მაკ-კლელანდი დევიდ კლარენს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევიდ მაკ-კლელანდი

მაკ-კლელანდი დევიდ კლარენს - McClelland David Clarence, Макклелланд Дэвид, 1917-1998

ამერიკელი ფსიქოლოგი, მოტივაციის ცნობილი სპეციალისტი. სწავლობდა უელსიანის, მისურის და ბოლოს იელის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო სადოქტორო ხარისხი ფსიქოლოგიაში კ. ჰალის ხელმძღვანელობით. მუშაობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ყველაზე დიდი ხანი დაჰყო ჰარვარდის უნივერსიტეტში, იყო პროფესორი და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. მაკ-კლელანდს მიღებული აქვს APA-ს ჯილდო „მეცნიერებაში თვალსაჩინო მიღწევებისთვის”, რომელიც ყველაზე პრესტიჟულია ფსიქოლოგთათვის.

მაკ-კლელანდი ყველაზე მეტად ცნობილია სპეციფიკურად ადამიანური, შეძენილი მოტივაციის კვლევებით, მის თეორიას „შეძენილი მოტივაციის თეორია” ეწოდება. მან 1940-იან წლებში მოჰკიდა ხელი ადამიანის ქცევის აღმძვრელი ძალების შესწავლას თემატიკური აპერცეფციის მეთოდით, რომელიც მაშინ სიახლე იყო. ამ კვლევების საფუძველზე მაკ-კლელანდმა დაასკვნა, რომ იმ მოტივებს შორის, რომელთაც ადამიანი შეიძენს ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად, სამი მთავარი ჯგუფი გამოიყოფა. ესენია: მიღწევის მოტივაცია (მისწრაფება, მიაღწიო რთული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტას), აფილიაციის მოტივაცია (გარშემომყოფებთან კარგ ურთიერთობათა აწყობის მოთხოვნილება) და ძალაუფლების მოტივაცია (სხვების ქცევაზე გავლენის მოხდენის მისწრაფება (ძალაუფლების მოთხოვნილება)). ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ესა თუ ის მოტივი შეიძლება მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი იყოს და ყველა ადამიანში ეს მოტივები სხვადასხვაგვარ ურთიერთდამოკიდებულებაშია {ქცევის მოტივაციის შედგენილობა}. ადამიანის ქცევის მოტივაცია, როგორც წესი, რამდენიმე მდგენელისგან შედგება, თითოეული მათგანისთვის არსებობს მოტივების ოპტიმალური შეთანხმებულობის ვარიანტი. ამასთან, მიღწევის მოტივაცია ყოველთვის განსაკუთრებულია - მისი მაღალი დონე უმრავლეს შემთხვევაში არათუ სასურველია, არამედ აგრეთვე აუცილებელიც.

მაკ-კლელანდი არ იზღუდებოდა მეცნიერული ფსიქოლოგიით და აკადემიური კვლევით. იგი თავად ხელმძღვანელობდა წარმატებულ საკონსულატაციო ფირმას ბიზნესის მარკეტინგის დარგში და ცნობილია იმით, რომ თამამად გადაჰქონდა კონცეფციები და მეთოდები პრაქტიკაში. მაკ-კლელანდმა თემატიკური აპარცეფციის რთული მეთოდი გაიტანა ლაბორატორიის კედლებიდან და პრაქტიკული ქცევის ინსტრუმენტად აქცია, შეიმუშავა რა მოტივების გამოვლენისა და შეფასების სანდო სქემები.

კვლევის ეს ხაზი განზოგადებულია წიგნში „მიღწევის საზოგადოება” (1961), რომლებშიც ავტორი ასაბუთებს, რომ მიღწევის მოტივაცია ეკონომიკური აყვავების საწინდარია. საზოგადოებაში შესაბამისი მოტივის გამოვლენის ოდენობის შეფასებით შესაძლებელია საკმაო დარწმუნებით განისაზღვროს ეკონომიკური ზრდის ტენდენციები. მაკ-კლელანდმა მიუთითა აგრეთვე ინტელექტის კოეფიციენტის ტესტირების დაბალ საპროგნოზო ღირებულებაზე და მოუწოდა, მეტი ყურადღება მიექცეს ყოველგვარი ქცევის მოტივაციურ მხარეს. შემდგომში ეს აზრები ფართოდ გახმაურდა სამეცნიერო წრეებს გარეთაც და ზოგჯერ უაზრობამდეც კი გაზვიადდა: „უნარები არაფერია, მოტივაცია - ყველაფერი” . ამას მაკ-კლელანდი, რა თქმა უნდა, არ ამბობდა.

მაკ-კლელანდი ნაყოფიერი ავტორი იყო. მის მრავალრიცხოვან წიგნებში მაინც შეიძლება გამოიყოს საეტაპო „მიღწევის მოტივაცია” (1953) და შემაჯამებელი „ადამიანური მოტივაცია” (1987).

პირადი უნარიანობის მნიშვნელოვნების დაკნინება და მოტივაციის მნიშვნელოვნების გაზვიადება განათლების სისტემებშიც გავრცელდა. ეს თეორიულადაც მცდარია (ვინაიდან მოტივაციის სიძლიერეც ადამიანის შესაბამის პირად დისპოზიციას და შესაბამის ნებელობით უნარიანობას ემყარება); ემპირიულადაც მცდარია, რასაც საგანგებო მასობრივ და ლონგიტიდურ კვლვათა შედეგების სტატისტიკური ანალიზი ამტკიცებს (მოყოლებული ჩ. სპირმენიდან {ინტელექტის კოეფიციენტი}{მიშელის ექსპერიმენტი}); და პრაქტიკულადაც მცდარია, რადგან ყველა გამოცდილმა მასწავლებელმა იცის პირადი უნარიანობის (კერძოდ, გონებისა და ნებისყოფის) გადამწყვეტი მნიშვნელოვნება. ამის მიუხედავად, ამჟამადაც ინტერნეტში მრავლადაა ფსევდომეთოდიკები, რომლებიც ყველა მსურველს აძლევს გარანტიას, რომ, საკმარისი მონდომებისას, ნებისმიერი მიმართულებით მიაღწევენ წარმატებას („ოცი ნაბიჯი პროფესიონალიზმის მისაღწევად” და მისთანა). სასკოლო განათლებაშიც დამკვიდრდა მსგავსი ყალბი სტერეოტიპები, რომლებიც „ჰუმანიზმად“ მიაჩნიათ.

დ. მაკ-კლელანდი მ. ვებერის მიმდევარი იყო და უაღრესად საინტერესო კვლევები ჩაატარა მაქს ვებერის თეორიის მიმართულებით. ეს კვლევები მნიშვნელოვანია არამარტო ფსიქოლოგიისთვის, არამედ აგრეთვე პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტუროლოგიისთვის. მაკ-კლელენადის მიერაა შემუშავებული და გამოკვლეული აგრეთვე „ქალური ძალაუფლების“ ცნება. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები