სნოუდენ-ანკანი ეთელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სნოუდენი ეთელ

სნოუდენ-ანკანი ეთელ (8.IX.1881 - 22.II.1951) - ბრიტანელი სოციალისტი, სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი, ფემინისტი პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია

დაიბადა საშუალო კლასის წარმომადგენელი ინგლისელის ოჯახში. ახალგაზრდობაში იყო ქრისტიან სოციალისტი. შემდგომში შეუერთდა დამოუკიდებელ ლეიბორისტულ პარტიას და გახდა ფაბიანური საზოგადოების წევრი. ახალგაზრდობიდანვე ეწეოდა აქტიურ ფემინისტურ საქმიანობას. 1905 წელს იქორწინა ცნობილ ბრიტანელ ლეიბორისტ პოლიტიკოსზე, ფილიპ სნოუდენზე. აქტიურად იყო ჩართული პარტიულ საქმიანობაში, წლების განმავლობაში იყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. XX-ის დასაწყისში იყო სუფრაჟისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. პირველი მსოფლიო ომის დროს მოგზაურობდა ბრიტანეთში, კანადასა და ამერიკაში, ეწეოდა პაციფისტურ პროპაგანდას, ქალთა მოძრაობების მიტინგებზე გამოდიოდა ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც ინგლისის ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა იმოგზაურა საბჭოთა რუსეთში და რამდენიმე კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საბჭოთა რეჟიმის შესახებ. 1920 წელს მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრებთან ერთად იმოგზაურა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. სიტყვით გამოვიდა თბილისში, გურჯაანში, თელავსა და ტყიბულში გამართულ მიტინგებზე. საქართველოდან დაბრუნების შემდეგ გაზ. „მანჩესტერ გარდიანში“ გამოაქვეყნა თავისი შთაბეჭდილებები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, წერილში დადებითად აფასებს გატარებულ რეფორმებს, ასევე საუბრობს რუსეთთან შედარებით საქართველოში არსებულ უკეთეს სოციალურ ფონზე.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, როგორც მეორე ინტერნაციონალის წევრი, აკრიტიკებდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს. XX-ის 20-30-იან წლებში აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. იყო BBC-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამეფო ოპერის დირექტორი. სიცოცხლის ბოლო წლებში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწოდა.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • „ქალები წარსულიდან“, მედიის განვითარების ფონდი;
  • ნ. კირთაძე, ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო (1919-1921 წწ. ), თბ., 1997;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №209, №2016;
  • გაზ. „ერთობა“, 1920, №211.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები