პეკინის ოპერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალის როლის შემსრულებლის კოსტიუმი ჩინური ოპერიდან

პეკინის ოპერა – პეკინის ოპერა XVIII საუკუნეში ჩამოყალიბდა. ქინგის დინასტიის იმპერატორ კანგჰსის (K’ang-his – 1662-1722) მმართველობის 55-ე წელს, დედაქალაქში ოთხი რეგიონის მთავარი ოპერის დასი გაერთიანდა, თითოეულის გამომსახველობითი ფორმები, სტილი თუ ტრადიცია შეაჯერეს და ამგვარად შექმნეს პეკინის ოპერა.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ოპერის ინტეგრაციითა და კომბინაციით, ჩამოყალიბდა პეკინის ოპერა. ის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩინეთის ოპერებს შორის, რაც მდიდარი რეპერტუარისა და ბევრი ცნობილი ხელოვანის დამსახურებაა. ტრადიციული დადგმები დიდ როლს ასრულებენ ჩინეთის კულტურის შენარჩუნებაში.

პეკინის ოპერა – ეს არის სინთეზი სტილიზებული მოქმედების, სიმღერის, დიალოგის, მიმიკების, აკრობატული მოქმედებების, იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ ისტორია განსხვავებული პერსონაჟებით, მათი სიხარულის, სიბრაზის, სევდის, ბედნიერების, გაოცების, შიშისა და მწუხარების აღსაქმელად. პერსონაჟები შეიძლება ლოიალურები ან ვერაგები იყვნენ, ლამაზები ან მახინჯები, კარგები ან ცუდები, მათი როლი ყოველთვის გამოირჩევა განსხვავებული, კაშკაშა კოსტიუმებით, რომლებიც ძველი ჩინეთის სტილს გვიჩვენებენ.

სარჩევი

პეკინის ოპერის რეპერტუარი

ტრადიციული ოპერები, ძირითადად, ძველი დინასტიების შესახებ გვიამბობენ. მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს გვახსენებენ: იმპერატორების, მინისტრებისა და გენერლების, ასევე იმდროინდელი გენიოსებისა და ლამაზმანების შესახებ. ისინი წარმოადგენენ ისტორიებს ძველი დროიდან. ყველაზე ცნობილი და პოპულარული ამბები ჩინური ოპერის ისტორიაშია: „ორფანი ჭაოს ოჯახიდან“, „სპილენძის თხუთმეტი სიმი“, „ცარიელი ქალაქის წესები“, „თეთრი გველის ამბავი”, „მთვრალი მიჯნური”, „მარტორქა-ხაფანგი“ და ასე შემდეგ.

პეკინის ოპერის მუსიკა

პეკინის ოპერის მუსიკა გრაციოზულობით გამოირჩევა, მელოდიების ჰარმონიული რიტმი, რომელიც ორ ჯგუფად იყოფა: „Xipi“ და „Erhong“. ოპერის მომღერლები დასარტყამი და სიმებიანი ინსტრუმენტებით შესრულებული მელოდიის თანხლებით გამოდიან. მთავარი ინსტრუმენტი არის ძინგ ჰუ (Zing hu – ორსიმიანი სავსე, მთვარის ფორმის მუსიკალური ყუთი).

პეკინის ოპერის პერსონაჟთა კოსტიუმები

სპექტაკლების ყველაზე ცნობილი და აღიარებული ნაწილია გრაციოზული კოსტიუმები, ელეგანტური, ბრწყინვალე დიზაინი და ფერი. ისინი, ძირითადად, ხელნაკეთი და ნაქარგია, ჩინური თარგები ბუნებრივია და კოსტიუმებს მაღალი ესთეტიკური ღირებულება აქვთ. გრიმი და, ზოგჯერ, ნიღაბი პეკინის ოპერის ესთეტიკურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფერები მდიდარია და მათი მეშვეობით სხვადასხვა სიმბოლო გამოიხატება. მაგალითად, შავი ფერი ყოველთვის ინტელექტუალურ პერსონაჟებს წარმოაჩენს, ხოლო თეთრი, ხშირ შემთხვევაში უზნეობას აღნიშნავს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩინელი ფილოსოფოსები სათეატრო წარმოდგენის თითოეულ აქტს განიხილავენ, როგორც სამყაროს მშვენიერების აღქმასა და მის წარმოსახვას, ჩვენებას. კონფუცი თავის დიალოგებში ეხება უძველეს ჩინურ სათეატრო ხელოვნებას და აღნიშნავს, რომ ეს სანახაობები არის სიმბოლური კავშირი ცასა და დედამიწას შორის, მათ ქმედებაში იკითხება ის ცხოვრებისეული სიბრძნე და მორალი, რომლითაც ჩვენ, ადამიანებს, გვიწევს ცხოვრება, მისი გაცნობიერებით კი, შესაძლებელია ჭეშმარიტებამდე მისვლა.

თამარ ცაგარელი

იხილე აგრეთვე

ჩინური ოპერა

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები