ჟიროდუ ჟან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ჟიროდუ

ჟიროდუ ჟან - (ფრ. GIRAUDOUX JEAN. 1882 - 1944). ფრანგი მწერალი, დრამატურგი და დიპლომატი.

ბიოგრაფია

XX საუკუნის პირველი ნახევრის ფრანგული ინტელექტუალური დრამის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ჟან ჟიროდუ. იგი დაიბადა 1882 წელს. ჟან ჟიროდუ მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, ორჯერ იყო დაჭრილი, მიღებული ჰქონდა მთელი რიგი სამხედრო ჯილდოები; მუშაობდა დიპლომატიურ სარბიელზე. მისი დიპლომატიური კარიერა მეორე მსოფლიო ომის დროს შეწყდა. დაკავშირებული იყო წინააღმდეგობის მოძრაობასთან. 1944 წლის იანვარში პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა. ფიქრობდნენ, რომ მოწამლეს.

ჟიროდუ დრამატურგიას მას შემდეგ უკავშირდება, რაც უკვე მოიპოვა აღიარება, როგორც მწერალმა, მთელი რიგი სტატიების, მოთხრობებისა და რომანების ავტორმა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო: „სიმონ პათეტიკური“ (1918), „სიუზანა და წყნარი ოკეანე“ (1921), „ბულღა“ (1926). 1926 წელს შედგა ჟიროდუსა და ახალგაზრდა რეჟისორის ლუი ჟუვეს შეხვედრა. ამ შეხვედრამ გადამწყვეტი როლი იქონია არა მხოლოდ მათ შემოქმედებით ცხოვრებაზე, არამედ ფრანგული თეატრის ბედზეც. ანდრე ანტუანი სრული სამართლიანობით წერდა: „ჟან ჟიროდუს მოსვლა თეატრში - ეს მოვლენაა, რომელსაც ღრმა გამოძახილი ექნება თანამედროვე თეატრალურ მოძრაობაში“.

ჟიროდუ დაჰყვა ჟუვეს რჩევას და საკუთარი რომანის „ზიგფრიდი და ლიმუზენის“ (1922) საფუძველზე შექმნა პირველი პიესა „ზიგფრიდი“ (1928), რომლის დადგმაც ჟუვემ განახორციელა. დრამის ცენტრშია ფრანგი ლიტერატორის ჟაკ ფორესტიეს ტრაგიკული ისტორია, რომელმაც მძიმე ჭრილობის შემდეგ მეხსიერება დაკარგა. იგი შემთხვევით ხვდება გერმანელების ტყვეობაში, სადაც გერმანელში ეშლებათ და ხდება ლეგენდარული ნაციონალური გმირი ზიგფრიდი - 30-იანი წლების გერმანული მხედრული სულის სინონიმი. უკვე ამ ადრეულ პიესაში გამოჩნდა ჟიროდუს მიდრეკილება სერიოზული ფილოსოფიურ-სოციალური პრობლემატიკისადმი და კავშირი ფრანგული ინტელექტუალური თეატრის ტრადიციებთან. პიესაში მთავარი გმირი ცდილობს წარსულის გახსენებას. მის დასაუფლებლად ორი ადამიანი იბრძვის - გერმანელი ფანატიკოსი ევა, რომელიც მისგან ზიგფრიდის სიმბოლოს შექმნას ცდილობს და ფრანგი ჟენევიევა. ბოლო სცენა საზღვარზე ვითარდება, სადაც ზიგფრიდმა უნდა გააკეთოს არჩევანი გერმანიასა და საფრანგეთს შორის. პიესაში კონფლიქტი ქვეყნებს შორის კი არა, არამედ გმირის შინაგან სამყაროში მიმდინარეობს.

ამ პიესაში დასმულ შეკითხვებს ჟიროდუ მხოლოდ 1930 წელს გასცემს თავისებურ პასუხს ერთმოქმედებიანი დრამით „ზიგფრიდის დასასრული“. ამ პიესაში გმირი მკვლელების ხელით სასიკვდილოდ დაიჭრება. მას სიკვდილის წინ უბრუნდება მეხსიერება და ეძლევა არჩევანის გაკეთების საშუალება. ავტორისთვის პიროვნების მიერ საკუთარი „მეს“ პოვნა მხოლოდ ტრაგიკული დასასრულის ხარჯზე არის შესაძლებელი ამ არეულ და მძიმე ცხოვრებაში.

ჟიროდუს შემოქმედების პირველ პერიოდს მიეკუთვნება ასევე „ამფიტრეონი 38“ (1929), „ივდითი“ (1931), „ინტერმეცცო“ (1932). ყველა ეს პიესა ჟუვემ დადგა და დიდი წარმატებაც მოუტანა დრამატურგს.

„ამფიტრეონ 38“-ში ავტორი უკვე დაოსტატებული დრამატურგია, რომელიც ფრანგულ თეატრში ინტელექტუალურ დრამას ამკვიდრებს. მითოლოგიური ფაბულის შენარჩუნებით ჟიროდუ ოსტატურად აერთიანებს კომედიურ და ღრმა დრამატიზმით აღსავსე სცენებს. კონფლიქტი ობივატელურ ცნობიერებასა და ბუნებრივ, გონივრულ სიბრძნეს შორის მთავარ მოტივად იქცევა. პიესაში ასევე ვხვდებით ჟიროდუსთვის დამახასიათებელ ანტიმილიტარისტულ თემას. დიალოგი დახვეწილია, ჟიროდისეული იგავის პირობითობას ახასიათებს ღრმა ფსიქოლოგიზმი და გმირების კარგად დამუშავებული ხასიათები.

მიმართავს რა მითს, მის ჰუმანიზაციას ახდენს. მითოლოგიურ-ბიბლიური სიუჟეტების საშუალებით ცდილობს პრობლემათა ზედროულ განზოგადებას. ჟიროდუ აგრძელებს კოკტოს წამოწყებებს, მაგრამ მისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანს ბედისწერას აპირისპირებს, იგი დრამას აგებს რაციონალურ, გამოკვეთილ, რეალურ ცხოვრებისეულ ძალთა წინააღმდეგობებზე, მსოფლმხედველობით კონფლიქტებზე. სწორედ ეს გახლავთ ჟიროდუს ინტელექტუალური დრამის სპეციფიკა.

30-იანი წლების შუა პერიოდში იწყება ჟიროდუს შემოქმედების ახალი ეტაპი შემდეგი დრამებით:

  • „ტესა“ (1934),
  • „დამატებით, კუკის მოგზაურობისთვის“ (1935),
  • „ტროას ომი არ იქნება“ (1935), „ელექტრა“ (1937), „სიმღერათა სიმღერა“ (1938),
  • „უნდინა“ (1939).

ყველა ეს პიესა ასევე ჟუვემ განახორციელა. 30-იან წლებში ფრანგული თეატრის მოვლენად იქცა „ტროას ომი არ იქნება“, სადაც მთავარ პრობლემად ომია. ავტორი ომზე პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანებს და არა ღმერთებს. მას მინიმუმამდე დაჰყავს მოქმედება, მთავარი ხდება იდეათა შეჯახება, პრობლემებს ფილოსოფიურად და სოციალურად განაზოგადებს, ადამიანთან კონფლიქტში შედის ხალხთა და ქვეყნების ბედისწერა.

ჟიროდუს „ელექტრა“ უფრო დრამატულია. აქ ყველაფერი იოლი და ნათელი აღარ არის. ავტორისთვის ძირითადია კონფლიქტი მკვლელსა და პატიოსან ადამიანს შორის. იგი ცვლის მითის სიუჟეტს, რომელშიც შურისძიება ცენტრალურ ადგილს აღარ იკავებს. ჟიროდუ ტრაგიკული საბედისწერო არჩევანის წინაშე აყენებს ელექტრას - ან ქალაქის, სახელმწიფოს დაღუპვა, ან შურისძიება. ელექტრა შურისძიებას ირჩევს.

ომის წლებში ჟიროდუ წერს პიესებს:

  • „აპოლონ დე ბელაკი“ (1942),
  • „ლუკრეციისათვის“ (1943),
  • „გადარეული შაიოდან“ (1942),

მაგრამ ისინი სცენაზე აღარ დადგმულა. გერმანელების ოკუპაციის დროს მისი მხოლოდ ერთი პიესა - „სოდომი და გომორი“ (1943) პარიზში დაიდგა.

გამოცემები ქართულ ენაზე

  • ამფიტრონ, 38: [პიესა] / ჟ. ჟიროდუ; ფრანგ. თარგმ. ი. ღოღობერიძემ. ხელოვნება თბილისი, 1990. N7, გვ.134-173
  • ტროას ომი არ იქნება. ორმოქმედებიანი პიესა / ჟ. ჟიროდუ; ფრანგულიდან თარგმნა გ. გეგეჭკორმა. საბჭოთა ხელოვნება 1979, N6, გვ.90-112
  • ტროას ომი არ იქნება = La guerre de Troie n'aura pas lieu: [პიესა 2 მოქმედებად] / ჟან ჟიროდუ; ფრანგ. თარგმნა სიბილა გელაძემ; რედ. დალი გერმანიშვილი; წინასიტყვ. გი ტესიესი. [თბ.]: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, [2011]



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები