სხილათუბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სხილათუბანი – გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიში

სხილათუბანი – ძველ დროიდანვე ცნობილი გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. წარსულში იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარად განსაკუთრებით აღმოსავლეთ გურიის რაიონებში, რომლის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინის დასაყენებლად.

ე. ნაკაშიძესა (9) და გ. შარაშიძეს (11) მოხსენიებული აქვთ „სხილათობანი“. ერთ უცნობ ავტორს, როგორც ამის შესახებ გადმოგვცემს აკად. ივ. ჯავახიშვილი, აღნიშნული აქვს „რცხილათუბანი“, ხოლო თვით აკად. ივ. ჯავახიშვილის შრომაში კი აღნიშნულია: რცხილათუბანი, სხილათუბანი, სხილათობანი, რცხილათობანი (7).

ადგილობრივ მოსახლეობაში, განსაკუთრებით ჩოხატაურის რაიონის სოფ. დაბლაციხესადა საყვავისტყეში შემორჩენილია სახელწოდებები: სხილათობანი და ცხილათობანი, ხოლო ფარცხმა-კოხნარ-საჭამიასერის მიდამოებში გავრცელებულია სახელწოდებები: სხილათუბანი და სხილათობანი. ამავე რაიონის ზოგიერთ სოფელში (განახლება, ბერეჟოული) ამ ჯიშს ცხრილათობანსაც ეძახიან.

ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით აღნიშნული სახელწოდება ჯიშს მიკუთვნებული უნდა ჰქონდეს მის კუმს მტევნებში პაწაწინა მწერების დაბუდების გამო. ამ მწერს გურიაში „სხილს“ ეძახიან (ჩოხატაურის რ-ნი). ამგვარი განმარტება ძნელად დასაჯერებელია, მით უმეტეს, რომ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული დაკვირვებით მტევნებში მწერების არსებობა შემჩნეული არ ყოფილა.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ბოტანიკური, აგრობიოლოგიური და სამეურნეო თვისებებით იგი კოლხეთის ვაზის ჯიშთა ტიპიური წარმომადგენელია და მიეკუთვნება გურიის ვაზის აბორიგენულ ჯიშთა ჯგუფს.

გ. შარაშიძე (11) თავის ლექსკიონში სხილათობანს გურიის ვაზის ჯიშად თვლის და მოთავსებული აქვს საუკეთესო ვაზის ჯიშთა სიაში. აგრ. ე. ნაკაშიძეც (9) მას გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს აკუთვნებს.

აკად. ივ. ჯავახიშვილს (7) მოჰყავს უცნობი ავტორის ცნობა რცხილათუბანის შესახებ, ამის მიხედვით იგი მოთავსებულია იმერეთის შავი და წითელი ყურძნის ჯიშთა სიაში, რომელიც მისივე გადმოცემით, გავრცელებული ყოფილა იმერეთის სამხრეთ ნაწილსა და ცხენისწყალზე მდებარე სოფ. ხონსა და მის მიდამოებში.

ენობრივი ანალიზის შედეგად ივ. ჯავახიშვილი გურიაში გავრცელებულ სახელწოდებას სხილათუბანს – თვლის რცხილათუბანის ფონეტიკურ სახესხვაობად და მას ეს სახელწოდება სოფლის სახელწოდებიდან წარმომდგარად მიაჩნია, რადგან ამ სახელწოდების სოფელი მეცნიერს 5-ვერსიან რუკაზე ვერ უპოვნია, ამიტომ იგი დასაშვებად თვლის ამ ჯიშის არგვეთში მდებარე სოფ. რცხილაეთიდან წარმოშობას.

აკად. ივ. ჯავახიშვილის მიერ დასახელებული რცხილათუბანის ბოტანიკური აღწერის და აგრევე აგრობიოლოგიური და სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათების უქონლობა, ჯიშის ამჟამად არარსებობა არ გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ გურიის სხილათუბანის და იმერული რცხილათუბანის იდენტურობა. დასახელებული ავტორი სხილათუბნის ჯიშს ადარებს აგრეთვე რაჭულ წითელყურძნიან ჯიშს „რცხილს“, რომელიც, მისივე დასკვნით, უეჭველია უნდა იყოს რცხილათუბანის ბოლომოკვეთილი ფორმა.

წარმოებული დაკვირვებებით დადგენილია გურიის სხილათუბნის და რაჭულ რცხილის სრული არაიდენტურობა.

როგორც ვხედავთ, არსებული მასალები არ არის საკმაო სხილათუბანის საბოლოო სახელწოდებისა და წარმოშობის დასადგენად. ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს.

სოკოვან ავადმყოფობათა გავრცელებამდე და ფილოქსერის შემოჭრამდე სხილათუბანი ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარად გურიის აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით მდ. სუფსისა და ხევისწყლის ხეობებში და, როგორც გადმოგვცემენ, ადგილობრივი მოსახლეობა ამ ჯიშის ყურძენს იყენებდა ხარისხოვანი საკმაოდ შეფერილი სუფრის ღვინოების დასაყენებლად. მდ. ხევისწყლის ხეობაში (საჯავახოს ზონა) სხილათუბნის ყურძენს ურევდნენ მტევანდიდს და მათი კუპაჟით აყენებდნენ იმ დროს მთელ დასავლეთ საქართველოში ცნობილ, ე.წ. საჯავახოს ღვინოს, რომელიც თავისი ხარისხით მკვეთრად გამოირჩეოდა ვაზის სხვა ადგილობრივ ჯიშთა პროდუქციიდან. დაკავებული ფართობის მიხედვით სხილათუბანი ჭარბობს ჯანს და ზოგან ჩხავერსაც კი, რადგან ხარისხოვან პროდუქციის მოცემასთან ერთად იგი უხვი მოსავლიანობითაც გამოირჩეოდა.

ფილოქსერისა და სოკოვან დაავადებათა მოქმედების გამო სხილათუბნის მაღლარები გურიის რაიონებში მთლიანად მოისპო.

ჩოხატაურის რაიონში მცხოვრებ ზოგიერთი დაინტერესებული მეურნის თაოსნობით (ალექსანდრე ხუნდაძე სოფ. კალაგონში და ალექსანდრე შარაშიძე სოფ. დაბლაციხეში) 1905 და 1906 წლებში გაშენებული იყო სხილათუბანის ვენახები ნამყენების სახით დაბლარად, რომელთაგან ნაწილი ამჟამადაც არსებობს და მიუხედავად ხნოვანებისა ვაზები ნორმალური ზრდა-განვითარებით, აგრეთვე ჯიშისათვის დამახასიათებელი უხვმოსავლიანობით ხასიათდება.

მიუხედავად უხვი მოსავლიანობისა და ხარისხოვანი პროდუქციისა, სხილათუბანის გავრცელების თანამედროვე არეალი მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ამას პირველ ხანებში ხელი შეუწყო უხვმოსავლიანი იზაბელას ფართოდ გავრცელებამ, რადგან იგი შედარებით გამძლე აღმოჩნდა ფილოქსერისა და სოკოვან დაავადებათა მიმართ და ამასთან ნაკლებ მოვლას მოითხოვდა. შემდგომ პერიოდში კი, როდესაც ამ მხარეში დაბლარი ტიპის მევენახეობა ფართოდ განვითარდა, დაინერგა და მასობრივად გავრცელდა იმერული ჯიში ცოლიკოური. სხილათუბნის აღდგენა-გავრცელებით ადგილობრივი მოსახლეობა არ დაინტერესდა, რადგან ამ საქმიანობის სათანადო სიმაღლეზე დაყენებას ხელს უშლიდა საკვირტე მასალის სიმცირე და, რაც მთავარია, ის რომ მოსახლეობას სწორი წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ჯიშის ვარგისიანობაზე.

ამ უკანასკნელ პერიოდში სერიოზული ყურადღება მიექცა აბორიგენულ ვაზის ჯიშების აღდგენა-განვითარებას და სხილათუბანშიც გავრცელდა როგორც ზემო, ისე ქვემო გურიაში. იგი ამჟამად მხოლოდ დაბლარად არის წარმოდგენილი ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე დამყნობილი. როგორც ზრდა-განვითარებითა და მოსავლიანობით, ისე პროდუქციის ღირსებით სხილათუბანი სავსებით აკმაყოფილებს ხარისხოვანი საღვინე ჯიშის მიმართ წაყენებულ ძირითად მოთხოვნას, რის გამოც მისი მასობრივი გავრცელება სავსებით მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული გურიის ყველა რაიონში და განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში.

სარჩევი

ბოტანიკური აღწერა

სხილათუბანის ბოტანიკური აღწერა ჩატარდა ჩოხატაურის რაიონის სოფ. კალაგონში და ამავე რაიონის სოფ. დაბლაციხეში, ხოლო შემოწმებული იქნება ბახვის საბჭოთა მეურნეობაში (მახარაძის რ-ნი), სადაც ამ ჯიშის ვენახია ჩაყრილი.

სოფ. კალაგონში სხილათუბანის ვენახები დაბლარადაა გაშენებული. ვაზი ქართული წესითაა გასხლული, ნაკვეთი დაქანებულია სამხრეთისაკენ. ნიადაგი მსუბუქი, ქვეთიხნარი და ნაკლებნოყიერია; შეიცავს კალციუმის კარბონატების საკმაო რაოდენობას.

სოფ. დაბლაციხეში სხილათუბნის ნაკვეთი მდ. სუფსის ხეობის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს. ნაკვეთი ვაკეა, ხოლო ნიადაგი თიხნარ-ქვიშნარი, ნაწილობრივ ქვიანია და კალციუმის კარბოტანებს მცირე რაოდენობით შეიცავს. ვენახი გაშენებულია 1905 წელს. საძირედ გამოყენებულია რიპარიაXრუპესტრის 3306. ვაზები დაბლარადაა წარმოდგენილი და ფორმირებულია მავთულზე ქართული წესით.

ახალგაზრდა ყლორტი

კვირტების გაშლის პერიოდში თითქმის წითელია და სქლადაა დაფარული ბეწვისებრი ბუსუსით. ზრდის კონუსი მოთეთრო-მუქი-წითელი ფერისაა. პირველი ახლადგაშლილი ფოთოლი ზემოდან ღია მწვანეა მოყვითალო ელფერით. ნაპირები კბილებითურთ მთლიანად მოწითალო-იისფერია და სქლადაა დაფარული მონაცისფრო ბუსუსით. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთოლი ზედა მხრიდან მუქი წითელი ან წითელია და მოიისფერო ელფერი დაჰკრავს, ხოლო ძარღვების გასწვრივ ღია მწვანეა. მეორე ფოთოლი მცირედ და მესამე კი უმნიშვნელოდაა დაფარული ბეწვისმაგვარი ბუსუსით. ქვედა მხრიდან მათი შებუსვა ქეჩისებრია. ნაცრისფერი ბუსუსი ბეწვისმაგვარია. მთელ ფირფიტას ქვემოდან გადაჰკრავს მოწითალო ღვინის ან მუქი მოწითალო ელფერი.

ახალგაზრდა ყლორტი მცირედ ან საკმაოდ დაფარულია ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ. ყლორტი ღია მწვანეა და წვერისაკენ ხშირად მოწითალო იის ან წითელი ღვინის ფერი გადაჰკრავს.

ერთწლიანი რქა

შემოსული რქა საშუალო სიმსხოსია. მუხლთაშორისის სიგრძე 8-15 სმ აღწევს, ღია ყავისფერია მოწითალო ელფერით. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი. რქას ოდნავ ემჩნევა ზოლიანობა.

ფოთოლი

ზრდადამთავრებული ფოთოლი მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია. მისი სიგრძე 15,4-21,0 სმ აღწევს, ხოლო სიგანე 14,8-20 სმ აღწევს.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურულია ვიწრო ან განიერი ელიფსური ნაპრალით. გვხვდება აგრეთვე ჩანგისებრი ფორმის ღია ამონაკვეთებიც, რომელთა ნაკვთები სამი ან ოთხი ძარღვისაგან შედგება და მახვილი ან მომრგვალო ფუძიანია.

ზემო ამონაკვეთი ღიაა და მცირედ ჩაჭრილი, იშვიათად დახურულია ვიწრო ან განიერი ელიფსური ნაპრალით, რომლის ფუძე მომრგვალო ან მახვილია. ქვედა ამონაკვეთი უმნიშვნელოდაა ჩაჭრილი. ფოთოლი სამნაკვთიანია; გვხვდება სრულიად უნაკვთო ფოთლებიც. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ქმნის სწორ კუთხეს, იშვიათად ბლაგვს.

ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრი ან ვიწრო სამკუთხედისებრია და წაგრძელებულწვერიანი. ამოზნექილი გვერდებიანი და წამახვილებული წვერიანი მეორეული კბილები მთავარი კბილების მსგავსია. ფოთლის ნაპირები კბილებით მოყვითალო-მწვანე ფერისაა, რაც უნდა მიეწეროს ქლოროფილით გამოწვეული მარცვლების დეფორმაციას მომწიფების პერიოდში.

ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრია, ზედა მხარე გლუვია ან ბადისებრ დანაოჭებული, იშვიათად წვრილი ბუშტისებრიც გვხვდება. ფოთოლი ბრტყელი ან ძაბრმაგვარი ღარისებრი მოყვანილობისაა, მთავარი ძარღვები ოდნავ შებუსვილია, ბაცი მწვანე ფერისაა და ფუძესთან ღია ვარდის ან წითელი ღვინის ფერს იღებს. ფოთლის ყუნწის შეფარდება მთავარ შუა ძარღვთან 0,8-1,1 უდრის. ყუნწი შიშველია ან ოდნავ შებუსვილი და ბაცი წითელი ღვინის ფერია.

ყვავილი

ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული მტვრიანებით და ბუტკოთი. მტვრიანები საკმაოდ გრძელია ბუტკოზე და ზოგ შემთხვევაში მისგან საგრძნობლად გადახრილია. ყვავილში 5 მტვრიანაა, გვხვდება აგრეთვე 6 მტვრიანაც, ხოლო იშვიათად კი 4. ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 350-550-მდე აღწევს.

მტევანი

მტევნის ყუნწის სიგრძე 3,5-4,5 სმ აღწევს. დიდი მტევნის საშუალო სიგრძე 13-14 სმ, ხოლო სიგანე 9-12 სმ უდრის. საშუალო მტევნის სიგრძე 10-12 სმ, სიგანე 7-9 სმ აღწევს.

მტევნის საერთო ფორმა ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრია, იგი საშუალო სიდიდისაა, იშვიათად ფრთიანი და ძლიერ კუმსიც გვხვდება. სიმკვრივის გამო მტევანზე მარცვლები ურთიერთზე მიწოლით შეზნექილი და ხშირად დეფორმირებულია. მტევნის ყუნწი ბალახმაგვარია; იშვიათად, გახევებულია მუხლამდე. მტევანი საკმაოდ მტკიცედაა მიმაგრებული რქაზე.

მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 5-7 მმ აღწევს; იგი მწვანეა. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებულია და ხშირ შემთხვვაში ვიწრო კონუსისებრი. მარცვალი საჯდომ ბალიშზე საკმაოდ მტკიცედაა მიმაგრებული.

მარცვალი

საშუალო სიდიდის მარცვალი შავია. მისი სიგრძე 15,9 მმ, სიგანე კი 14,2 მმ შეადგენს. ფორმით მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია, შუა წელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია. თხელკანიანი, ნაკლებხორციანი და მეტად წვნიანია. მარცვლის კანი საკმაოდაა დაფარული ფიფქით (ცვილით). შემფერავი ნივთიერება კანში უხვად მოიპოვება, რბილობში კი არა. კანი რბილობს ადვილად სცილდება, ხოლო რბილობი წიპწას ძნელად.

წიპწა

მარცვალში 1-4 წიპწაა, უფრო ხშირად 3 წიპწა. მისი სიგრძე 6,5-7,2 მმ, ხოლო სიმსხო – 3-3,5 მმ აღწევს. ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარის თითქმის შუა ნაწილში და იგი კარგადაა გამოსახული, ფორმით მოგრძო-ოვალურია. წიპწა მოყავისფროა. მუცლის მხრიდან კი ნისკარტის ფუძისაკენ მოყვითალო ელფერი გადაჰკრავს. ზურგის მხარე გლუვია. ნისკარტის წვერი ღია მოყავისფროა ოდნავ მოყვითალო ელფერით. მისი სიგრძე 1,5-2 მმ აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

ფენოლოგიური დაკვირვებანი სხილათუბანის ცალკეულ ბიოფაზების მსვლელობაზე და სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობაზე წარმოებდა ჩოხატაურის რაიონში სოფ. კალაგონსა და დაბლაციხეში, ხოლო მახარაძის რაიონში სოფ. ბახვში – მევენახეობის საბჭოთა მეურნეობაში.

ჩოხატაურის რაიონში სხილათუბანის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 194-196 დღეს, ხოლო ფოთოლცვენის დამთავრებამდე 243-248 დღეს უდრის. თითქმის ამგვარივე სურათია სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობის მხრივ მახარაძის რაიონშიც; კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ დამწიფებამდე იგი 195 დღეს აღწევას, ხოლო სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა 244 დღით განისაზღვრება.

მცირეოდენ განსხვავებას ვპოულობთ ცალკეული ბიოლოგიური ფაზების დაწყება-დამთავრებაში. ასე, მაგალითად, სოფ. კალაგონსა და დაბლაციხეში კვირტების გაშლა ჩვეულებრივ აპრილის პირველ რიცხვებში იწყება, სოფ. ბახვის ზონაში კი იგი ყოველთვის 2-3 დღით იგვიანებს. ასევე ითქმის ყვავილობის დაწყების შესახებ. ჩოხატაურის რაიონში სხილათუბნის ყვავილობის დასაწყისი 30 მაისს არ სცდება, ხოლო ბახვის ზონაში იგი ხშირ შემთხვევაში ივნისის პირველ რიცხვებიდან იწყება. აღნიშნული ბიოლოგიური ფაზა ჩოხატაურისა და მახარაძის რაიონებში 14-15 ივნისამდე მთავრდება. ყურძნის სრული მომწიფება თითქმის თანაბარ ვადებში მიმდინარეობს (15X20.X). სხილათუბანის სავეგეტაციო პერიოდის ესოდენ გახანგრძლივება ამ მხარეში თითქმის ყველა გავრცელებულ ჯიშისათვის არის დამახასიათებელი, რაც, ეჭვს გარეშეა, გამოწვეულია თბილი და ხანგრძლივი შემოდგომით და სითბოს საერთო ჯამის გადიდებით (3800-4000º).

ვაზის ზრდა-განვითარება საშუალო ან საშუალოზე ძლიერია. ხშირად იგი დამატებით ივითარებს მრავალ ყლორტსა და ნამხრევს, განსაკუთრებით ღონიერ ნიადაგებზე და ხელის შემწყობ კლიმატურ პირობებში. მსგავსად ვაზის სხვა აბორიგენულ ჯიშებისა (ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი) სხილათუბანსაც ახასიათებს ახოხების კარგი უნარი და უხვი მოსავალი, თუმცა დაბლარად ფორმირებისას მას ნორმალური ზრდა-განვითარება და მოსავლიანობა ახასიათებს.

მოსავლიანობა

მოსავლის პირველ ნიშანს სხილთუბანი დარგვიდან მეორე წელს იძლევა, უფრო ხშირად კი მესამე წელს, ხოლო სრულად ისხამს მე-5 წლიდან. ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში (თუ იგი სათანადოდ მოვლილია) სხილათუბანი უხვ მოსავალს იძლევა. ასე, მაგალითად, მდ. სუფსის ხეობის მარჯვენა მხარეზე (დაბლაციხე), სადაც ნიადაგი საკმაოდ ნოყიერია და კლიმატური პირობებიც ვაზისათვის ხელსაყრელია დაბლარი სხილათუბნის მოსავალი 2-2,5 კგ-მდე აღწევს. გვხვდება ისეთი ვაზიც, რომელიც 3,3,5 კგ-მდე ყურძენს ისხამს. ძველი ნაწილებიდან განვითარებული ყლორტები ჩვეულებრივ უმოსავლოა. ქვემოთმოყვანილია სხილათუბნის მოსავლიანობის მაჩვენებლები (იხ. ცხრ. 1).

როგორც 1-ლ ცხრილიდან ჩანს, დაბლარად ფორმირებულ ვაზზე 8-10 კვირტის დატოვების შემთხვევაში, თუ იგი სათანადოდ მოვლილია, მოსავალი ერთ ძირზე 1,8-2,5 კგ აღწევს, რაც ჰექტარზე გადაანგარიშებით (1,5X1,5 მ კვების არის შემთხვევაში) 80-85 ცენტნერს შეადგენს. საყურადღებოა სხილათუბნის მოსავლიანობის კოეფიციენტი. სხილათუბნის ყლორტზე მასობრივად ვხვდებით 2-3 მტევანს და ამის შედეგად მისი მოსავლიანობის კოეფიციენტიც 2-ზე ნაკლები არ არის. ყლორტზე განვითარებული მტევნები თითქმის თანაბარი სიდიდისაა, რაც ჯიშისათვის დამახასიათებელია. მოსავლიანი ყლორტების რაოდენობა ვაზზე 74-78% აღწევს, ზოგჯერ კი 80% აღემატება.

ვაზის რქები სრულ მომწიფებას ასწრებს ყურძნის მასობრივი სიმწიფის პერიოდისათვის და ჯიშის დამახასიათებელ ელფერს ღებულობს.

კარგ პირობებში ყვავილცვენა არ იცის. ყვავილობის დროს თუ ცუდი ამინდი დაიჭირა, მაშინ ყვავილცვენა ხშირად 8-10% აღწევს.

სოკოვან ავადმყოფობას სხილათუბანი ნაკლებად უძლებს, განსაკუთრებით მგრძნობიარეა იგი ნაცრის მიმართ.

ეკოლოგიური პირობებისადმი ჯიში განსაკუთრებული მგრძნობიარე არ არის. დაკვირვება ცხადყოფს, რომ იგი წარმატებით ვითარდება როგორც ტენიან (გურია, ქვემო იმერეთი), ისე მშრალ გარემოში (მუხრანის საბჭოთა მეურნეობის ვაზიანის განყოფილება, მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის ბაზა ქ. თელავში), რაოდენობრივ და ხარისხობრივ კარგ მოსავალს იძლევა სამხრეთით მიქცეულ, მზით განათებულ ნაკვეთებზე და ღრმა ღონიერ, კენჭნარ და არამძიმე ნიადაგებზე.

ჯიში კარგად იტანს როგორც მოკლე, ისე გრძელ სხვლას ორი-სამი სანაყოფის დატოვებით.

სხილათუბანის აფინიტეტი ფილოქსერგამძლე ვაზის მთავარ საძირეებთან შეუსწავლელია, მაგრამ არსებულ ნარგავებზე დაკვირვება ცხადყოფს მის მეტად დიდ მგრძნობიარობას ამ მავნებლის მიმართ. ამის ნათლად დამამტკიცებელია საკუთარ ძირზე არსებული მაღლარების მთლად გადაშენება როგორც გურიაში, ისე ქვემო იმერეთშიაც, იმ დროს, როცა ზოგიერთ სხვა ჯიშების მაღლარები (ჩხავერი, ალადასტური, მტევანდიდი) დღემდე შემორჩენილია და თუ ამინდმა ხელი შეუწყო უხვ მოსავალსა და ხარისხოვან პროდუქციას იძლევა. ნამყენ ვაზებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ სხილათუბანი განვითარების უკეთეს უნარს იჩენს რუპესტრის დულოზე, ვიდრე რიპარიაXრუპესტრის 3306-ზე; ამ უკანასკნელზე ბევრად უკეთესია რიპარიაXრუპესტრის 3309.

გურიის რაიონებში ზამთრისა და გაზაფხულის ყინვების მოქმედება მინიმალურია. ვაზი დროულად იღვიძებს და მისი ვეგეტატიური ნაწილების განვითარება თავიდანვე სავსებით ნორმალურად და დაუბრკოლებლივ მიმდინარეობს.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

მექანიკურ-ქიმიურ და სამეურნეო თვისებათა შესასწავლად სხილათუბანის ყურძნის ნიმუშები აღებული იყო სოფ. კალაგონის, დაბლაციხისა და ბახვის საბჭოთა მეურნეობის ნაკვეთებიდან. ქვემოთ მოგვყავს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჩატარებული მექანიკური ანალიზის შედეგები (იხ. ცხრ. 2).

სხილათუბნის მტევნის საშუალო წონა მერყეობს 125,5-დან 140,5 გ-მდე, ხოლო საშუალოდ იგი 126,4 გ უდრის. მტევანზე საშუალოდ 105-115 მარცვალია, წონით 120,2 გ. საშუალო მტევნის კლერტის წონა 5,1-6,8 გ უდრის. წიპწების წონა მერყეობს 5,8-8,1 გ-მდე, ხოლო კანის წონა 22,0-22,6 გ-მდე აღწევს. ამრიგად, კლერტის, წიპწებისა და ჩენჩოს საშუალო წონა 32,85 გ უდრის, რაც მტევნის საშუალო წონის 25,9% შეადგენს. მაშასადამე, დანარჩენს (ე.ი. 74%) წვენი შეადგენს, რაც სავსებით მისაღებია საღვინედ განკუთვნილ ჯიშისათვის.

დიდი მტევნის წონა 256,5 გ, ხოლო მცირესი – 91,5 გ აღწევს. 100 მარცვლის საშუალო წონა 115 გ უდრის, ხოლო წიპწების რაოდენობა 255-მდე აღწევს, რომელთა წონა 11,5 შეადგენს. აქედან ერთწიპწიანი მარცვლები 26%, ორწიპწიანი – 26%, სამწიპწიანი – 40% და ოთხწიპწიანი – 6% შეადგენს. ზოგ შემთხვევაში, გვხვდება უწიპწო მარცვლებიც, მათი რაოდენობა დაახლოებით 2% შეადგენს. 100 მარცვლის კანის წონა 20 გ-მდე აღწევს.

სხილათუბანს ჩვეულებრივ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კრეფენ. მიუხედავად ასე გვიან დაკრეფისა ყურძენში შაქრიანობა 22,5% არ აღემატება. უფრო ხშირად კი იგი 19-21% უდრის. შაქრის ეს რაოდენობა სავსებით საკმაოა ნორმალური რაოდენობით ალკოჰოლის შემცველი სუფრის ღვინოების დასაყენებლად საჭირო მჟავიანობის შენარჩუნებით.

ღვინის ნიმუშები დამზადებულ იქნა სოფ. კალაგონში, დაბლაციხესა და ბახვში. ქიმიური ანალიზის შედეგების მაჩვენებლები მოყვანილია ქვემოთ – მე-3 ცხრილში.

როგორც მე-3 ცხრილიდან ჩანს, ღვინის ყველა ნიმუში ნორმალურ ალკოჰოლიანობასთან ერთად (10,6-11,8º) საერთო მჟავიანობას საკმაოდ შეიცავს. მქროლავი მჟავიანობის რაოდენობა (0,55-0,67) წარმოდგენილი ღვინის ნიმუშების სისაღეს ადასტურებს. ასევე ნორმალურია ექსტრაქტის რაოდენობაც (28, 55-31,24), ხოლო ტანინის ოდნავი სიჭარბე (1,6-1,90) ტკბილის ჭაჭაზე დადუღებითაა გამოწვეული.

საერთო ორგანოლეპტიკური შეფასება შემდეგია: ღია წითელი, დამახასიათებელი ჯიშური არომატით, საკმაოდ ნაზი და ჰარმონიული ღვინო. ამ ნიმუშებიდან საუკეთესო შეფასება სოფ. დაბლაციხეში 1952 წელს დაყენებულმა ღვინომ მიიღო, როგორც შეფერილობით, ისე ალკოჰოლის ნორმალური შეცულობით და ჰარმონიულობით იგი ხარისხოვან სუფრის ღვინოდ იქნა აღიარებული.

სხილათუბნის ღვინომ გამოავლინა მაღალი თვისებები ჯანის პროდუქციასთან კუპაჟის შედეგად, რაც იმავე წელს იქნა ჩატარებული ჩვენ მიერ. კუპაჟის შედეგად მიღებული ღვინის საერთო შეფასება შემდეგია: ღია წითელი ფერის, გემო ჰარმონიული, სასიამოვნო სიმწკლარტით და კარგი ტანინიანობით.

1936 წელს საქარის საცდელ სადგურზე ვ. დემეტრაძის მიერ (1) ჩატარებულ იქნა სხილათუბნის ღვინის ქიმიური ანალიზი. მასალა დაკრეფილი იყო სოფ. დაბლაციხეში (ჩოხატაურის რ-ნი) 15 ნოემბერს. ანალიზის მიხედვით ღვინის ხვედრითი წონა 0,9926 უდრის, ხოლო ალკოჰოლი 14,2º შეადგენს. 100 კუბ. სმ ღვინო შეიცავს გრამობით: ალკოჰოლს – 11,32, საერთო მჟავიანობას – 0,764, მქროლავ მჟავეებს – 0,116, არამქროლავ მჟავეებს – 0,618, ექსტრაქტს – 1,940, ნაცარს – 0,213, შაქარს – 0,023, გლიცერინს – 0,739, ტანინს – 0,120, ღვინის მჟავას – 0,261 და ფოსფორის მჟავას – 0,049.

ანალიზის მიხედვით სხილათუბანის გვიან დაკრეფილი ყურძენი იძლევა მომეტებულ ალკოჰოლიან ღვინოს (14,2º), ოდნავ ზედმეტი მჟავიანობით (0,764). აღნიშნულ ალკოჰოლიანობასთან შეფარდებით ექსტრაქტის რაოდენობა (1,94) შედარებით მცირედ უნდა ჩაითვალოს. ღვინოს ახასიათებს უმნიშვნელო შაქრიანობა (0,02%) და მცირე მქროლავი მჟავიანობა, რაც სხილათუბნის ღვინის ნორმალურობის მაჩვენებელია.

ვაზზე დატოვებული სხილათუბნის ყურძენი არ ინახება, დაკრეფილიც ადვილად ლპება. ამრიგად, იგი სუფრის ყურძნად არ გამოდგება და საღვინე ჯიშია.

საერთო შეფასება და დარაიონება

აღნიშნული მასალების მიხედვით და აგრეთვე ადგილზე წარმოებულ დაკვირვებათა თანახმად სხილათუბანი სამართლიანად წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის ხარისხოვანი პროდუქციის მომცემ საღვინე ჯიშს. ამასთანავე როგორც უხვმოსავლიანი და წვენის დიდგამოსავლიანი, იგი ფართო ყურადღების ღირსია.

სხილათუბანის უარყოფით თვისებებიდან აღსანიშნავია – შედარებით სუსტი გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ. მაგრამ ამ ნაკლის გამოსწორება წარმატებით შეიძლება დამატებით ბორდოს ხსნარით შეწამვლით და გოგირდის შეფრქვევით.

ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასებით დადასტურდა, რომ სხილათუბანი მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა სუფრის ღვინის დასაყენებლად აღმოსავლეთ გურიაში – სამხრეთით დაქანებულ, მზით განათებულ ფერდობებზე და ამიტომ მისი შემდგომი გავრცელებაც ფართოდ უნდა იქნეს წარმოებული.

ფილოქსერის მიმართ მეტად სუსტი გამძლეობის გამო სხილათუბანი შემდგომ ნამყენებით უნდა გავრცელდეს მხოლოდ სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე. ჯიში მეტად პერსპექტიულია აგრეთვე დასავლეთ საქართველოს დანარჩენი რაიონებისათვის.


ლიტერატურა

1. დემეტრაძე ვ. მასალები დასავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მრეწველობის დარაიონებისა და სპეციალიზაციისათვის, ქუთაისი, 1936.
2. კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში. თბილისი, 1957.
3. მიროტაძე ა. რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, თბილისი, 1939.
4. რამიშვილი მ. გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები. თბილისი, 1948.
5. შარდენი ჟ. მოგზაურობა საქართველოში. თბილისი, 1935.
6. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი II, ამპელოგრაფია. თბილისი, 1938.
7. ჯავახიშვილი ივ. საქართველოს ეკონომიური ისტორია, წიგნი II, თბილისი, 1934.
8. Леонов А. Виноград в исторические времена. «Русский винодел», №10-11, СПБ. 1887.
9. Накашидзе Е. Очерк виноградарства и виноделия Гурии и Мингрелии. Сбор. свед. по виногр. и винод. на Кавказе, вып. IV, Тифлис. 1886
10. Тимофеев С. Очерк виноградарства в Батумском и Артвинском округах. Сб. свед. по виногрд. и винод. на Кавказе, вып. IV, 1886.
11. Шарашидзе Г. Грузинский словарь гурийских, верхне-имеретинскихи лечхумских провинциальных слов. Тбилиси, 1938.

წყარო

საქართველოს ამპელოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები