სურნელოვანი ია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სურნელოვანი ია

სურნელოვანი ია – (Viola odorata L.); ოჯახი: იისებრნი (Violaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, უღერო, ივითარებს გრძელ, მიწისზედა ყლორტებს, ან ყლორტების გარეშეა. ფოთლები როზეტულია, მუქი მწვანე მომრგვალო ან ფართო, კვერცხისებური, შებუსული ან შიშველი. კიდეზე დაკბილული. თანაფოთლები ლანცეტაა ან კვერცხისებური, ფოჩებიანი. გვირგვინის ფურცლები მუქი იისფერია, სურნელოვანი. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე იზრდება დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე, ტყეებში, ბუჩქნარებს შორის, ბალახოვან ფერდობებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

იზრდება ტყის სარტყელში, ტყეებსა და ტყის პირებზე, ბუჩქნარებს შორის, ფერდობებზე 1600 მ-მდე ზღვის დონიდან.

სამკურნალო მიზნით გამოიყენება მცენარის მიწისზედა ნაწილი ყვავილებთან და ფესვებთან ერთად ან მხოლოდ ფესვები.

გამოიყენება დეკორატიული და სამკურნალო მიზნით. ყვავილები გამოიყენება პარფიუმერიაში იის ზეთისა და სუნამოების სახით. ხასიათდება შარდმდენი, ამოსახველებელი, გამაუმტკივნებელი, დამამშვიდებელი მოქმედებით. შეიცავს დიდი რაოდენობით ალკალოიდ ვიოლინს, რომელიც მოქმედებით მსგავსია ალკალოიდ ემეტინთან, რომელსაც შეიცავს იპეკაკუანას ფესვები, აგრეთვე საპონინებს, სალიცილის მჟავას და სხვ.

დიდი ბრიტანეთის ფარმაკოპეაში შეყვანილია როგორც ამოსახველებელი და ანტინეოპლასტიური ახლადწარმონაქმნების მიმართ. გამოიყენება აზიის ქვეყნების მედიცინაში. ჰომეოპატიაში იხმარება სამფერა იის მსგავსად ხველებისა და სახსრების რევმატიზმისას.

მთელი მცენარე დამოუკიდებლად და ნაკრებებში გამოიყენება როგორც დიურეზული, ნაღველმდენი, ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების, ნიკრისის ქარის, რევმატიზმის დროს; როგორც ამოსახველებელი და ოფლმდენი ტუბერკულოზის, პნევმონიის, ბრონქიტისა და პლევრიტის დროს; როგორც დამამშვიდებელი თავის ტკივილების, ისტერიის, კრუნჩხვების, ეპილეპსიის, ნერვული შეტევების, გახშირებული გულისცემის და უძილობისას; ასევე კიბოს სამკურნალოდ, მეჭეჭების მოსაშორებლად, ყივანახველის სკროფულოზისა და კანის დაავადებებისას.

იის ნაყენს ღებულობენ ყელის კიბოს, ნაწლავებისა და საშვილოსნოს სიმსივნის სამკურნალოდ. ნახარში გამოიყენება ყელის გამოსავლებად გრიპის, ანგინის და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს. მოყვავილე ნედლი მცენარის ესენციას იყენებენ ყივანახველისა და სახსრების რევმატიზმისას. ბალახისა წყლიანი ნაყენი ფესურასა და ფესვებთან ერთად გამოიყენება ბრონქიტის, ფილტვების ანთების, ფილტვების ტუბერკულოზის, ცისტიტის, თირკმელკენჭოვანი და ნაღველკენჭოვანი დაავადებებისას, ურეთრიტის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და რევმატიზმის დროს.

სურნელოვანი ია შხამიანი მცენარეა, რის გამოც აუცილებელია მისი გამოყენება ექიმის მეთვალყურეობით და დოზების მკაცრად დაცვა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები