რელიგიური პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რელიგიური პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების რელიგიური პოლიტიკა რამდენიმე ასპექტით გამოვლინდა:

1. ქონებრივი საკითხი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას იურიდიულად უძრავი და მოძრავი ქონების ფლობის უფლება ჩამოართვა და ყველაფერი სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა, ამით ეკლესიას არსებობის მატერიალური შესაძლებლობა წაერთვა და ის მხოლოდ მრევლისგან შენაწირი თანხის იმედად დატოვა, რაც, თუ გავითვალისწინებთ იმ დროინდელი საზოგადოების მძიმე ეკონომიკურ ყოფას, მისი მძიმე მდგომერეობისათვის გაწირვის ტოლფასი იყო; 2. სასულიერო განათლების საკითხი, რომლის მიხედვითაც ყველა სახის სასულიერო განათლება გაუქმდა, მათ შორის სასულიერო სემინარია რიგით და ჩვეულებრივ დაწესებულებად გადაკეთდა. ეს ყველაფერი მართლმადიდებელ ეკლესიას საშუალებას უსპობდა, აღეზარდა მომავალი სასულიერო კადრები; 3. სასულიერო გამოცემების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რელიგიურ თემატიკაზე ოფიციალური ცენზურა არ არსებობდა, რელიგიური შინაარსის გამოცემები უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით იბეჭდებოდა, გარდა ამისა, სახელმწიფომ არ დაამტკიცა საქართველოს ეკლესიის პერიოდული გამოცემის საკითხი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების დამოკიდებულება რელიგიისადმი მთავრობის სოციალისტური იდეოლოგიით უნდა აიხსნას. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალა მკვეთრად სეკულარისტულ პოლიტიკას ატარებდა. ხელისუფლება მედიის მეშვეობით მკვეთრ ანტირელიგიურ პროპაგანდას არ აწარმოებდა. (მიხეილ ქართველიშვილი)

სარჩევი

რელიგიის საკითხი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობაში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობაში ყურადღება ეთმობოდა რელიგიის საკითხს და მართლმადიდებელი ეკლესიის როლს. ამ კუთხით მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 28 ნოემბრის კანონი საღვთო სჯულის სწავლების გაუქმებისა, რაც ითვალისწინებდა:
  1. ყოველი ტიპისა და საფეხურის სახაზინო და კერძო უფლებიან სკოლაში გაუქმდეს საღვთო სჯულის სწავლება და საღვთო სჯულის მასწავლებლის თანამდებობა.
  2. ხსენებულ სკოლებში დაიხუროს კრედიტი, რომელიც გახსნილი იყო საღვთო სჯულის მასწავლებელთა ჯამაგირისათვის;
  3. შტატს გარეშე დატოვებულ საღვთო სჯულის მასწავლებელთ მიეცეთ ჯილდო, რომელიც დაწესებულია 1918 წლის ივლისის 5-ის კანონით;
  4. იმ მშობლებს, რომლებიც მოისურვებენ თავის შვილებს თავის ხარჯით ასწავლონ საღვთო სჯული, დაეთმოთ სკოლის შენობა იმ საათებში, როდესაც ეს
  5. ხელს არ შეუშლის სხვა საგნების სწავლებას.
  6. ეს კანონი ძალაში შედის დღიდან მისი გამოქვეყნებისა მთავრობის ორგანო „საქართველოს რესპუბლიკა“-ში.

შემდეგი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების და საქართველოს რესპუბლიკის 1919 წლის 17 ივნისის კანონი უქმე დღეების შემცირებისა, რომლითაც გაუქმდა მირქმა უფლისა - თებერვლის 15; აღდგომის მესამე დღე - სამშაბათი, მეორე დღე სულიწმინდის მოფენისა, ფერისცვალება უფლისა - აგვისტოს 19, მიძინება ღვთისმშობლისა - აგვისტოს 28, ჯვართ-ამაღლება - სექტემბრის 27 და ტაძრად მიყვანება - დეკემბრის 4. რელიგიის თემატიკა ასევე აისახა 1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც თავი 16 ეხება სახელმწიფოს და ეკლესიას, რომლის მიხედვითაც:

მუხლი 142. სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან.
მუხლი 143. არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა;
მუხლი 144. ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.

სამღვდელოების დამოკიდებულება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რელიგიური პოლიტიკისადმი

ქართველ სამღვდელოებას ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რელიგიური პოლიტიკისადმი. ჯერ სასულიერო კრებული მოლოდინის რეჟიმში იყო: თუ რა პოლიტიკას გაატარებდა ხელისუფლება. როდესაც გამომჟღავნდა, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება ეკლესიის სახელმწიფოსაგან მკვეთრ გამიჯვნას გულისხმობდა, ამას ქართველი სასულიერო პირების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით ეკლესიას იურიდიულად არსებობის უფლებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა. გარდა ამისა, ხელისუფლებამ ეკლესიას ჩამოართვა ქონების ფლობის უფლება, ასევე სასულიერო განათლების უფლებაც. ყოველივე ამაზე ქართველი სასულიერო პირები ძალიან მწვავედ რეაგირებდნენ თავიანთ ქადაგებებსა თუ წერილებში, რის დასტურსაც კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს წერილი „წერილი ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის შესახებ“ წარმოადგენს. მასში მკაცრად არის გაკრიტიკებული ხელისუფლების მიერ გატარებული საეკლესიო პოლიტიკა. მიუხედავად აღნიშნულისა, ქართველი სასულიერო პირები ქართული სახელმწიფოს ერთგულები დარჩნენ.

მიხეილ ქართველიშვილი


ლიტერატირა

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული 1918-1921, თბ., 1990;
  • ქ. პავლიაშვილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1918-1921 წ. წ., თბ., 2000;
  • ქ. პავლიაშვილი, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელური ეკლესიის ისტორია (1800-1945), ნაწ. I, თბ., 2008.
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1918-1921 წწ., თბ., 2000;
  • კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, წერილი ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის შესახებ, გამოსაცემად მოამზადა ლ. ხუნდაძემ. თბ., 2005;
  • ქ. პავლიაშვილი, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია (1800-1945), ნაწ. I, თბ., 2008.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები