რუსული არქიტექტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსული არქიტექტურა − რუსული არქიტექტურა წარმოიშვა ბიზანტიური არქიტექტურის ფესვებზე და საწყის ეტაპზე განვითარდა კიევის რუსეთის ტერიტორიაზე. 882 წელს კიევი კიევის რუსეთის დედაქალაქი გახდა და X-XII საუკუნეებში, როგორც რუსეთის ცენტრმა, აყვავების პიკს მიაღწია. 1237 წლის მონღოლური შემოსევის შემდეგ ის განადგურდა და დაეცა. მომდევნო საუკუნეებში მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრის როლს ასრულებდა და რუსეთის არქიტექტურული ისტორია გაგრძელდა ვლადიმირ-სუზდალის სამთავროში, ნოვგოროდისა და ფსკოვის რესპუბლიკებში, რუსულ სამეფოში, რუსეთის იმპერიაში, საბჭოთა კავშირსა და თანამედროვე რუსეთის ფედერაციაში.

Десятинная церковь

988 წელს ქრისტიანობის მიღების შემდეგ, კიევის რუსეთში აგებული დიადი ტაძრები გახდა აღმოსავლეთსლავური რეგიონის მონუმენტური არქიტექტურის პირველი ნაგებობები. კიევის სახელმწიფოში დამკვიდრებული არქიტექტურული სტილი ძლიერ იყო დამოკიდებული ბიზანტიურ არქიტექტურაზე, რადგან აღმოსავლური მართლმადიდებლური მარტივი ფორმის ეკლესიები აგებული იყო ხისაგან და ბუნებრივია, შუა საუკუნეების შთამბეჭდავი ტაძრების წინამორბედებად ვერ ჩაითვლებოდა. 989 წელს კიევში თავად ვლადიმირის მიერ აშენებული იქნა პირველი ქვის ეკლესია (Десятинная церковь). XI საუკუნის რუსული არქიტექტურის მშვენებაა ჯვარ-გუმბათოვანი მრავალგუმბათიანი კიევის სოფიის ტაძარი, რომელიც აშენდა იაროსლავ ბრძენის ბრძანებით. მშენებლობას აწარმოებდა კონსტანტინოპოლიდან ჩამოყვანილი ხელოსნები კიეველ ოსტატებთან ერთად. ის პირველი ძეგლია უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა. ამავე პერიოდს (1051 წ.) მიეკუთვნება სრულიად რუსეთის პირველი სამონასტრო კომპლექსის კიევ-პეჩორის ლავრის დაარსება.

კიევის სოფიის ტაძარი

რუსულ საეკლესიო არქიტექტურაზე დიდი გავლენა მოახდინა ნოვგოროდის არქიტექტურული სტილის ფორმირებამ XI საუკუნის შუა წლებში, რისი დადასტურებაა ნოვგოროდის წმ. სოფიას ტაძარი (1044-1052 წწ.). მის მკაცრ სქელ კედლებს, პატარა წვრილ ფანჯრებსა და ჩაფხუტისებრ გუმბათებს ბევრი საერთო ჰქონდა დასავლეთ ევროპის რომანულ არქიტექტურასთან. ბიზანტიური მოდელისაგან განსხვავდებოდა ნოვგოროდის სხვა ტაძრები: წმ. ნიკოლოზის (1113 წ.), წმ. ანტონის (1117-1119 წწ.) და წმ. გიორგის (1119 წ.). ნოვგოროდის ხუროთმოძღვრების მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს თეოდორე სტრატილატის სახელობის ტაძარი (1360-1361 წწ.), რომელიც წარმოადგენს ოთხგოდოლიან ერთგუმბათიან კუბის ტიპის ნაგებობას, მორთულს მრავალრიცხოვანი დეკორატიული ელემენტებით.

თეოდორე სტრატილატის სახელობის ტაძარი

XII-XIII საუკუნეებში რუსეთის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცა ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო, რომლის უნიკალურობას განაპირობებდა არა მარტო ის, რომ აქ გაგრძელდა ბიზანტიური და სამხრეთრუსული ხუროთმოძღვრების ტრადიციები, არამედ ისიც, რომ რუსული არქიტექტურა გამდიდრდა დასავლეთევროპული იდეებითა და ხუროთმოძღვრული ელემენტებით. პირველად ევროპული ქვის წყობის ტექნიკა გამოყენებული იყო ზალესიეში (ტერიტორია მდინარეების ვოლგასა და ოკას შორის) იური დოლგორუკის მმართველობის პერიოდში. ამ დროს აშენდა თეთრი ქვის ნაგებობები ვლადიმირში, სუზდალში, იურიევოპოლსკში, პერესლავლში. ამათგან ჩვენამდე მოაღწია ბორისისა და გლების ეკლესიამ კიდეკშაში და სპასკის ტაძარმა პერესლავსკზალესკში (1152 წ.). ქ. ვლადიმირის არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია უსპენსკის ტაძარი (1158-1160 წწ.), ოქროს ჭიშკარი (1164 წ.) და ეკლესია "Покрова на Нерли" (1165 წ.). 1192-1194 წლებში აიგო დიმიტრის ტაძარი – ქვაზე ამოჭრილჩუქურთმებიანი ძეგლის შედევრი; 1220-1230 წლებში – სუზდალის კრემლის ღვთისმშობლის ტაძარი და გეორგიევსკის ტაძარი იურიევო-პოლსკში. ვლადიმირ-სუზდალის რუსული ხუროთმოძღვრების განვითარება დამთავრდა 1237 წელს მონგოლური ურდოების შემოსევის შედეგად.

დიმიტრის ტაძარი
არხანგელსკის ტაძარი

XV-XVI საუკუნიდან რუსეთის კულტურულმა ცენტრმა გადაინაცვლა მოსკოვის სამთავროში, 1475-1479 წლებში აგებული იქნა მოსკოვის უსპენსკის ტაძარი (არქიტ. ა. ფიორავანტი), 1484-1490 წლებში – ბლაგოვეშენსკის ტაძარი, შემდეგ არხანგელსკის ტაძარი და სხვ. დაიწყო მოსკოვის კრემლის კედლებისა და კოშკების მშენებლობა, ხოლო ივანე მრისხანეს გამეფების შემდეგ რუსული არქიტექტურა განვითარების ახალ საფეხურზე ავიდა; გაჩნდა ქვის (ხის ნაცვლად) კარვისებრი გუმბათები. ამ პერიოდის ყველაზე ცნობილი ნაგებობაა ვასილ ნეტარის ტაძარი მოსკოვში (1554-1560 წწ.), აგრეთვე კოლომენსკოეს ამაღლების ეკლესია (1528-1532 წწ.), სმოლენსკის ტაძარი ნოვოდევიჩის მონასტერში (1524-1598 წწ.), უსპენსკის ტაძარი ტროიცკო-სერგიევსკის ლავრაში (1559-1585 წწ.), დონის მონასტრის პატარა ტაძარი (1593 წ.), ღვთისმშობლის ამაღლების ტაძარი რუბცოვოში (1626 წ.) და სხვ. მოსკოვის გარდა რუსული არქიტექტურა ვითარდება რუსეთის სხვა ქალაქებშიც, როგორიცაა იაროსლავლი, როსტოვი, ტვერი და სხვ. ქვის პარალელურად არსებობას განაგრძობს უძველესი რუსული ხის არქიტექტურა (უმეტესად ჩრდილოეთში), განსაკუთრებით კარვისებრი ხის ტაძრები; ასეთებია: კლიმენტის ეკლესია უნას სოფლის სასაფლაოზე (1501 წ.), უსპენსკის ეკლესია ვარზუგში, ეკლესია პანილოვოში (არხანგელსკის ოლქი), უსპენსკის ტაძარი კონდოპოგში (1774 წ.), 22-გუმბათიანი პრეობრაჟენსკის ეკლესია ონეგის ტბის კუნძულ კიჟაზე (1714 წ.) და სხვ.

ვასილ ნეტარის ტაძარი
პრეობრაჟენსკის ეკლესია
ისააკის ტაძარი
წმ. ანდრიას სახელობის საკათედრო ტაძარი კიევში

XVII-XVIII საუკუნეებში პეტრე დიდის გამეფებამ და სანკტ-პეტერბურგის დაარსებამ დასაბამი მისცა რუსული არქიტექტურის სწრაფ განვითარებას, კერძოდ, იწყება რუსული ბაროკოს ახალი ეტაპი – პეტრეს ბაროკო. ამ სტილის განსაკუთრებულობა იყო მჭიდრო კავშირი არსებულ რუსულ ტრადიციებთან და უკრაინული ბაროკოს გავლენა დასავლეთიდან მოსულ პროგრესულ ტექნოლოგიებთან ერთად. პეტრეს ბაროკო ორიენტირებული იყო შვედურ, გერმანულ და ჰოლანდიურ სამოქალაქო არქიტექტურის ნიმუშებზე, თუმცა პირველი ნაგებობა – პეტრეპავლეს ტაძარი პეტერბურგში, პრაქტიკულად მოკლებული იყო რუსული არქიტექტურის გავლენას. პეტრე დიდმა რუსეთში მოიწვია მსოფლიო დონის არქიტექტორები (ჟ.-ბ. ლებლონი, დ. ტრეზინი, ა. შლიუტერი, ჟ. მ. მონტანა, ნ. მიკეტი, გ. მატარნოვი, ფ. ბ. რასტრელი და სხვ.), რომელთა დახმარებით დაიწყო სანკტ-პეტერბურგის საოცარი მშენებლობა, რომელიც შემდეგ საუკუნეებშიც გაგრძელდა. ამ ეპოქის არქიტექტურის ბრწყინვალე ნაგებობებია (პეტერბურგსა და მის შემოგარენში): ზამთრის სასახლე (ერმიტაჟი), ეკატერინეს სასახლე, პეტერგოფი, ისააკის ტაძარი, სამების ტაძარი ალექსანდრე ნეველის ლავრაში, თავად ვლადიმირის ტაძარი, ალექსანდრეს სასახლე, სმოლნის ინსტიტუტი, საადმირალო, დიდი თეატრი პეტერბურგში, ნარვის ტრიუმფალური კარიბჭე, სამება-იზმაილოვოს ტაძარი, მიხაილოვოს სასახლე და სხვ., აგრეთვე ბაროკოს სტილის წმ. ანდრიას სახელობის საკათედრო ტაძარი კიევში (1747-1754 წწ., არქიტ. ბ. რასტრელი). ტაძარი შემაღლებულ ბორცვზე დგას და გადაჰყურებს ისტორიულ პოდილის უბანს. ეს შესანიშნავი, ფერადოვანი სტრუქტურა ქალაქის ყველაზე გამორჩეული, განთქმული ღირსშესანიშნაობაა. ლეგენდის თანახმად წმ. ანდრია მოციქულმა ჯვარი აღმართა და დიდი ქრისტიანული ქალაქის დაფუძნება იქადაგა სწორედ ამ ადგილას, რომელიც იმ დროს თითო-ოროლა მოსახლესა და სახნავ-სათესებს ეჭირა.

XIX-XX საუკუნეებში რუსეთში გაბატონდა ფსევდორუსული არქტიტექტურული სტილი, რომელიც შეცვალა საბჭოთა, ე.წ. სტალინისტურმა არქიტექტურამ. მე-20 საუკუნის შუა წლებში რუსეთში მასობრივად განვითარდა ტიპური არქიტექტურა, დაიწყეს საბავშვო ბაღების, სკოლების, პოლიკლინიკების, მაღაზიების, კულტურის სახლების, სპორტული ნაგებობებისა და 4-5 სართულიანი საცხოვრებელი სახლების (ე.წ. ხრუშჩოვკების) მშენებლობა, რომელიც პრაქტიკულად გაგრძელდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. მართალია ამ პროგრამამ გარკვეული შეღავათი მოუტანა მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეულ ქვეყანას, მაგრამ ის მაინც ვერ განიხილება დადებით მოვლენად მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში.

ამჟამად რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს დასავლური თანამედროვე არქიტექტურის საუკეთესო სტილების გადმოღება და მშენებლობა, გაჩნდა ცათამბ-ჯენები, ფუტურისტული პროექტები და სხვ., რაც რუსეთისათვის უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია არქიტექტურული, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური განვითარების თვალსაზრისით.






წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები