სოსლანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოსლანი მ. თუღანოვი

სოსლან-ი / სოზირიყო (ოს. Сослан / Созырыхъо) – ნართული ეპოსის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი, ნართების უმცროსი თაობის წარმომადგენელი, უსახელო მწყემსისა და სათანას ვაჟი (სხვა ვარიანტებით, ვასთირჯის ან საინაგ-ალდარის შვილი). „ქვისგან შობილი“ სოსლანი ციურმა მჭედელმა – ქურდალაგონმა მგლის რძეში აწრთო და ზეციურმა საფამ აღზარდა. ნართებს შორის სწორუპოვარი გმირი, რომელიც ეპოსის დიგორულ ვარიანტებში „ნარამონად“ (нæрæмон – „მძვინვარე“, „დაუცხრომელი“) იწოდება, შეუდარებელი მხედარი, მონადირე და მეომარია; ნართების მტრებს მუსრს ავლებს, რისთვისაც არ იშურებს ეშმაკობასა და ვერაგობას (ამ მხრივ ძალზე არაკეთილსინდისიერად გამოიყურება სოსლანი ალბეგის ვაჟთან – თოთრაძთან ორთაბრძოლაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ თოთრაძის, როგორც მოსისხლის ლიკვიდაცია სათანას მიერ წინასწარ არის დაგეგმილი). სოსლანი გვევლინება, როგორც კულტურული გმირი, რომელსაც ან რომლის მეშვეობით ნართებს ღვთაებები ხორბლეულის თესლით (ვაცილა, რექომი, მიქალგაბირთა), კავითა (ქურდალაგონი) და წყლის წისქვილით (დონბეთირი) ასაჩუქრებენ.

ნართული ეპოსის ცნობილი მკვლევრები (ჟ. დჲუმეზილი, ვ. აბაევი და სხვ.) სოსლანის სახეს ეპოსის უძველეს მითოლოგიურ პლასტებს განაკუთვნებენ და მის პერსონაჟში მზიური ღვთაების ნიშნებს ჭვრეტენ (დაქორწინებულია მზის ერთ-ერთ ქალიშვილზე – მზეთუნახავ აცირუხზე, კვდება მზის სხვა ქალიშვილთან კონფლიქტის გამო ცეცხლოვან, მზიურ ბორბალთან ბრძოლაში. – „ბალსაჯი ცალხი“), თუმცა ამ აზრს ზოგიერთი მეცნიერი (მაგ. კ. ველი და სხვ.) არ იზიარებს.

სოსლანის სიკვდილი მ. თუღანოვი

ეპოსს წითელ ზოლად გასდევს მტრობა სოსლანსა და სირდონს შორის, რაც სოსლანის სიკვდილით მთავრდება და რაც საოცრად ჰგავს სკანდინავიური მითოლოგიის გმირების – მზიური ღვთაების ბალდრისა და ლოკის მტრობასა და ბალდრის სიკვდილს. ჟ. დჲუმეზილის მიერ გავლებული ეს პარალელი არ შეიძლება მიეწეროს მხოლოდ ადამიანთა მითოსური აზროვნების ერთგვაროვნებას. იგი, როგორც ჩანს, ძველი სკანდინავიური ტომებისა და სკვითურ-სარმატული მოდგმის ხალხების (ალან-ოსთა წინაპრების) კულტურულ-ისტორიული კონტაქტების შედეგია.

სოსლანის სახე ღრმად არის ჩაბეჭდილი ოსი ხალხის ცნობიერებაში. იგი ნართული ეპოსის ერთადერთი გმირია, რომლის სახელობის დღეობას დიგორელი ოსები აღნიშნავენ („სოსლანი ქუვდი“). ოსური ენის დიგორულ დიალექტში ცისარტყელას Сосланы æндурæ – „სოსლანის მშვილდი“ ჰქვია (შდრ. სპარსული „Kaman-i Rustam“).

ჩვენთვის საინტერესო გმირის სახელის წარმომავლობის თაობაზე არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული, მაგრამ ყველაზე მისაღები ჩანს ვ. აბაევის თვალსაზრისი. მეცნიერი მას თურქული ენიდან მომდინარედ მიიჩნევს და უკავშირებს ნოღაურ ტერმინს suslan („მრისხანე სახის ქონა“), სიტყვიდან suslə – „მრისხანე“, „შუბლშეკრული“. სახელი „სოსლანი“ ოსურ ნიადაგზე დადასტურებულია XII საუკუნეში (შდრ. საქართველოს მეფის — თამარის ქმრის სახელი – დავით სოსლანი, რომლის ოსური წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს). გმირის სახელის მეორე ფორმა „სოზირიყო“ (Созырыхъо) ეპოსის დიგორულ ვარიანტებში საერთოდ არ გვხვდება. იგი „სოსლანის“ ადიღეური ადაპტაციის შედეგია და გვიან არის ოსურში შემოსული. სოსლანის პერსონაჟს იცნობს ნართული ეპოსის სხვა კავკასიური ვერსიებიც.


ლიტერატურა

  • Сказания о нартах. Пер. Ю. Лебединского. Владикавказ, 2000;
  • Нарты. Осетинский героический эпос. Т. I. М., 1990;
  • Дюмезиль Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1976;
  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. 4. Л., 1989;
  • მისივე, Избранные труды: Религия, фольклор, литература. Владикавказ, 1990. Т. I;
  • Калоев Б. А. Сослан // Мифологический словарь. Главный редактор Е. М. Мелетинский. М., 1991;
  • Гуриев Т. А. Кто есть кто в аланской нартиаде. Владикавказ, 1999;
  • Вьель К. Осетино-арийский героический мифоцикл // Эпос и мифология осетин и мировая культура. Владикавказ, 2003;
  • Чибиров Л. Скифский мир и нартовский эпос // Дарьял. № 1. 2012;
  • Таказов М. Ф. Архетипы солнца в осетинской мифологии // Фундаментальное исследование. Вып. № 10-11/2013.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები