სუაბ თერექლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუაბ თერექლე (ბალყ.-ყარაჩ. Суаб терекле – „კეთილმყოფელი ხეები“) – სათაყვანებელი ხეები ბალყარულ-ყარაჩული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. კულტის ობიექტად ქცეულ ასეთ ხეთა შორის დიდ ყარაჩში განსაკუთრებით გამოირჩეოდა სოფ. ჯურთაში მდგარი დიდი ფიჭვის ხე (მითის მიხედვით, ყორნის სისხლისგან გაჩენილი), რომელსაც ჯანგიზ თერექს (Джангыз терек – „მარტოხე“) უწოდებდნენ. მისმა კულტმა XX ს-მდე მოაღწია. ადგილობრივები ამ ხის მიმართ შიშით იყვნენ შეპყრობილნი: თვლიდნენ, რომ ხის ტოტის მოტეხვაც კი უბედურებას მოუტანდათ. ჯანგიზ თერექთან უშვილო ქალები ბავშვის გაჩენისა და იოლი მშობიარობის თხოვნით მოდიოდნენ; აქვე იმართებოდა სხვადასხვა ხასიათის რელიგიური რიტუალები და დღესასწაულები. საბან-თოჲს დღესასწაულზე რიტუალური ხვნის დაწყებამდე ყარაჩაელებს ჯანგიზ თერექთან უხვად მოჰქონდათ შესაწირი, ლოცულობდნენ საფერხულო სიმღერას მღეროდნენ:

ოჲ, ჯანგიზ თერექ – სიცოცხლის ხეო, ოჲ, ჯანგიზ თერექ – თეირის ხეო, ოჲ, ჯანგიზ თერექ – ბარაქიანო ხეო, ძლევამოსილო ხეო, ოჲ, ჯანგიზ თერექ – სიცოცხლის ხეო, ხალხის დამხმარე ხეო, ყველასთვის თაყვანსაცემო ხეო, შენს წვერზე ოქროს ფოთლები შრიალებენ, შენს გარშემო ფერხულს მართავენ.

ცეკვის დროს ხეს ზოგჯერ ტოტი ცვლიდა, რომელზედაც სხვადასხვა ფერის ლენტებს, მარცვლით სავსე ჩანთებს, ლითონის საგნებს კიდებდნენ, ხოლოს წვერზე ბოხოხს ახურავდნენ. მოცეკვავეები დიდ წრეს შეკრავდნენ, რომლის შუაში ტოტით ხელში გოგონა იდგა. მამაკაცები ხვნას იმიტირებდნენ და ქუდებს მაღლა ისროდნენ, რათა მოსავალი მაღალი გაზრდილიყო. ამასთან, ყველა მონაწილე ცდილობს, რაც შეიძლება ხმამაღლა იცინოს, რათა უხვი ჭირნახული მოიწიონ. კოლექტიური ფერხულის შემდეგ, რიტუალის ხელმძღვანელი ჯანგიზ თერექს სამომავლოდ შესაწირს დაპირდებოდა და შრომაში ხელშეწყობასა და უხვი მოსავლის გამოგზავნას თხოვდა:

ჩვენ სახნავად გავდივართ! კავს დამტვრევის საშუალება არ მისცე, ხვნაში შეგვეშველე, ააჯეჯილე ჩვენი მარცვლეული.

ბალყარეთში ასეთივე თაყვანისცემით სარგებლობდა სოფ. შაურდათში მდგარი წმ. მსხლის ხე, ე. წ. რაუბაზ თერექი. ხეთა შორის საკრალური ფუნქციის მატარებლად მიაჩნდათ კუნელი (Джабышмакъ), რომლის ნაჭრებს ავგაროზის სახით აკვნებსა და ხარის უღლებზე ჰკიდებდნენ. გარდა ამის, კუნელისაგან მზადდებოდა სპეციალური ჯოხები (гиздох таякъ), რომლებსაც მწყემსები მგლებისა, ავსულებისა და მეხისაგან უნდა „დაეცვა“. მაგიური ძალა მიეწერებოდა კაკლის ხესაც („ყოზ თერექი“).


ლიტერატურა

  • Хаджиева Т. Эстетическая и утилитарно-магическая функции календарных песен балкарцев и карачаевцев (весенно-летний цикл) // Календарно-обрядовая поэзия народов Северного Кавказа. Махачкала, 1988;
  • Мизиев И. М., Джуртубаев М. Ч. История и духовная культура карачаево-балкарского народа. Нальчик, 1994;
  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Кудаев М. Ч. Древние танцы балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1997;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები