მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი ნიკოლოზი

მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე) – მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ერისკაცობაში ხუტა ღენტორის ძე მახარაძე, დაიბადა 1932 წლის 28 ივნისს, ქუთაისში. ქუთაისის №1 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1954 წელს სწავლა განაგრძო ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე რუსული და ინგლისური ენების სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1959 წელს. 1959-1971 წლებში მუშაობდა იმავე ინსტიტუტში ინგლისური და რუსული ენების ლექტორად.

1972 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1975 წელს და სემინარიაში დაიწყო მუშაობა ჰომილეტიკისა და ეკლესიის ზოგადი ისტორიის ლექტორად. 1977 წლის იანვარში აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ აკურთხა ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად განაწესა სოხუმის საკათედრო ტაძარში. 1977 წლის მაისში აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. არქიმანდრიტი ნიკოლოზი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი, სამოციქულო ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრების მუშაობაში. მან 23 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში კრების მონაწილეთათვის წაიკითხა მოხსენება „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, წარსული, აწმყო და მომავალი“.

1978 წლის 8 თებერვალს წმიდა დავით აღმაშენებელს ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის წინადადებით გამორჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 19 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძარში საღამოს ლოცვაზე, რომელსაც ესწრებოდნ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, მანგლელი მიტროპოლიტი გიორგი, ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი, წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი. შესრულდა არქიმანდრიტ ნიკოლოზის ეპისკოპოსად ხელდასხმა. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიულოცა ეპისკოპოსად ხელდასხმა და შეახსენა იმ სირთულეებისა და პრობლემების შესახებ, რომელნიც მრავლად შეხვდებოდა ცხოვრების გზაზე, განსაკუთრებით ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში. ეპისკოპოსი ნიკოლოზი დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარედ. 1978 წლის ოქტომბერში მეუფე ნიკოლოზი, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი, იმყოფებოდა რომში პაპის – იოანე პავლე I-ის დაკრძალვაზე და შემდეგ ახალი პაპის იოანე პავლე II-ის აღსაყდრებაზე. ახალი პაპი საბჭოთა უშიშროების კომიტეტისათვის მიუღებელი პერსონა იყო. კარგი დღე არც იმ მღვდელმთავრებს დაადგათ, ვინც პაპს შეხვდნენ, მიტროპოლიტი იუვენალი გადაყენებულ იქნა რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარეობიდან, არქიეპისკოპოსი კომიტასი უეცრად გარდაიცვალა სომხეთში, ეპისკოპოსი ნიკოლოზი შევიწროებას განიცდიდა ცხუმ-აფხაზეთში რელიგიის საქმეთა რწმუნებულის, გააფხაზებული ქართველის, ა. ლაგვილავას მიერ. 1978 წლის 14 დეკემბერს მეუფე ნიკოლოზი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისსში, 1979 წლის 7 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დაჯილდოვა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით. მეუფე ნიკოლოზი, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-სთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში, იერუსალიმში, ბულგარეთში, მოსკოვში. მან უმასპინძლა ალექსანდრიის, იერუსალიმის, ანტიოქიის, სომხეთის ეკლესიების მეთაურებს საქართველოში. 1981 წლის დასაწყისში მას მიეცა მიტროპოლიტობა, 1981 წლის 9 ექტემბერს იგი გადაყვანილ იქნა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად, რამაც ყოფილი ქუთათელის – მიტროპოლიტ შიოს (ავალიშვილი) განრისხება გამოიწვია. მან ჯერ უარი განაცხადა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში გადასვლაზე, შემდეგ კი დაიწყო საჩივრების წერა საერო ხელისუფლებაში... წერილებში განსაკუთრებით მძაფრად აკრიტიკებდა მიტროპოლიტ ნიკოლოზს... 1983 წელს მიტროპოლიტი ნიკოლოზი განთავისუფლდა ქუთათელ-გაენათელობიდან და დაყვანილ იქნა ბერობის ხარისხზე... გადაიტანა ინფარქტი... მკურნალობდა ხანგრძლივი დროის მანძილზე. გამოჯანმრთელებისთანავე ხან ზედაზენზე და ხან ჩუღურეთის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში მედავითნეობდა, გარდაიცვალა 2008 წლის 5 ივლისს, თბილისში, 8 ივლისს დაიკრძალა ჩუღურეთის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები