სერვანტესი მიგელ დე საავედრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიგელ დე სერვანტეს საავედრა

მიგელ დე სერვანტეს საავედრა − (ესპ. Miguel de Cervantes Saavedra, 1547-1616), ესპანელი მწერალი, დრამატურგი.

დაიბადა გაღარიბებული იდალგოს, მკურნალის მრავალშვილიან ოჯახში, კასტილიის პატარა საუნივერსიტეტო ქალაქ ალკალა დე ენარესში. სწავლობდა ჯერ იეზუიტთა კოლეგიაში, შემდეგ – მადრიდის უნივერსიტეტში. როცა დამოუკიდებლად ცხოვრების დრო მოვიდა, სერვანტესი იტალიისკენ გაეშურა (1568). მოიარა იტალიის მრავალი ქალაქი, გაეცნო ქვეყნის კულტურას. რამდენიმე ხანი კარდინალ აკვავივეს სამსახურშია, კამერარის თანამდებობაზე. შემდეგ იტალიაში დისლოცირებულ ესპანურ ჯარში ეწერება და თურქეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში იღებს მონაწილეობას. მამაცი მებრძოლი მძიმედ დაიჭრება მკლავში და ხეიბრად დარჩება.

1575 წელს თავის ჯარისკაც ძმასთან ერთად სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტს, მაგრამ საფრანგეთის სანაპიროს მისადგომებთან გემს ალჟირელი მეკობრეები ჩაიგდებენ ხელში. სერვანტესს ალჟირის ფაშას მონად მიყიდიან. 5-წლიანი მონობიდან, ბოლოს და ბოლოს, მშობლები გამოისყიდიან.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურშია და ბოლოს ფრანცისკელთა ორდენის ტერცია ხდება. „დონ კიხოტის“ ავტორი უცხოეთში უკვე ცნობილია, მაგრამ მთელ ცხოვრებას სიდუხჭირეში ატარებს. სიკვდილის წინ კი სრულ ხელდასხმას იღებს და მონასტერში, ფრანცისკელთა ძმობის ხარჯზე ასაფლავებენ. მისი საფლავი დაკარგულია. დაწერა 20-30 პიესა, რომელთა უმეტესობას ჩვენამდე არ მოუღწევია.

სარჩევი

ალჟირის ზნე-ჩვეულებანი

სერვანტესს აინტერესებს, არა ცალკეული გმირი, არამედ ხალხი, როგორც პიესის მთავარი მოქმედი პირი. „ალჟირის ზნე-ჩვეულებანი“ მისი პირველი პიესათაგანია. მთავარი გმირია ტყვე ქრისტიანი აურელიო, რომელიც ალჟირში, აგრეთვე ტყვედ მყოფ, ცოლს ხვდება. პიესაში ბევრი პერსონაჟია: სარწმუნოების მოღალატე, განთავისუფლებისათვის მებრძოლი მონები, ჯარისკაცი, რომელშიც ავტორს საკუთარი თავი ჰყავს გამოყვანილი. ჯარისკაცი ამხნევებს, ანუგეშებს ტყვეებს და იმედს უსახავს. აქ ნაჩვენებია მონების ბაზრის შემაძრწუნებელი სურათი. ეს არის ტრაგედია მონობაზე, წარმოდგენილი ისტორიული უტყუარობით, და მძიმე პირადი მოგონებებით განმტკიცებული.

ნუმანსიის დანგრევა

მნიშვნელოვანია სერვანტესის ტრაგედია „ნუმანსიის დანგრევა“. ამ ტრაგედიაში თავისუფლების და მონობის თემაა წამოჭრილი და ესპანეთის ჰეროიკულ წარსულს ასახავს. პიესის ისტორიული ფაბულა იმ ბობოქარ პერიოდს ეხება, როცა პირენეის ნახევარკუნძულზე რომაელებმა სცადეს ნუმანსიის შტურმით აღება, მაგრამ ეს ვერ შეძლეს. მაშინ მხედართმთავარმა სციპიონმა ალყაში მოაქცია ქალაქი და მოსახლეობას დანებება მოსთხოვა. 10-წლიანი ალყაში ყოფნის შემდეგ მოქალაქენი გადაწყვეტენ, გადაწვან ქალაქი და თვითმკვლელობით დაასრულონ სიცოცხლე, რათა რომაელების მონობაში არ ჩავარდნენ. ტრაგედიაში ნაჩვენებია საშინელი სცენები ქალაქისა, სადაც შიმშილი და ავადმყოფობა ბატონობს. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უსაზღვრო სიყვარული, სიძულვილი მონობისადმი განსაზღვრავს მოქალაქეების თავგანწირვას.

ინტერმედიები

სერვანტესის შემოქმედებაზე საუბრისას, აღსანიშნავია მისი ინტერმედიები. ეს იყო კომიკური ხასიათის პატარა სცენები, რომლებიც ანტრაქტის დროს სრულდებოდა. აქ მოქმედებენ რეალური ცხოვრებიდან აღებული პერსონაჟები და მისი სიუჟეტიც მარტივია. ინტერმედიებში საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მოვლენის – მოხელეთა მექრთამეობის, ადგილობრივი ადმინისტრაციის სიჩლუნგისა და უმეცრების, რელიგიის ფარისევლობის და ა. შ. კრიტიკა იყო ნაჩვენები.

მარიკა მამაცაშვილი


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები