რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (მენშევიკების) ამიერკავკასიის VI საოლქო ყრილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (მენშევიკების) ამიერკავკასიის VI საოლქო ყრილობა და ეროვნული საკითხი - პირველმა მსოფლიო ომმა და რუსეთის რევოლუციამ ქართველ სოციალ-დემოკრატებს „საკუთარი თვალით ცქერა და საკუთარი ფეხებით სიარული ასწავლა“ (გ. ქიქოძე). მათ განსჯის საგნად საქართველოს მომავლის საკითხი გაიხადეს ეროვნული ღირებულებებისაკენ შემობრუნდნენ. ამის დადასტურება რსდმპ (მენშევიკების) ამიერკავკასიის საოლქო ყრილობა იყო.

ყრილობა 1917 წლის 11 ივნისს დაიწყო. იგი შესავალი სიტყვით ს. ჯიბლაძემ გახსნა. ყრილობას ამიერკავკასიის 41 ორგანიზაციის 60 ათასი წევრის სახელით 231 დელეგატი ესწრებოდა. დღის წესრიგის 15 განსახილველი საკითხიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ეროვნული საკითხი. ყრილობის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი ნ. ჟორდანიას მოხსენებამ - „ნაციონალური კითხვა ამიერკავკასიაში“ - გამოიწვია. ქართველი და კავკასიელი სოციალ-დემოკრატების ლიდერმა წინ წამოსწია მშობლიური ენის გასახელმწიფოებრიობისა და დაწესებულებათა ნაციონალიზაციის აუცილებლობა. რუსული ორიენტაციის მიუხედავად, მან მხარი დაუჭირა რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიის იდეას. ასევე, მან მხარი დაუჭირა ამიერკავკასიის ხალხთა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) გაერთიანებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ერთიანი სახელმწიფო წარმონაქმნის სახით. ამიერკავკასიის ერთა კანტონი, სამივე ერის ავტონომიურ ერთეულებს უნდა დაფუძნებოდა. კავკასიის ერთა გაერთიანების ჟორდანიასეული ეს მოდელი შვეიცარიის სინამდვილიდან იყო აღებული.

რსდმპ (მენშევიკების) ამიერკავკასიის VI ყრილობის მიერ მიღებული 12 რეზოლუცია ქართული ეროვნული სახელმწიფოს შექმნისათვის საფუძვლის მომზადებას ითვალისწინებდა და მის გადაწყვეტას რუსეთის დამფუძნებელ კრებას უკავშირებდა. ყრილობამ რსდმპ ამიერკავკასიის ორგანიზაციების წესდება დაამტკიცა, რითაც განსაზღვრა მათი სტრუქტურა და წევრთა მოვალეობა. ყრილობამ ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საოლქო კომიტეტი აირჩია: ნ. ჟორდანია (თავმჯდომარე); მოადგილეები: ნ. რამიშვილი და გ. ყარაჯაევი. მდივანი ბ. ჩხიკვიშვილი; წევრები: ს. ჯიბლაძე, ა. ზურაბოვი, ნ. ხომერიკი, ა. ერზინკიანი, ვ. ჯიბლაძე, ე. ნარიმანოვი, მიხაილჩენკო, ა. წულაძე.

შოთა ვადაჭკორია

ლიტერატურა

შ. ვადაჭკორია, სოციალ-დემოკრატიული პარტია პოლიტიკური სიტუაციისა და საქართველოს ავტონომიის შესახებ (რსდმპ ა/კ-ის VI საოლქო ყრილობის მასალების მიხედვით), იხ. საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები (XX საუკუნე), წიგნი I, თბ., 2003.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები