სპინოზა ბარუხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბარუხ სპინოზა

სპინოზა ბარუხ (ბენედიქტ) - (ლათ. Spinoza Benedictus) Baruch Spinoza, Спиноза Бенедикт, 1632-1677

ებრაული წარმოშობის ნიდერლანდელი ფილოსოფოსი, ახალი დროის ფილოსოფიის გამოჩენილი ძირითადი წარმომადგენელი, რომელსაც ფსიქოლოგიისთვის მეტად საყურადღებო აზრები ეკუთვნის.

ფსიქოფიზიკური პრობლემის გააზრებისას სპინოზა უპირისპირდება ურთიერთზემოქმედების თეორიის და ფსიქოფიზიკური პარალელიზმის კონცეფციებს და მონისტურ თვალსაზრისს იცავს. არსებობს ერთი სუბსტანცია - ბუნება, რომლის უსასრულო ატრიბუტებიდან ადამიანის გონება მხოლოდ ორს სწვდება: განფენილობას და აზროვნებას. სუბსტანციის ყოველი კონკრეტული გამოვლინება (ანუ მოდუსი), განხილული განფენილობის კუთხით, არის ობიექტური საგანი, ხოლო აზროვნების ატრიბუტის თვალსაზრისით - ამ საგნის იდეა ან მისი სულიერი მხარე. ისინი ერთმანეთზე არ ზემოქმედებენ, ერთმანეთს არ იწვევენ. ისინი ერთმანეთს შეესაბამება.

იგივე ითქმის ადამიანის სულისა და სხეულის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. სხეული და სული ერთიანობაა, ერთი ინდივიდია, მოაზროვნე სხეულია, რომელიც ხან ერთი ატრიბუტით ხასიათდება, ხან მეორით. არც სხეულს შეუძლია სულში აზროვნება გამოიწვიოს და არც სულს - აამოძრაოს სხეული, ამბობს სპინოზა. ამით იგი პრინციპულად უპირისპირდება რ. დეკარტეს ურთიერთზემოქმედების თეზისს. სული და სხეული განცალკევებულად არ არსებობენ, ისინი ჩართული არიან ბუნების ერთსა და იმავე წესრიგში და ერთიანი სუბსტანციის კონკრეტული მოდუსის, კერძოდ, ცოცხა¬ლი ადამიანის ორი გამოვლინებაა. ამიტომ ისინი კი არ განსაზღვრავენ, არამედ შეესაბამებიან ერთმანეთს.

თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, სპინოზა, არსებითად, ორგვარ სულიერ (ფსიქიკურ) პროცესზე საუბრობს: შემეცნებითზე და მოტივაციურ-აფექტურზე. ამასთან, უპირატესობა პირველს ენიჭება (სპინოზა რაციონალიზმის ხაზის გამგრძელებელია). სულის არსი შემეცნების უნარშია, რაც მის მიერ ცნებების ან აზრების წარმოქმნაში ვლინდება. კოგნიციური ფსიქიკის მოქმედების საკითხთან დაკავშირებით, სპინოზამ საკმაოდ მკაფიოდ მიუთითა იმაზე, რასაც შემდგომში ასოციაციის პრინციპი ეწოდა. იგი ასე ამბობს: თუკი ადამიანის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე ობიექტი მოქმედებს, შემდგომში ისე ხდება, რომ სული, წარმოიდგენს რა ერთერთ მათგანს, მაშინვე გაიხსენებს სხვებსაც.

სპინოზა აყალიბებს მოძღვრებას აფექტების შესახებ. აფექტების მოაზრებაში ყველაზე მკაფიოდ აისახა მისი პოზიცია ფსიქოფიზიკურ პრობლემასთან დაკავშირებით. აფექტი ბუნებრივი მოვლენაა. მას სხეულებრივი მხარეც აქვს და სულიერიც. დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, აფექტი ფსიქოფიზიკური ფენომენია. შემთხვევითი არ არის, რომ ფსიქოლოგიის ისტორიკოსები ბევრ საერთოს ნახულობენ სპინოზას შეხედულებებსა და ჯეიმს-ლანგეს ემოციების თეორიას შორის.

გამოყოფილია აფექტების სამი სახეობა: ვნებები (სურვილი, წადილი, გზნება), სიამოვნება (სიხარული) და უსიამოვნება (მწუხარება). აფექტის ყველა დანარჩენი გამოვლინება ამ პირველადი აფექტებიდან არის წარმოებული. ყოველი აფექტი გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას საგნების მიმართ. ამასთან აფექტებს, განსაკუთრებით კი ვნებებს, მოტივაციური ფუნქციაც აქვს. ვნებას, როგორც მოტივაციურ ფაქტორს, დიდი ძალა აქვს (გზნება). ადამიანის ქცევა ვნებებით (აფექტებით) არის განსაზღვრული. მაგრამ, რაკი თვითონ აფექტები გარეგან საგნებზე სუბიექტის დამოკიდებულებას გამოხატავს, საბოლოოდ ადამიანის ქცევის მიზეზი მათში კი არა, არამედ გარეთ ყოფილა საძებნი. ადამიანები საკუთარ სურვილებს აცნობიერებენ და არა მათი ქმედების ნამდვილ მიზეზებს. ამიტომ, სპინოზას აზრით, ნებელობის თავისუფლება ფიქციაა, ის რეალურად არ არსებობს. ბუნების ყველა მოვლენა განსაზღვრულია სუბსტანციით, მისი კანონზომიერებით. სპინოზა უდიდესი დეტერმინისტია და მიიჩნევს, რომ ადამიანი ბუნების ნაწილია და მის კანონებს ემორჩილება. მიუხედავად ამისა, სპინოზა მაინც პოულობს ადგილს თავისუფლებისთვის ადამიანის ქცევაში. რაციონალისტი სპინოზა თავისუფლებას ადამიანის აზროვნების უნარს უკავშირებს. მართალია, ჩვენ არ შეგვწევს უნარი, უშუალოდ ვიმოქმედოთ აფექტებზე, მაგრამ შეგვიძლია შევიმეცნოთ ჩვენი მდგომარეობები, ავხსნათ მათი მიზეზი და ამით არაპირდაპირ, გონებრივი გაშუალებით, მოვიპოვოთ მათზე ძალაუფლება და ამ აზრით გავხდეთ თავისუფალი. სპინოზას მიხედვით, თავისუფლება, არსებითად, შემეცნებული აუცილებლობაა (ეს აზრი შემდგომში ჰეგელმა განავითარა).

სპინოზა პანთეიზმის მესვეური და მისი ყველაზე თანმიმდევრული მიმდევარია. პანთეიზმი მიიჩნევს, რომ ღმერთი იგივე ბუნებაა, ღმერთის სული თუ ძალა - ბუნების, სიცოცხლის მისწრაფებაა (არისტოტელესეული ენტელექია), ღმერთის ნება - ბუნების წესრიგი და კანონზომიერებაა. ასეთი აზრების გამო სპინოზა იდევნებოდა რელიგიური მწვალებლობის ბრალდებით როგორც ქრისტიანი, ისე იუდაისტი სასულიერო პირების მიერ.

ძალიან მნიშვნელოვანი და ამჟამადაც აქტუალურია აგრეთვე სპინოზას აზრები ფილოსოფიის (მათ შორის, ცხადია, ფსიქოლოგიის) ლოგიკურობის, ცნებათა მკაფიობის შესახებ. ამიტომ ის მოითხოვდა, რომ ჰუმანიტარული თეორია გეომეტრიის ნიმუშის მიხედვით აგებულიყო. თავის ნაშრომებსაც ამ სტილით წერდა. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები