ოფშორული კომპანია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოფშორული კომპანია - (offshore company) - ფირმა, რომელიც მთლიანად თავისუფლდება გადასახადებისაგან, ან სარგებლობს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით. იგი, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს თავისი ოფიციალური იურისდიქციის რეზიდენტი, ე.ი. არარეზიდენტულია იმ ტერიტორიაზე, სადაც რეგისტრირებულია. აქედან წარმოდგება ტერმინი offshore, რაც „ნაპირს გარეთ” საქმიანობას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მართვის ცენტრი საზღვარგარეთ მდებარეობს. აღნიშნული ტერმინი პირველად გამოიყენეს დიდ ბრიტანეთში, სადაც იგი ამავე დროს ნიშნავს საქმიანობას „საზღვრის გარეთ”.

ოფშორული კომპანიის ნებისმიერი კომერციული ოპერაცია უნდა ხორციელდებოდეს იურისდიქციის ზღვარს იქით, სადაც რეგისტრირებულია კომპანია. იგი იხდის მხოლოდ ყოველწლიურ სარეგისტრაციო გადასახადს. ასეთ კომპანიებში გამარტივებულია სარეგისტრაციო პროცედურა და მმართველობა, არ ხორციელდება სავალუტო კონტროლი. მათ არ მოეთხოვებათ აუდიტორული შემოწმება, მინიმუმამდეა დაყვანილი საფინანსო ანგარიშგება.

ოფშორული კომპანიის მფლობელობა ხორციელდება ანონიმურობისა და კონფიდენციალურობის მაღალი გარანტიით, რაც განმტკიცებულია საყოველთაო უფლებათა ნორმებით და იმ კანონმდებლობით, სადაც რეგისტრირებულია იგი. ოფშორულ კომპანიას შეიძლება ჰქონდეს წარმომადგენლობები და ფილიალები საზღვარგარეთაც. უკანასკნელ პერიოდში ოფშორული მომსახურების მარეგულირებელი კანონმდებლობა სულ უფრო მოქნილი ხდება.

ამ ბოლო დროს ყურადღებას იპყრობს დაბეგვრის „მცოცავი” სკალის მქონე საერთაშორისო კომპანიების გამოჩენა, რომელთათვისაც გადასახადს ადგენენ შემოსავლების წყაროს შესაბამისად. შემოსავალზე გადასახადი ტრადიციულ კომპანიებთან შედარებით ბევრად ნაკლებია ოფშორული კომპანიის მიმართ, ან საერთოდ არ არსებობს. ისინი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობენ.

ოფშორული ტიპის ფირმების რიცხვს მიეკუთვნება აგრეთვე კომპანიები „კერძო” ოფშორული რეჟიმით. საქმე ეხება ისეთ კომპანიებს, რომელთა ოფშორული ოპერაციები განთავისუფლებულია გადასახადების ნაწილისაგან. ამგვარი კომპანიები რეგისტრირებულია, მაგალითად, შვეიცარიაში. ამ ქვეყნის კანონმდებლობა განსაზღვრული ტიპის ფირმებს ოფშორული საქმიანობის განხორციელების ნებას რთავს.

ოფშორული ფირმების ფინანსური მომსახურებისთვის იქმნება ოფშორული ბანკები, სხვადასხვა სახის საფინანსო კომპანიები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს „ანტიოფშორული” კანონმდებლობა, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების რთულ სისტემაში ოფშორული ბიზნესის პოტენციალი საკმაოდ დიდია. კერძოდ, ოფშორული კომპანიის მფლობელს ენიჭება უცხოური კომპანიის სახელით ხელმოწერის უფლება, მისი საბანკო ანგარიშის ოპერატიული მართვის ნებართვა, უცხოური კომპანიის სახელით ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა, შვილობილი კომპანიებისა და საზღვარგარეთ თავისი წარმომადგენლობების შექმნის უფლება და ა.შ. ოფშორული ფირმის შექმნით მისი მფლობელისათვის ხელმისაწვდომი ხდება საფინანსო და საინვესტიციო მომსახურებით სარგებლობა. მაგ., ფართოდ არის დანერგილი ოფშორული ფირმის მეშვეობით, კორპორაციულ-დებეტური და საკრედიტო-საბანკო ბარათების გახსნა.

ოფშორული კომპანიების რეგისტრაციის ფორმა განისაზღვრება ინგლისურ-საქსონური და ფრანკო-გერმანული სამართლებრივი სისტემებით. ინგლისურ-საქსონური სამართლებრივი სისტემის ორგანიზაციული ფორმებია: ინდივიდუალური საწარმო, სრული პარტნიორობა, შეზღუდული პარტნიორობა, კერძო კომპანია, საჯარო კომპანია (კორპორაცია), საერთაშორისო ბიზნესის კომპანია. ფრანკო-გერმანული სამართლებრივი სისტემის ორგანიზაციული ფორმებია: ინდივიდუალური საწარმო, სრული ამხანაგობა, კომანდიტური ამხანაგობა, დახურული აქციონერული საზოგადოება, ღია აქციონერული საზოგადოება, საერთაშორისო ბიზნესის კომპანია. ოფშორული კომპანიის რეგისტრაცია ხორციელდება მოცემული ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები