სკელეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სკელეტონი

სკელეტონი − (ინგლ. skeleton, სიტყვასიტყვით – ჩონჩხი). სპეციალურ ყინულოვან ტრასაზე ერთადგილიანი ციგით – სკელეტონით სწრაფდაშვების ნაირსახეობა.

ისტორია

სკელეტონის წინამორბედად ნორვეგიელები მიიჩნევენ თავიანთ ტრადიციულ ციგას (აკე), კანადელები – ტობოგანს, ინდიელთა შორის გავრცელებულ უთავკავო ციგას, რომელიც ლიტერატურულ წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. პირველი ცნობები მოციგავეთა შეჯიბრების შესახებ XIX საუკუნის შუა ხანებით თარიღდება. სკელეტონი როგორც სპორტის სახეობა, 1884 წელს შვეიცარიაში ჩამოყალიბდა.

ახალი მოდელის სპორტული სკელეტონი დაამზადეს სენტ მორიცში (შვეიცარია) 1892 წელს. 1905 წლამდე სკელეტონი წმინდა შვეიცარიულ ასპარეზობად რჩებოდა, ვიდრე მისით ავსტრიელები არ დაინტერესდნენ და მომდევნო წელს ქვეყნის ჩემპიონატიც ჩაატარეს. XX საუკუნის დასაწყისში სკელეტონი გავრცელდა გერმანიაში, საფრანგეთში, ლატვიაში. 1921 წლიდან განახლდა სანტ მორიცის ღია ჩემპიონატი („გრანდ ნაციონალ“). 1969-დან დაიწყო მრავალეტაპიანი რბოლები. 1982 წელს გაიმართა მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი 7 ქვეყნის სპორტსმენთა მონაწილეობით. დღეისათვის სკელეტონი გავრცელებულია 4 კონტინენტის 40-მდე ქვეყანაში.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სკელეტონი (კაცები) პირველად 1928 წელს გამოჩნდა, მეორედ – 1948 წელს, 2002 წლიდან კი პროგრამაში რეგულარულად შედის როგორც კაცთა, ისე ქალთა შეჯიბრება.

წესები

სკელეტონი

სკელეტონით შეჯიბრება იმართება ბობსლეის ტრასაზე, ხელოვნური ყინულის რამდენიმე ფენით დაფარულ ღარში, რომლის სიგრძეა 1500 მ, სიგანე – 1,4 მ, დახრილობა – 8-15. სპორტსმენი წვება ციგაზე – ფოლადის ან მთლიან ბრტყელ ჩარჩოზე დამაგრებულ სხეულის დამჭერ მინაბოჭკოვან ფირფიტაზე და ისე მართავს მას. სკელეტონის სიგრძე 80-120 სმ-ია, სიმაღლე – 8-20 სმ, სიგანე – 45 სმ, მანძილი თავკავებს შორის – 34-38 სმ. სკელეტონის წონა არ უნდა აღემატებოდეს: კაცებისთვის – 43, ქალებისთვის – 35 კგ-ს. სკელეტონისა და სპორტსმენის წონის ჯამი არ უნდა სჭარბობდეს: 115 (კაცები) და 92 (ქალები) კგ-ს. ნებადართულია ბალასტის გამოყენება, რომელიც ციგაზე საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული. სპორტსმენები ხმარობენ სახის დამცავ ჩაფხუტს, მძლეოსნურ ფეხსაცმელს 7 მმ სიგრძის ქაცვებით. აცვიათ შემოტკეცილი, ერთიანი აეროდინამიკური კოსტიუმი.

ტრასაზე სკელეტონის სისწრაფე 135 კმ/ სთ-ს აღწევს.

შეჯიბრებაში მონაწილეთა გამოსვლის რიგითობას განსაზღვრავს კენჭისყრა (პირველ გამომსვლელებს გარკვეული უპირატესობა აქვთ ყინულის უკეთესი მდგომარეობის გამო). სტარტის შემდეგ მოციგავე რამდენიმე ათეულ მეტრს სირბილით ფარავს და ცდილობს ხელით რაც შეიძლება მეტად გააქანოს სკელეტონი, რადგან სტარტზე შეძენილი სიჩქარე ბევრად განაპირობებს საბოლოო შედეგს გამარჯვებულად ცხადდება სპორტსმენი, რომელიც ტრასას ყველაზე სწრაფად გაივლის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები