სიდი (პიერ კორნელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„სიდი” − (ფრანგ. Le Cid), ფრანგი დრამატურგის პიერ კორნელის ტრაგიკომედია.

„სიდს” (1636) ტრაგიკომედია ეწოდება, მაგრამ სინამდვილეში ტრაგედიაა: კონფლიქტით, თემატიკით, პერსონაჟების ხასიათებით. მხოლოდ ბედნიერი დასასრული იძლევა საშუალებას, კორნელის პიესა ტრაგი-კომედიად მოვიაზროთ.

მნიშვნელოვანია, რომ სიდით ახალი ეპოქა დაიწყო ფრანგული თეატრის და დრამატურგიის ისტორიაში. ის მონდორის თეატრში, ლე მარეში, დაიდგა და ისეთი წარმატება ჰქონდა, როგორიც მანამდე არ ახსოვდა ფრანგულ სცენას. სწორედ ამ ტრაგედიაში წამოჭრა კორნელმა ფრანგული კლასიციზმის ძირითადი მორალურ-ფილოსოფიური პრობლემა: ბრძოლა მოვალეობასა და გრძნობას შორის.

კორნელმა დაარღვია კლასიცისტური დრამის ტრადიცია და ანტიკურ პირველწყაროს კი არ დაეყრდნო, არამედ თავისი თანამედროვე ესპანელი დრამატურგის − გილიონ დე კასტროს − პიესა „სიდის სიყმაწვილეს” (1618) მიმართა. ეს რომანტიკული ისტორია ესპანელი რაინდის, რეკონკისტას მომავალი გმირის, როდრიგო დიასის და გრაფ გორმასის ქალიშვილის, ხიმენეას სიყვარულს ეხება. კონფლიქტი კი იმაშია, რომ გრაფი სიდმა დუელში მოკლა. სწორედ ამ ვნებამ გამოიწვია ის ზნეობრივი კოლიზიები, რომლებზე დაყრდნობითაც არის აგებული კორნელის პიესა.

პიესაში კორნელი უარს ამბობს მკაცრად დადგენილ ალექსანდრიულ ლექსთა წყობაზე და უფრო რთულ ლექსის ფორმას მიმართავს. ყველა სტროფს ხიმენეს სახელით ამთავრებს, რითაც წარმოიქმნება მონოლოგების თემატური ცენტრი. ძირითადი კომპოზიციური ხერხი − ანტითეზა გამოიხატება გმირების სულიერ ბრძოლაში. ტრაგედიაში ყველა ამ ხერხს რაციონალური ხასიათის ფსიქოლოგიური თვითგამორკვევის, ლირიზმის და ემოციურობის ხაზი შეაქვს... ხაზი, რომელიც მთლიანობაში არ ახასიათებს კლასიკურ ფრანგულ დრამას. მაგ.: დუელში მოკლული მამა... აქ უკვე ხიმენეს შინაგანი კონფლიქტი იწყება. მან უნდა აღასრულოს შვილის ვალი და მოითხოვოს როდრიგოს დასჯა.

პიესაში ასე სიმეტრიულად განვითარებული ზნეობრივი კონფლიქტი ორივე შემთხვევაში „თავისუფალი ნების” მორალურ-ფილოსოფიური კონცეფციით იჭრება: გონება იმარჯვებს ვნებაზე. გარეგნულად გმირები მიჰყვებიან ამ პრინციპს. მაგრამ კორნელი რომ მხოლოდ გარეგანი მოქმედებით შემოფარგლულიყო, მაშინ საეჭვოა „სიდი” ისეთი ეპოქალური მნიშვნელობის პიესა გამხდარიყო, რომელმაც შემდეგი ორი საუკუნე განსაზღვრა ფრანგული ტრაგედიის ტიპოლოგია და ხასიათი. მხატვრული სიმართლე ეჭვქვეშ აყენებს განყენებულ მორალურ სქემას. კორნელისთვის წინაპრების წინაშე აღებული ვალდებულება − ოჯახის ღირსების დაცვა ვერ გადაწონის, ვერ გაუთანაბრდება ორი შეყვარებულის ცოცხალი გრძნობის ძალას. ეს მოვალეობა არ არის სინამდვილეში გონიერი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რადგანაც კონფლიქტის დაწყება არა ორ სრულფასოვან, მაღალ იდეას შორის ბრძოლას უკავშირდება, არამედ მხოლოდ შეურაცხყოფილი გრაფის პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას. ინდივიდუალური თვითნებობის აქტს, პატივმოყვარეობას და შურს მივყავართ იმ ტრაგედიამდე, რომელიც ანგრევს მოსიყვარულე ახალგაზრდების ცხოვრებას. კორნელისთვის მიუღებელი, გაუგებარიც კი იყო აბსოლუტური ღირებულება ინდივიდუალურად გაგებული მოვალეობისა (ოჯახის ღირსების დაცვის) და პიესის შინაარსის დაყვანა სტოიკურ სიყვარულის უარყოფამდე: საკუთარი საქციელის საწინააღმდეგოდ, გმირები აგრძელებენ ერთმანეთის სიყვარულს. პიესაში კონფლიქტის ფსიქოლოგიური, იდეური და სიუჟეტური გახსნის გასაღები კორნელმა მაინც იპოვა. და ეს გასაღები იყო, მართლაც უმაღლესი, პირადულის გამომრიცხავი მარადიული საწყისი, უპირატესი მოვალეობა, რომლის წინაშეც „თავს ხრის” სიყვარულიც და ოჯახური ღირსებაც. გმირების ბედისწერის შემობრუნება მან სამშობლოსთვის თავგანწირვის ფონზე შეძლო. როდრიგო გმირულად შეებრძოლა მავრების ჯარს და განდევნა ესპანური მიწიდან.

პიესაში ამ მოტივს ჭეშმარიტი მორალური ღირებულებები შემოაქვს, რაც ნათელყოფს ბედნიერ დასასრულს: ნაციონალური გმირი დაწესებულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას, ის ჩვეულებრივი მოკვდავი აღარაა. ხიმენეც იძულებულია უარი თქვას შურისძიებაზე, დაემორჩილოს მეფის ნებას და ცოლად გაჰყვეს როდრიგოს. ასე რომ ბედნიერი დასასრული, რომლისთვისაც ასე აკრიტიკებდნენ კორნელს, არ გვევლინება არც ხელოვნურ გარეგნულ ხერხად, არც გმირების მორალურ კომპრომისად (თითქოს უარი თქვეს საკუთარ პრინციპებზე გრძნობების სასარგებლოდ). როგორც ადრე ფეოდალური ღირსებისთვის გრძნობა მსხვერპლად გაიღეს, ახლა ეს ღირსება უარყვეს უფრო მაღალი ღირებულებისათვის − სახელმწიფოებრივი კეთილდღეობისთვის.

პრინციპული სიახლე „სიდში” შინაგანი კონფლიქტის შემოტანაა, სწორედ ამის გამო გახდა პიესა ასეთი საოცარი წარმატების მომტანიც და შურის და რისხვის საგანიც. რიშელიეს მიეცა კორნელზე შურისძიების საშუალება. მისი არგუმენტები, პიესის წინააღმდეგ, მყარი იყო: ფეოდალური, რაინდული ღირსების იდეალიზაცია 1630-იანი წლების საფრანგეთისთვის უკიდურესად არადროული გახლდათ, მისი დაცვა დუელზე კი კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა (დუელები კანონით მკაცრად ისჯებოდა მაშინდელ საფრანგეთში). სამეფო ძალაუფლებას და სამეფო კარს პიესაში მეორეხარისხოვანი დატვირთვა ჰქონდა და ფორმალურად მონაწილეობდა მოქმედებაში. რიშელიესთვის უკმაყოფილების ბოლო წვეთი გახლდათ ის, რომ მოქმედი პირები და სიუჟეტი ესპანური იყო, ანუ იმ ქვეყანაში ვითარდებოდა, რომელთანაც საფრანგეთს ხანგრძლივი საომარი მდგომარეობა ჰქონდა. თან სამეფო კარზე ანა ავსტრიელის „ესპანური პარტია” მოქმედებდა, რომელიც კარდინალ რიშელიეს პირდაპირი მტერი გახლდათ.

ამ მიზეზების თუ ძველი წყენის გამო, რიშელიემ დრამატურგთან ბრძოლა ოფიციალურად დაიწყო და ლიტერატურულ წრეებს მიმართა. წარმოუდგენელი გამარჯვება, რომელიც კორნელს „სიდმა” მოუტანა, მის კოლეგებს შურით აღავსებდა. ასე რომ, რიშელიეს დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია მოკავშირეების მოსაპოვებლად. ერთი წლის განმავლობაში ოცზე მეტი კრიტიკული წერილი დაიწერა პიესაზე. კორნელის მთავარი მოწინააღმდეგე დრამატურგი ჟორჟ სკიუდერი იყო, სწორედ მან მიმართა მხარდაჭერისთვის ფრანგულ აკადემიას, რითაც ეს ბრძოლა ლიტერატურულ წრეს გასცდა და ფართო საზოგადოებრივი მნიშვნელობა მიიღო. აკადემია კარდინალ რიშელიეს კონტროლს ექვემდებარებოდა, მან სამჯერ წარუდგინა „სიდზე” თავისი მოსაზრებანი კარდინალს, მაგრამ რიშელიემ მხოლოდ მესამე ვარიანტი − აკადემიის მდივნის, შაპლენის შედგენილი მოიწონა და 1638 წელს გამოაქვეყნა. პრეტენზიები: პიესის ჟანრი; არატრადიციული, რომანტიკული სიუჟეტი; მთავარი გმირები არ მიეკუთვნებოდნენ მაღალ საზოგადოებრივ ფენას, როგორებიცაა მეფეები და გმირები.

ბრალდებები, რომლებიც „სიდს” წაუყენეს, მისი თანამედროვე „მართებული” ტრაგედიებისგან რეალურ განსხვავებებს ასახავდა. მაგრამ სწორედ ამ განსაკუთრებულმა განსხვავებებმა − დრამატული დაძაბულობა, დინამიკა, − განსაზღვრეს პიესის ასეთი ხანგრძლივი სცენური სიცოცხლე. „სიდი” დღესაც იდგმება მსოფლიო თეატრების სცენებზე.

„სიდზე” გამართულმა დისკუსიებმა საფუძველი ჩაუყარეს კლასიკური ტრაგედიის შექმნის მკაცრ წესებს. ფრანგული აკადემიის აზრი ტრაგიკომედიაზე ერთ-ერთი პროგრამული მანიფესტი გახდა დრამატურგიის კლასიკური სკოლისა.

ასეთი მკაცრ კრიტიკას ვერ გაუძლო კორნელმა და რუანში დაბრუნდა. მას მძიმე ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა, ლიტერატურული მოღვაწეობისთვის თავის დანებებაც კი სურდა. თუმცა სამი წლის შემდეგ ორი ტრაგედიით დაუბრუნდა პარიზს.

მარიკა მამაცაშვილი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები