სელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სელა / სელი / სთელა / სიელა (ვაინ. Села / Сели/ Стела/ Сиела) – ჭექა-ქუხილისა და ნაყოფიერების ანთროპომორფული ღვთაება ვაინახურ მითოლოგიაში. მისი ღვთაებრივი ოჯახის წევრებს შეადგენენ ცოლი და ქალ-ვაჟი („სელა სათა“, „ელთა“); ემორჩილებიან ღმერთები და ადამიანები. სელას ეპითეტებია „ოქროსძალოვანი“, „მრისხანე“, „სამართლიანი“; ხურჯინებში უდევს სხვადასხვა სტიქია: ერთი ხურჯინიდან უშვებს თოვლის ქარბუქს, მეორიდან – ყინვას, მესამიდან – წვიმას, მეოთხიდან – დარს და ა. შ. ცისარტყელა სელას მშვილდია, რომელსაც იგი ცაში ჰკიდებს, ელვა — ისარი, მეხი კი – მისი მუგუზალი. სელამ მიაჯაჭვა კლდეს კულტურული გმირები – ქურჲუქო და ფჰარმათი.

შედარებით გვიანდელი მითების მიხედვით, სელა არ არის ყოვლისშემძლე, სამართლიანი და ზნეობრივი ღმერთი: ნართ-ორსთხოელთა მკვდარი ქალიშვილის გაუპატიურებისთვის სესქა სოლსამ მას ნეკნებიც კი ჩაუმტვრია, ხოლო ნართებმა თეთრი ცხვრის ფარა წაართვეს გორჟაის, რომელიც სელას სახელზე ყოველწლიურად მსხვერპლშეწირვას აწყობდა.

ინგუშური ხალხური კალენდრით, მაისის თვე „სელას თვედ“ იწოდებოდა. ამ თვეში სელას სახელობის სალოცავებში, რომელიც მთელ ინგუშეთში იყო მიმოფანტული, მსხვერპლშეწირვები აღესრულებოდა (შეთხოვდნენ წვიმასა და უხვ მოსავალს. გვალვების დროს მას ასე მიმართავდნენ: „ზეცა ააგუგუნე, ღრუბელმოხვეული ჩამოდი დაბლა, ცხიმოვანი წვიმა ღვარე, გაზარდე ნათესი, გაამრავლე საქონელი, ქარი არ აქროლო, ღმერთს ჩვენთვის შეევედრე“). მისი სახელობისავე იყო ოთხშაბათის დღე, რომელსაც ინგუშები „სელას მესამე დღეს“ (Каьра Сели) უწოდებდნენ; ამ დღეს სახლიდან არაფერს გაიტანდნენ, განსაკუთრებით ცეცხლის გაცემა იკრძალებოდა.

მეხნაკრავი მიცვალებული სელას რჩეულად, მადლცხებულად ითვლებოდა და მას არ გლოვობდნენ. ვაინახური შვიდეულის ოთხშაბათი დღე სელას ეძღვნებოდა.


ლიტერატურა

  • Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. Исследование и тексты. М., 1972;
  • Ахриев Ч. Избранное. Магас-Назрань, 2000;
  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
  • Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М.,-Л., 1931.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები