ნაისერი ულრიჰ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაისერი ულრიჰ

ნაისერი ულრიჰ - Neisser Ulric, Найссер Ульрик, 1928-2012

ამერიკელი ფსიქოლოგი, კოგნიტივიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ფსიქოლოგიის ამ მიმდინარეობის ფორმირების საქმეში. სწავლობდა ჰარვადში ჯ. მილერის და სოუთმორის კოლეჯში ვ. კელერის ხელმძღვანელობით. ასწავლიდა ბრანდერასის, კორნელის და ემორის უნივერსიტეტებში. იყო აშშ-ს მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი.

ნაისერი კვლევით ასპარეზზე 1950-იანი წლების ბოლოს, ამერიკაში ბიჰევიორიზმის საყოველთაო ბატონობის ხანაში გამოვიდა. მაგრამ იგი თავიდანვე კრიტიკული იყო ბიჰევიორიზმის მიმართ და უპირატესობას გეშტალტფსიქოლოგიას ანიჭებდა. ნაისერი ეწეოდა შემეცნებითი პროცესების ექსპერიმენტულ კვლევას, რომლის შედეგები განაზოგადა საპროგრამო წიგნში „კოგნიტივისტური ფსიქოლოგია” (1967). აღნიშნულ ნაშრომში კოგნიციური ანუ შემეცნებითი აქტივობა განსაზღვრულია ისეთ ქმედებად, რომელიც ცოდნის ან ინფორმაციის მიღებას, ორგანიზებასა და გამოყენებას უკავშირდება. კოგნიტივისტური ფსიქოლოგიის ამოცანა, არსებითად, იმის დახასიათებაა, თუ როგორ მოძრაობს ინფორმაციის ნაკადი სისტემაში. შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების შესწავლის მიმართ ამგვარი ინფორმაციული მიდგომა ორ ძირითად დაშვებაზეა დამყარებული:

1) ფსიქიკაში, როგორც რთულ სისტემაში, ხდება ინფორმაციის ეტაპობრივი გადამუშავება;
2) სისტემის მოცულობა და გამტარუნარიანობა შეზღუდულია; ამას უკავშირდება მოსაზრება ინფორმაციის გადამუშავების პროცესების უწყვეტობის შესახებ.

ინფორმაციული ნაკადის გადამუშავების პროცესის სტადიების დასაზუსტებლად ნაისერმა შემოიტანა დღეს ფართოდ ხმარებადი ახალი ტერმინები, როგორიცაა „იკონიკური მეხსიერება”, „ექოსებრი მეხსიერება” და სხვა. შემდგომში ნაისერმა გამოქვეყნა წიგნი „შემეცნება და რეალობა”, რომელშიც გამოთქვამდა უკმაყოფილებას კოგნიტივიზმში არსებული მდგომარეობის გამო. მისი აზრით, კოგნიტივისტური მოდელები არაა ეკოლოგიურად ვალიდური {ეკოლოგიური ვალიდურობა}. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ხელოვნურობისა და ლაბორატორიულობის გამო, ისინი ვერ გამოხატავენ შემეცნებითი პროცესების ყოველდღიურ და ბუნებრივ მოქმედებას. კოგნიტივიზმმა ვერ შექმნა შემეცნებითი პროცესების ერთიანი სურათი. საბოლოოდ ნაისერი, კოგნიტივიზმის ერთერთი მესვეური, თავად გახდა მისი პრინციპული კრიტიკოსი. ნაისერის ბოლოდროინდელი კვლევები საფუძველს უქმნის ეკოლოგიურ მიდგომას, რომელიც გახდა ინფორმაციული ტექნოლოგიების ალტერნატივა კოგნიტივისტური ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები