და პეტრიკ პატრიკისა და მწიგნობართა უხუცესის წარწერა შესრულებულია სინგურით, 9 სტრიქონად, მდივანმწიგნობრული დამწერლობით. იგი მიწერილია ტაძრის მეორე სართულზე, ქორედის დასავლეთი სარკმლის მარჯვნივ, სარკმლიდან თაღამდე კედლის მონაკვეთზე. ტაძრის კედელი და წარწერაც XIX-XX სს-ში რამდენჯერმე შეუთეთრებიათ კირით. ამის შედეგად წარწერა, რომელიც 1848 შეისწავლა და მომდევნო წელს გამოსცა (თუმცა არასწორი წაკითხვით) მ. ბროსემ, დაფარული იყო. 1983-86 რესტავრატორ მ. ბუჩუკურის ხელმძღვანელობით კედელი გაიწმინდა და გამოჩნდა წარწერის ძალზე გაბაცებული ტექსტი. ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ამ წარწერის ასლი, გადმოღებელი, როგორც ჩანს, XIX ს-ში. მართალია, იგი ზუსტი არ არის, რადგან გადმოღებულია მდივან-მწიგნობრული დამწერლობის არმცოდნის მიერ, მაგრამ დედნისა და ასლის შეჯერებით დადგინდა წარწერის შემდეგი ტექსტი:

„† წმიდაო ღმრთისმშობელო.უხრწნელო, ქალწულო მარიამ, შემეწიე, შემიწყალე, დამიცევ, დამიფარე და მიჴსენ ყოველთა წინამიმდებარეთა ჭირთა და მომავალთა განსაცდელთაგან; ჩემგან შორს ყვინ! და მეოხ მეყავ წინაშე ძისა შენისა, ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა ქრისტესსა, უღირსსა. მიწასა, ჭიასა, ავლსა და მტუერსა, მონასა და მადიდებელსა და მოსავსა შენსა ვაჩეს პროტოსპათარსა და იპატოსსა, დისწულსა ჭყონდიდლისასა, მე და პეტრიკ პატრიკსა და მწიგნობართა უხუცესსა“.

პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა XI ს-ისაა. მასში მოხსენიებული პეტრიკ პატრიკი და მისი ძმა იოვანე ჭყონდიდელი (იგი, როგორც საყოველთაოდ ცნობილი პიროვნება, წარწერაში სახელით არც იხსენიება) მეფე ბაგრატ IV-ის (1027-72) დროის ცნობილი პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწეები არიან. მათი დისწული ყოფილა ვაჩე – ჩვენთვის ამ წარწერამდე უცნობი, ბიზანტიის საიმპერატორო კარის მაღალი ტიტულების – პროტოსპათარისა და იპატოსის მქონე. გიორგი ხუცეს-მონაზვნის „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან“ ცნობილია, რომ პეტრიკ პატრიკმა (რომელიც, როგორც ჩანს, ბაგრატ IV-ის წარმომადგენელი იყო ბიზანტიის სამეფო კარზე) და მისმა ძმამ იოვანე ჭყონდიდელმა (რომელმაც, საფიქრებელია, გიორგი მთაწმიდელის წინადადებით დაიკავა ბაგრატ IV-ის მიერ გიორგი მთაწმიდელისათვის შეთავაზებული ჭყონდიდის კათედრა). დიდი როლი შეასრულეს გიორგი მთაწმიდელის თარგმნილი წიგნების გამრავლებისა და გავრცელების, ასევე გიორგი მთაწმიდელის გარდაცვალების შემდეგ მისი კანონიზაციის საქმეში. ორივე მათგანი რამდენჯერმე იხსენიება ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნში.

გიორგი კურაპალატის წარწერა

გიორგი კურაპალატის წარწერა შესრულებულია სინგურით, მდივანმწიგნობრული დამწერლობით, ორ გრძელ სტრიქონად იმ წარწერის ქვემოთ, რომელიც ეხება კომეტის გამოჩენას. მისი ტექსტი, ზემოთ განხილულ ორ წარწერასთან შედარებით, დაზიანებულია, თუმცა უმეტესი ნაწილი გარკვევით იკითხება:

„ქ. მეუფეო, ძეო მეუფისაო, ღმერთო, ძეო ღმრთისაო, ადიდე, დაიცევ, გაზარდე, აკურთხე და ღღეგრძელყავ, და მრავალ ყვინ წელნი მეფობისა მისისანი, დღენი ცისანი, გინა მქ[უწეყანისანი], კეთილად მსახურისა და მადიდებელისა ღმრთაებისა შენისა გიორგი კურაპალატისანი. და ყავ განგებაი მისი, მოწყალებაი გლახაკთაი, მოღუაწებაი ეკლესიათაინ[...] და სრულ ყავ წყალობაი მათი მიწასა, ჭიასა, საპყარსა იოვანე სირნოწს [...] კანანახსა, მწიგნობარსა და დიაკონსა“.

პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა XI ს-ისაა. მასში მოხსენიებული გიორგი კურაპალატი არის მეფე გიორგი II (1072–89), ძე ბაგრატ IV-ისა და მამა დავით IV აღმაშენებლისა. წარწერა უნდა იყოს შესრულებული ჯერ კიდეე გიორგი მეფის უფლისწულობაში, კურაპალატის ტიტულის მიღებასთან დაკავშირებით. ამას მოწმობს წარწერის ადორაციული, განმადიდებელი ხასიათი და მასში გიორგის კურაპალატობის საგანგებოდ აღნიშვნა. გიორგის მამა მეფე ბაგრატ IV 1059 ნოველსიმოსის ტიტულით იხსენიება, მანამდე იგი კურაპალატი იყო 1032-იდან. როგორც ჩანს, 1059, ან ცოტა უფრო ადრე, გამოთავისუფლებული, კურაპალატის ტიტული გიორგი უფლისწულს უნდა მიეღო და წარწერაც 1060-იანი წლებით, მაგრამ არა უადრეს 1066-ისა, უნდა დათარიღდეს, რადგან კედელზე იგი ისეა მიწერილი, როგორც ამის საშუალებას იძლევა 1066-ის წარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ. წარწერის ზედა თარიღი 1072-ით უნდა განისაზღვროს, რადგან 1073 შიომღვიმის მონასტრისათვის მიცემულ სიგელში გიორგი II კურაპალატობით თავის ძეს, დავითს მოიხსენიებს. ამიტომ ლიხნის ტაძრის ამ წარწერის თარიღი შეიძლება 1066-72-ით განისაზღვროს.

ლიხნის ტაძარზე მოიპოვება ასევე XI ს-ით დათარიღებული ათამდე წარწერის ფრაგმენტები; XIV ს-ით თარიღდება 10-ზე მეტი წარწერა, რომლებიც ამ დროის ფრესკებს ახლავს და გამოსახულ პირებსა და სიუჟეტებს განმარტავს. ლიხნის ტაძრის წარწერები უმნიშვნელოვანესი წყაროა საქართველოს ისტორიისათვის.

ვ. სილოგავა

ლიტერატურა

  • სილოგავა ვ. სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა, თბ. 2006.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები