სივრცე და დრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სივრცე და დრო – მატერიის არსებობის საყოველთაო ფორმები, რომლებიც არ არსებობენ მატერიის გარეშე და მისგან დამოუკიდებლად. სივრცული მახასიათებლებია სხეულთა კოორდინატები, მათ შორის მანძილები, კუთხეები სხვადასხვა მიმართულებას შორის დროითი მახასიათებლებია მომენტები, რომლებშიც ხდება მოვლენები, და პროცესების ხანგრძლივობა. თანაფარდობებს სივრცულსა და დროითს შორის მეტრულს უწოდებენ. სივრცული და დროითი სიდიდეების გასაზომად სარგებლობენ ათვლის სისტემით.

სივრცე – დროის მეტრიკა განსაზღვრავს იმ ოთხგანზომილებიანი სივრცე – დროის გეომეტრიულ თვისებებს ფარდობითობის თეორიაში, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ სამგანზომილებიან სივრცესა და დროს.

სივრცე და დრო კლასიკურ მექანიკაში პირველადი ცნებებია, დამოუკიდებელი კატეგორიები. ამიტომ მიღებულია, რომ დრო ერთნაირად მიმდინარეობს სივრცის ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ სხეულზე. ნიუტონის მიხედვით სივრცე და დრო განსაკუთრებული საწყისებია, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობენ. ეს დამოუკიდებლობა იმაში გამოიხატება, რომ სივრცის მოცემულ ორ წერტილს შორის მანძილი და ორ მოვლენას შორის დროის შუალედი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია ნებისმიერი ათვლის სისტემაში, ხოლო ამ სიდიდეების შეფარდება (სხეულთა სიჩქარე) შეიძლება ნებისმიერი იყოს.

ნიუტონის მექანიკაში როგორც სივრცე, ისე დრო აბსოლუტურია; სივრცესა და დროს არავითარი სტრუქტურა არა აქვს; სივრცე და დრო სრულიად მოწყვეტილია მატერიისაგან და ისინი არსებობენ მატერიის გარეშეც. ამგვარად, სივრცის განთავისუფლება მატერიისაგან გვაძლევს ცარიელ სივრცეს – „ცარიელ სათავსს“ და უსასრულოდ მიმდინარე დროს. სივრცე თავისთავად (აბსოლუტური სივრცე) არის „ცარიელი სათავსი სხეულებისა“, აბსოლუტურად უძრავი, უწყვეტი, ერთგვაროვანი და იზოტროპული; უსასრულოა და გააჩნია 3 განზომილება. აბსოლუტური სივრციდან ნიუტონი გამოყოფდა სხეულთა განფენილობას – მათ თვისებას, რომლის თანახმადაც ისინი გარკვეულ ადგილს იკავებენ აბსოლუტურ სივრცეში.

სხეულთა მდებარეობა და მათ შორის მანძილი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ სხვა სხეულებთან შედარებისას, ე.ი. მეცნიერებას და პრაქტიკას საქმე აქვს მხოლოდ ფარდობით სივრცესთან.

ნიუტონის მიხედვით დრო თავისთავად არის აბსოლუტური და არაფერზე დამოკიდებული, როგორც ისეთი სუფთა ხანგრძლივობა, რომელიც თანაბრად მიმდინარეობს წარსულიდან მომავლისაკენ. იგი არის ცარიელი სათავსი მოვლენებისა, რომლებსაც შეუძლიათ იგი შეავსონ და შეიძლება არც შეავსონ. მოვლენის მსვლელობა არ მოქმედებს დროის მიმდინარეობაზე.

დრო – უნივერსალურია, ერთგვაროვანი, უწყვეტი, უსასრულო, ერთგანზომილებიანი.

აბსოლუტური დროიდან ნიუტონმა გამოჰყო ფარდობითი დრო. დროის გაზომვა ხდება საათით, ე.ი. მოძრაობით, რომელიც პერიოდულია.

ყველაფერი, რასაც საბოლოოდ ჩვენ ვზომავთ სამეცნიერო ექსპერიმენტებში – ეს არის სივრცითი ინტერვალის სიგრძე და დროის ინტერვალის შუალედი. ყველა სხვა ფიზიკური სიდიდის მნიშვნელობას ჩვენ ვიღებთ მხოლოდ ამ უკანასკნელთა გაზომვის შედეგად.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები