ნიყვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Niyvi.PNG

ნიყვი (ლათ. Amanita caesarea. (Fr.) Pers. Ex Schw. რუს. Цезарский гриб)

ქუდი – 20 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ – გაშლილი, ზედაპირზე ახასიათებს თეთრი, დიდი ფიფქები, რომლებიც ჩქარა ქრება და უმეტესად ქუდი ტიტველი რჩება; კიდეები ზოლიანია, მოწითალო-ნარინჯისფერი. ფირფიტები ხშირია, განიერი და ყვითელი ფერისაა.

ფეხი – 8-15 სმ სიგრძისა და 1,5-2 სმ სისქისაა; ცილინდრული, ძირში ბოლქვისებურად გამსხვილებულია და ჩამჯდარია პარკისებრ წარმონაქმნში (ვოლვაში); ახასიათებს ყვითელი განიერი საყელო, რომელიც შიგნიდან (ფირფიტების მხრიდან) ზოლიანია. ფეხის ზედაპირი საყელოს ზემოთ ზოლიანია, ქვემოთ – სადა ყვითელი. რბილობი – კანის ქვეშ ყვითელია, შიგნით კი – მოთეთრო.

სპორები – ელიფსისებრ-კვერცხისებრია, უფერული 10-12X6,7 მკმ. იზრდება ნიადაგზე, ნესტიან მუხნარში, წიფლნარსა და წაბლნარში ზაფხულ-შემოდგომით, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. ითვლება ყველაზე საუკეთესო საჭმელ სოკოდ.

საქართველოს მოსახლეობა დიდად აფასებს ნიყვს და დიდი რაოდენობითაც ხმარობს საჭმელად. ნიყვი იშვიათი სოკოა, ამიტომ მიზანშეწონილია გამოიყოს გარკვეული ტერიტორია ნიყვის გავრცელების ზონაში, სადაც აიკრძალება მისი შეგროვება, რომ ეს ძვირფასი სოკო სრულიად არ გაქრეს საქართველოში.

ნიყვს წააგავს შხამიანი ცადამაყვანა, რომლის ფირფიტები და ფეხი, ნიყვისაგან განსხვავებით, თეთრი ფერისაა.

ნიყვი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, მას დიდი სიამოვნებით მიირთმევდნენ რომის იმპერატორები – საიდანაც მოდის მისი ლათინური სახელწოდება. არსებობს ვარაუდი, რომ რომის იმპერეტორი კლავდიუსი (I ს.) მოწამლა ცოლმა – აგრიპინამ (მომავალი იმპერატორის ნერონის დედამ), რომელმაც ნიყვთან ერთად შხამა-სოკოც შეაპარა „საყვარელ“ მეუღლეს.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები