რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი - (International Bank for Reconstruction and Development- IBRD), საერთაშორისო ფინანსური-საკრედიტო ინსტიტუტი, რომლის შტაბ-ბინა ვაშინგტონშია. დაარსდა 1945 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად და გაეროს ბრეტონ-ვუდსის კონფერენციის გადაწყვეტილებით (რომელიც ჩატარდა 1944 წლის ივლისში). არაოფიციალურად მსოფლიო ბანკად წოდებულ ორგანიზაციას 1947 წელს მიენიჭა გაეროს სპეციალური ორგანოს სტატუსი.

თავდაპირველად ბანკი დაკავებული იყო კაპიტალური რესურსების თავმოყრითა და განაწილებით ომისშემდგომი ევროპის აღსადგენად. აღდგენის ევროპული პროგრამის მთავარი ამოცანა იყო განვითარების მონაწილე ქვეყნებისათვის შეღავათიანი სესხების გაცემა 5 წლის ვადითა და 15 წლის ან მეტი ხნით დაფარვის პირობით. თანამედროვე პირობებში ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა „მესამე სამყაროს“ ქვეყნების განვითარების დაკრედიტება.

ბანკის საქმიანობა ფინანსდება მონაწილე ქვეყნების შენატანების ხარჯზე (ამ ქვეყნების რაოდენობა 1990 წელს 153 იყო, ამჟამად 185-ია). ბანკი აგრეთვე ახორციელებს და კოორდინაციას უწევს ტექნიკური დახმარების მრავალი სახის პროგრამას. ამასთან, იგი თანამშრომლობს განვითარების პრობლემებით დაკავებულ სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან, ხელმძღვანელობს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტებს, მონაწილე ქვეყნების იმ სამთავრობო ჩინოვნიკების მომზადების სასწავლო დაწესებულებებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ განვითარების პროგრამების შეფასებასა და შესწორებაში. სესხების გაცემასა და ტექნიკურ დახმარებაში ბანკის საქმიანობას ავსებს კიდევ სამი ორგანიზაციის მონაწილეობა, ესენია: საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, მრავალმხრივი ინვესტირების გარანტიის სააგენტო, რომლებიც, შესაბამისად, შეიქმნენ 1956, 1960 და 1988 წლებში.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები