ლორენცი კონდრატ ზაქარიას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლორენცი კონდრატ ზაქარიას

ლორენცი კონდრატ ზაქარიას - Lorenz Konrad Zacharias, Лоренц Кოнрад Захариас, 1903-1989

ავსტრიელი ზოოლოგი და ზოოფსიქოლოგი. ეთოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (1973). იყო კენიგსბერგის უნივერსიტეტის პროფესორი, სანამ 1941 წელს ჯარში არ გაიწვიეს. 1944 წელს ტყვედ ჩავარდა და ოთხ წელს სამხედრო ტყვეთა ჰოსპიტალში მუშაობდა. 1950 წელს დააარსა და ხელმძღვანელობდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტს ბავარიაში. ავსტრიაში დაბრუნების მერე კი სათავეში ჩაუდგა ცხოველთა ქცევის შემსწავლელ ინსტიტუტს (1961-1973). მისი სამეცნიერო მოღვაწეობა აღინიშნა მრავალი ჯილდოთი და პრემიით. არჩეული იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების და ამერიკის ნაციონალური აკადემიის წევრად.

თავის თანამოაზრესთან, ნიკო ტინბერგენთან ერთად (რომელთანაც ნობელის პრემია გაიყო), ლორენცმა შეიმუშავა ცხოველთა ინსტინქტური ქცევის, მისი ონტოგენეზური და ფილოგენეზური განვითარების ახლებური გაგება. ცხოველის ყოველ ქცევაში სახეობისთვის დამახასიათებელ ელემენტებთან შერწყმულია შეძენილი, დასწავლილი ქცევის ელემენტები. ქცევის საწყის (მოსამზადებელ, ძიებით) ფაზაში {ძიებითი ქცევა} ჭარბობს ინდივიდუალურ გამოცდილებაში შეძენილ-დასწავლილი ჩვევები, ხოლო დამამთავრებელი ფაზა თითქმის მთლიანად სტერეოტიპული თანდაყოლილი ანუ ინსტინქტური მოძრაობებისაგან შედგება. „ინსტინქტურის” ნაცვლად მათ ხშირად „ფიქსირებულ მოძრაობათა კომპლექსს” უწოდებენ. ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლა ხდება ე.წ. რელიზერების მეშვეობით - ესაა სახეობის ევოლუციის შედეგად გენოტიპში ჩაწერილი სტიმულები, რომლებიც „ჩართავენ” ინსტინქტურ მოქმედებას. საზოგადოდ ეთოლოგიაში მიჩნეულია, რომ მცდარია თანდაყოლილისა და შეძენილის, ინსტინქტურისა და დასწავლილის მკაცრი დაპირისპირება, მით უფრო მათი ერთმნიშვნელოვანი მიწერა დაბალი ან მაღალი განვითარების ცხოველთა სახეობისთვის. ახალ სიტუაციასთან მორგების, გამოცდილების შეძენის უნარს ცხოველთა სამყაროში მუდამ ვხვდებით. ხშირად იგი მჟღავნდება იმდენად ადრეულ ასაკში, რომ იქმნება ილუზია, თითქოს ქცევა თავიდან ბოლომდე თანდაყოლილია. ამის ნათელი მაგალითია ე.წ. იმპრინტინგი (აღბეჭვდვა) - მოვლენა, რომელიც ლორენცმა აღმოაჩინა.

ეთოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მრავალი ქცევითი ფენომენი, რომლებიც ადრე ადამიანის ექსკლუზიურ მახასიათებლად მიაჩნდათ, ამა თუ იმ ფორმით ვლინდება არა მხოლოდ მაღალ ცხოველებში, არამედ აგრეთვე უკვე ევოლუციური კიბის საკმაოდ დაბალ საფეხურებზეც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივად დაისვა საკითხი ადამიანის ქცევაში ევოლუციური წარმომავლობის ელემენტების ძიებისა და შესწავლის შესახებ. ეთოლოგიური თვალთახედვით, ადამიანის ქცევა, მისი უდავო უნიკალურიობის მიუხედავად, ინარჩუნებს ადამიანამდელი ქცევის მრავალ ელემენტს. აქედან გამომდინარე, ლორენცი ეთოლოგიური ანთროპოლოგიის პრობლემატიკის დამუშავებზე გადაერთო. მისი კვლევის ფოკუსში აგრესიის პრობლება მოექცა. ლორენცის აზრით, აგრესია ცხოველების და ადამიანის ბუნების მიუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. საბოლოოდ, ის გამომდინარეობს გადარჩენისთვის ბრძოლის თანაყოლილი ინსტინქტიდან, რომელიც გულისხმობს კონკურენციას საკვებისთვის, ტერიტორიისთვის, სქესობრივი პარტნიორისთვის და სხვა {ინსტრუმენტული აგრესია}. ლორენცის კვლევამ აჩვენა, რომ ცხოველებიც და ადამიანიც დაჯილდოებული არიან უნარით შეიკავონ/დაითრგუნონ აგრესიული იმპულსები. ძლიერ „შეიარაღებულ” სახეობებში ეს უნარი მეტია (ლორენცმა აღწერა ე.წ. „მორჩილების პოზები”, რომელთა მეშვეობითაც, მაგ., უფრო სუსტი მგელი აჩერებს მოწინააღმდეგის აგრესიას); პირიქით, სუსტად შეიარაღებულ სახეობათა „თანდაყოლილი მორალი” დაქვეითებულია. ადამიანი ამ უკანასკნელთ მიეკუთვნება და ძალზე ხშირად ძალადობს თვისტომებზე. საბედნიეროდ, შემაკავებელი მექანიზმები მაინც არსებობს. ზ. ფროიდისეული სუბლიმაციისა არ იყოს, ლორენციც მიიჩნევს, რომ გარკვეულ ქმედებებში მონაწილეობა, რომლებიც არ გულისხმობს სხვისთვის პირდაპირი ზიანის მიყენებას, შესაძლებელია აგრესიის ენერგიის სახიფათო დონემდე მომატების შეზღუდვა {ჩანაცვლებული აგრესია}.

ე. ფრომმა საფუძვლიანად გააკრიტიკა აგრესიის ლორენცისეული თეორია და დაასაბუთა, რომ ჯანსაღ ცხოველსა თუ ადამიანს, თავისთავად, აგრესიისკენ მისწრაფება და აგრესიის მოთხოვნილება არ გააჩნია {აგრესიულობის მიზეზები}. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები