ლუთხუმელის ხმალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლუთხუმელის ხმალი — ერთ ლუთხუმელ ახალგაზრდას ცოლად ქაჯის ქალი ჰყავდა მოყვანილი. ჯერ მათ ლუთხუმში (გუდამაყარში) იცხოვრეს, მერე ქალმა ქაჯავეთში წაიყვანა თავისი ქმარი. ქაჯავეთში სამ წელს იცხოვრეს და ახალგაზრდამ ბევრი რამ ისწავლა ქაჯებისაგან. ქაჯები მჭედლები იყვნენ, მჭედლობის საიდუმლოებას ფლობდნენ და, როცა საქმე არაფერი ჰქონდა, ახალგაზრდა მათთან დადიოდა სასაუბროდ და დროის გასატარებლად. ერთ დღეს ცოლმა უთხრა: რაც ქაჯების სამჭედლოში ნამცეცები ყრია, მოკრიფე და ხმალი გამოაჭედინე, დრო იქნება, რომ გამოგადგებაო. ქმარმა გაუგონა, შეაგროვა რკინის ნამცეცები და ხმალი გააკეთებინა ქაჯ მჭედელს. სამი წელი რომ გავიდა, ქაჯავეთიდან ისევ ლუთხუმში დაბრუნდნენ და კაცმა ხმალიც თან წამოიღო. იმათ არ ყოფნის დროს ლუთხუმს დევი შემოჩვეოდა: წელიწადში ერთხელ მოვიდოდა და სოფელს შესაჭმელად ერთი ქალი და ერთი ვაჟი უნდა მიეცა. თუ არ მისცემდნენ, დევების ჯარით სოფელს განადგურებით ემუქრებოდა.

დევის მოსვლის დღე რომ დადგა, ამ ვაჟმა უთხრა სოფელს: მე შევებმები იმ დევს და, რაც არ უნდა დაინახოთ, ხმა არ ამოიღოთო. წავიდა ვაჟი და სოფლის ბოლოში დანიშნულ ადგილას დაელოდა დევის მოსვლას. მოვიდა დევიც. მისმა ორთქლმა სოფელი ნისლივით დაფარა. ვაჟი თუმცა შეკრთა, მაგრამ ქაჯავეთიდან მოტანილი ხმლის იმედი ჰქონდა და შეებრძოლა დევს. დევს უნდოდა ეს კაცი ხელში ჩაეგდო, მაგრამ ვაჟმა ქაჯების გაჭედილი ხმალი დაჰკრა დევს და თავი გააგდებინა. გაგორდა თავი და იძახდა: ვაიმე, მიშველეთ გავსკდი, გავსკდიო. ამ ყვირილზე ერთი დედაბერი გამოვარდა გარეთ, დაინახა დევის თავი და მის ძახილს პასუხად ასე მიაყვირა: ადრე გასახეთქი გვიან გასკდიო. ამის ძახებაზე ლუთხუმი სამს წელს ზედიზედ დაისეტყვა. ვაჟმა ამიტომ გააფრთხილა ხალხი, ხმა არ ამოიღოთო, მაგრამ ბებერმა გაფრთხილება ვერ შეასრულა და სეტყვით დაისაჯა მთელი ლუთხუმი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები