ლომბროზო ჩეზარე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლომბროზო ჩეზარე

ლომბროზო ჩეზარე - Lombroso Cesare, Ломброзо Чезаре, 1836-1909

იტალიელი ფსიქიატრი და კრიმინალისტი, ანთროპოლოგიური მიმდინარეობის ფუძემდებელი კრიმინალისტიკაში. ჰქონდა ფილოლოგიური, ისტორიული და სამედიცინო განათლება. იყო პავიისა და ტურინის უნივერსიტეტების პროფესორი.

ლომბროზო მიიჩნევდა, რომ არსებობს ადამიანის ტიპი, რომელიც ბუნებით მიდრეკილია დამნაშავეობისადმი. მას ახასიათებს გარკვეული ანატომიურ-ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თვისებები, რომელთა გამო იგი დაბადებიდანვე ფატალურად განწირულია, ჩაიდინოს დანაშაული. სხეულებრივ ნიშნებს მიეკუთვნება თავის ქალისა და სახის ასიმეტრიულობა, დამრეცი შუბლი, ჩაბრტყელებული ცხვირი, დიდი ყურები, უზარმაზარი ყბები, მაღალი ყვრიმალები, თვალების ვიწრო ჭრილი, ნაკლები მგრძნობელობა ტკივილისადმი და სხვა. დამნაშავის ტიპის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს შეადგენს გამწვავებული პატივმოყვარეობა, ცინიზმი, ბრალეულობის გრძნობის, მონანიებისა და სინდისის ქეჯნის უქონლობა, აგრესიულობა, სისასტიკისადმი და ძალადობისადმი მიდრეკილება, შურისმაძიებლობა, ეგზალტირებულობა და სხვა. დამნაშავის ტიპი თავდაპირველად განიხილებოდა ერთგვარი ცხოველური ატავიზმის გამოვლინებად, რომელსაც არ ძალუძს, შეეგუოს ცივილიზებული ყოფის ნორმებს. მოგვიანებით ადამიანის ეს ტიპი გაგებულ იქნა, როგორც ზნეობრივი პათოლოგიის ერთგვარი ფორმა.

ეს მიდგომა გავრცელდა „მემკვიდრულად დამნაშავე” ქალებზეც. მათ გარეგნული ნიშნების გარდა გამოარჩევთ სისასტიკე, მგრძნობიარობა, ხასიათის მამაკაცური თვისებები და მამაკაცური ცხოვრების ნირისადმი მიდრეკილება. ლომბროზოს მიაჩნდა, რომ ქალებში არსებობს აგრეთვე „მეძავის ტიპი”. მათთვის დამახასიათებელი თანდაყოლილი ზნეობრივი პათოლოგია განსაზღვრავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ეჭვიანობა, პატივმოყვარეობა, შურისმაძიებლობა, სიძუნწე, დედობრივი და სირცხვილის გრძნობის უქონლობა, მიდრეკილება დანაშაულისაკენ, უფრო ხშირად ქურდობისაკენ, უსაქმურობისკენ და სხვა. დანაშაულთან ბრძოლა, ლომბროზოს აზრით, უნდა ხორციელდებოდეს პოტენციური დამნაშავეების ფიზიკური ლიკვიდაციის ან მუდმივი იზოლაციის გზით.

ლომბროზოს ჰყავდა და ჰყავს მკაცრი კრიტიკოსები, მაგრამ მისი აზრები გარკვეულ გამართლებასაც ნახულობს ყველა იმ ბიოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ შეხედულებაში, რომელთა მიერ ადამიანის პიროვნული თვისებების, მათ შორის მომატებული აგრესიულობის მემკვიდრეობითი განსაზღვრულობა მტკიცდება.

ლომბროზომ ერთერთმა პირველმა დაიწყო აგრეთვე გენიალობის ფენომენის შესწავლა. კულტურის უდიდესი მოღვაწეების ბიოგრაფიების შესწავლის საფუძველზე ლომბროზომ ჩამოაყალიბა „შემოქმედების ნევროპათული თეორია”, რომლის თანახმად გენიალობა შეესაბამება ტვინის არანორმალურ, ეპილეპტოიდური ფსიქოზის მსგავს მოქმედებას. მაგ., „გენიალური შეშლილების” რიცხვს მიაკუთვნა ბევრი გამოჩენილი კომპოზიტორი: მოცარტი, შუმანი, ბეთჰოვენი, ჰენდელი, გლიუკი და სხვანი. მართალია, რომ გენიოსობა ისეთივე გადახრაა ნორმიდან, როგორიც გონებრივი ჩამორჩენა თუ შეშლილობა; ისიც მართალია, რომ გენიალობასა და სიგიჟეს შორის აშკარა პარალელები არსებობს, მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს, რომ გენიალობა სხვა არაფერია, თუ არა სიგიჟის ფორმა. გენიოსების ბობოქარ და შფოთიან ცხოვრებაში შეიძლება მრავალი მომენტი მოიძებნოა, რომლებიც მათ სულით ავადმყოფთან აახლოებს: მომატებული მგრძნობიარობა, ეგზალტაცია, რომელსაც აპათია ცვლის, სამყაროს აღქმის ორიგინალობა, ზეშთაგონებულობა, დაბნეულობა, სასმელისადმი მიდრეკილება, უზარმაზარი პატივმოყვარეობა და სხვა. გენიოს ადამიანებს შორის არიან შეშლილები და პირიქით, მაგრამ შეიძლება მოინახოს მრავალი გენიოსი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის ნიშანწყალიც არა აქვს.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები