რუსო ჟან-ჟაკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან-ჟაკ რუსო

ჟან-ჟაკ რუსო – (ფრანგ. Jean-Jacques Rousseau1712-1778), ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, დრამატურგი, კომპოზიტორი. სენტიმენტალიზმის მამამთავარი.

ბიოგრაფია

რუსო დაიბადა 1712 წლის 28 ივნისს შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე - გრანდ რიუ, ჩვეულებრივ სახლში, ხელოსნის (მესაათის) ოჯახში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისი სამშობლო შვეიცარია იყო, ათეულობით და, შეიძლება ითქვას, ასეულობით ავტორი მას ფრანგ მწერლად, განმანათლებლად, ფილოსოფოსად, კომპოზიტორად, ჰუმანისტად, ლიტერატორად, ენციკლოპედისტად, ფრანგი ერის გენიად მოიხსენიებს. ამ, ერთი შეხედვით პარადოქსული, ფაქტის ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ რუსოს წინაპრები ფრანგები იყვნენ. დიდე რუსო საფრანგეთში ცნობილი წიგნებით მოვაჭრე იყო. იგი პროტესტანტულ სარწმუნოებას აღიარებდა და ამის გამო საფრანგეთის მაშინდელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა 1550 წელს ქვეყნიდან გასახლება მიუსაჯეს. სწორედ მაშინ დასახლდა ჟან-ჟაკ რუსოს დიდი პაპა შვეიცარიაში და სამუდამოდაც დარჩა იქ. დიდე რუსოს ერთ-ერთი შვილი იყო დავითი, რომლის შვილიც იყო ისააკ რუსო (ჟან-ჟაკის მამა). ჟან-ჟაკ რუსოს დედა, სუზანა ბერნარი, მის შობას გადაჰყვა. თვით რუსო, ცოცხალ-მკვდარი, მეტად სუსტი დაიბადა. მიუხედავად მამიდის მზრუნველობისა, თანდაყოლილმა სისუსტემ და ავადმყოფობამ მთელს მის სიცოცხლეს დააჩნია კვალი. გადამწყვეტი როლი მის აღზრდაში მისმა მამამ, ისააკმა შეასრულა. მან ადრიდანვე შეასწავლა შვილს წერა-კითხვა, შეაჩვია წიგნების კითხვას, თავმდაბლობას და ა.შ., თუმცა სხვადასხვა მიზეზების შედეგად, რუსოს დაკაცება უფრო მეტად თავისი დამოუკიდებელი ცხოვრების პირობებში მოუხდა. აქ გამომჟღავნდა მისი, როგორც მოხეტიალის, თვისებებიც. უყვარდა მოგზაურობა, დაკვირვება ცხოველებსა და ბუნებაზე და არაჩვეულებრივად შეეძლო მოვლენების ქაღალდზე გადმოტანა. უყვარდა სუფთა ჰაერზე, ჩიტების ჭიკჭიკში წერა და კითხვა.

29 წლის ასაკში, 1741 წლის შემოდგომაზე, რუსო საფრანგეთში (პარიზში) დასახლდა, სადაც გაიცნო გამოჩენილი ფრანგი განმანათლებლები, დენი დიდრო, დალამბერი და სხვა დიდი მოაზროვნენი, ენციკლოპედისტები. ისინი სისტემატურად ხვდებოდნენ ერთმანეთს კაფეებში თუ ბინებში და ილესავდნენ თავიანთ გონებას. ჟან-ჟაკ რუსოს ყოველთვის თან ჰქონდა უბის წიგნაკი, სადაც ასეთი შეხვედრების დროს უცაბედად გაჩენილ იდეებს ინიშნავდა. ჟან-ჟაკ რუსო მითებით არ ცხოვრობდა. ყოველთვის სწორედ ბჭობდა იგი თუ არა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ბედნიერებას თვით ცხოვრებაში ეძებდა. მისი აზრით, ადამიანი თავისუფალი იბადება, მაგრამ შემდეგ იჩაგრება. თუ მოცემულ ეტაპზე ადამიანი ვერ აღწევს ისეთ ბუნებრივ მოთხოვნას, როგორიც თავისუფლება და ბედნიერებაა, რუსოს მიხედვით, ეს მისი კი არა, არსებული საზოგადოებრივი წესწყობილების ბრალია. ამისათვის დროა საჭირო, ჩანს იდეა ადრე მომწიფებულა. თუ იდეა და სინამდვილე ერთმანეთს არ ეთანადება, მაშასადამე საამისო პირობები უნდა მომზადდეს.

როგორც ცნობილია, მე-18 საუკუნის ბოლოს საფრანგეთის 1789-1794 წლების დიდმა ბურჟუაზიულმა რევოლუციამ ხერხემალი ჩაუმსხვრია ფეოდალიზმს. იმავე საუკუნემ დასაწყისიდან ამ მიზნის მიმღწევი იდეოლოგები და მათ შორის ჟან-ჟაკ რუსოც შობა, რომლის იდეებიც მოემსახურა საფრანგეთის რევოლუციას ფეოდალიზმის მოსპობისა და ბურჟუაზიული წყობილების შექმნის საქმეში. რუსო საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის სულიერი მამა იყო. კერძოდ, მისი ნაშრომი - „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“, რევოლუციონერთა სახარებას წარმოადგენდა. ჟან-ჟაკ რუსო თავისი შეხედულებებით, ფეოდალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას, პლებეების მხარეს იდგა. სწორედ ამიტომ მოითხოვდნენ იაკობინელები რუსოსეული რესპუბლიკის შექმნას. მათი ბელადი, რობესპიერი, სიტყვა-სიტყვით აცხადებდა, რომ „უმაღლესი ხელისუფლება მიეკუთვნება ხალხს. ხელისუფლება განუყოფელი და განუსხვისებელია.“ ეს კი, ფაქტია, რუსოს შეხედულებათა ასლია არა მარტო იდეური გაგებით, არამედ რუსოსეული ტერმინოლოგიითაც.

ჟან-ჟაკ რუსოს შეხედულებანი საფუძვლად დაედო არა მარტო საფრანგეთის 1789 წლის 26 აგვისტოს ცნობილ „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციას“, არამედ საფრანგეთის 1791 წლის კონსტიტუციასაც, რომლის პირველივე მუხლში წერია, რომ „სუვერენიტეტი მთლიანია, განუყოფელი, განუსხვისებელი; ის ეკუთვნის ხალხს“. დაახლოებით იმავეს იმეორებს სხვა სიტყვებში საფრანგეთის 1793 წლის კონსტიტუციაც. ჟან-ჟაკ რუსოს მოღვაწეობის დროს ახალი პოლიტიკური იდეების გამოთქმა საფრანგეთში საშიში იყო. ხშირად ასეთი ავტორს ბასტილიაში დაპატიმრება ემუქრებოდა. ამიტომ იმ ეპოქის მოღვაწენი ხშირად თავიანთ ნაშრომს ან გვარს არ აწერდნენ, ან ჰოლანდიაში ბეჭდავდნენ და ქვეყანაში საიდუმლოდ შემოჰქონდათ. ჟან-ჟაკ რუსოს მოღვაწეობა საფრანგეთში ლუდოვიკო XV-ის მეფობის პერიოდს დაემთხვა, მაგრამ, გრეხემის თქმით, მაშინაც საშიში იყო „ხმამაღალი ლაპარაკი“. მიუხედავად ამისა, რუსო მაინც გაბედულად და დაბეჯითებით ლაპარაკობდა საზოგადოებაზე და სამთავრობო ხელისუფლებაზე, როგორც არავინ მანამდე. ჟან-ჟაკ რუსოს იდეები თავის ეპოქაში უდაოდ პროგრესული იყო. ამბობენ, რომ რუსოს ნაშრომებს უბით ატარებდნენ 1789-1794 წლებში პარიზის ბარიკადებზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში.

როგორც ცნობილია, ჟან-ჟაკ რუსომ მიიღო მხოლოდ დაწყებითი განათლება, ხოლო შემდეგ, დიდი ნიჭისა და განსაკუთრებული შრომისმოყვარეობის შედეგად, ღრმად დაეუფლა ფილოსოფიას, ლიტერატურას, ისტორიას, ბოტანიკას, მუსიკის თეორიას. რევოლუციამდელი ხელისუფალნი რუსოს დიდად სდევნიდნენ, კერძოდ, მისი წიგნები „საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ“, „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“, პროფესორ უშანგი ობოლაძის გადმოცემით, “საეკლესიო ხელისუფალთა წარდგინებით ცეცხლს მისცეს პარიზშიც და ჟენევაშიც”. ამიტომ რუსოს არ ასცდა დევნა-გასახლებანი მაშინდელ ხელისუფალთაგან.

რუსო მუდმივ სიღატაკესა და შიშის ქვეშ ცხოვრობდა. 1778 წ. იგი პარიზიდან გადასახლდა მისგან 20 მილით დაშორებულ სოფელ ერმონვილში, სადაც იმავე წლის 2 ივლისს, 66 წლის ასაკში მოულოდნელად, ყოველგვარი ავადმყოფობის გარეშე გარდაიცვალა. არის საფუძვლიანი ეჭვიც, რომ თითქოს ჟან-ჟაკ რუსომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მაგრამ ეს მოსაზრება დღესაც სადავოა.

რუსო მეტად უპატივცემლოდ დაკრძალეს. მონარქიულმა წყობილებამ ეს მეტად დიდი ტვირთი მოიშორა. მთვარიან ღამეს მისი სხეული, ყოველგვარი თავყრილობის გარეშე, გაიტანეს სოფელ ერმონვილის პარკში და დაასაფლავეს ალვის ხეებს შორის. ეს სწორედ ისეთი მყუდრო და განყენებული ადგილი იყო, როგორიც რუსოს უყვარდა. ჟან-ჟაკ რუსოს სხეული ამ ადგილზე იყო დაკრძალული საფრანგეთის დიდ ბურჟუაზიულ რევოლუციამდე, ხოლო რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, 1794 წ., მისი ნეშტი, ქვემეხების გრიალით, ფანფარებისა და დაფდაფების ხმაურით, გამარჯვებულთა დიდი ზეიმით, მთავრობის განკარგულებით გადაასვენეს პარიზში და დაკრძალეს პანთეონში. ამ ამბავს მოესწრო მისი მეუღლე ტერეზა ლევასერი, რომელმაც რუსოსთან ერთად 34 წელი იცხოვრა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ 23 წელი იცოცხლა 1801 წლის 17 ივლისამდე, მაგრამ იდეურად დაბალ დონეზე ყოფნის გამო, მან მაინც ვერ გაიგო, თუ რატომ სდევნიდა ჟან-ჟაკ რუსოს ასე ძალიან რევოლუციამდელი მთავრობა, ხოლო რატომ აიყვანა იგი რევოლუციის შემდგომმა მთავრობამ ცამდე. თუნდაც მარტო ის.


წყარო

ერემოვი გრიგოლ. ჟან-ჟაკ რუსოს საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები