ტემპერამენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტემპერამენტი – (ლათ. temperamentum – ნაწილთა სათანადო შეფარდება), ინდივიდის დახასიათება მისი ფსიქიკური მოქმედების მიხედვით, მისი ტემპი, რიტმი, ცალკეული ფსიქიკური პროცესების ინტენსივობა, საერთო სულიერი მდგომარეობა. ტემპერამენტის სტრუქტურაში შესაძლებელია გამოვყოთ სამი მთავარი კომპონენტი: ინდივიდის საერთო აქტივობა, მისი მოძრაობითი გამოვლინებანი და მისი ემოციონალობა.

ტემპერამენტის გარეგნულ ქცევაში გამოვლენის თაობაზე ისტორიაში არსებობს შეხედულებათა სამი ძირითადი სისტემა. მათ შორის უძველესია ჰუმორალური (ლათ. humor – თხევადი) თეორია, რომლის მიხედვით ტემპერამენტი დამოკიდებულია ორგანიზმში არსებულ თხევად მასაზე. ასე, მაგ., ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ ტემპერამენტი გამომდინარეობს ადამიანის ორგანიზმში ცირკულირებადი ოთხი თხევადი ნივთიერების თანაფარდობიდან. ესენია: სისხლი, ნაღველი, შავი ნაღველი, ლორწო. სწორედ ამაზე დაყრდნობით მოხდა ტემპერამენტების კლასიფიკაცია: სანგვინიკი, ქოლერიკი, მელანქოლიკი, ფლეგმატიკი.

ახალ დროში ამ ტიპების ფსიქოლოგიური დახასიათება და სისტემატიზაცია განახორციელა ი. კანტმა („ანტროპოლოგია“), რომლის მიხედვით, სანგვინიკი გამოირჩევა ემოციათა ხშირი მონაცვლეობით, თუმც ნაკლები სიღრმით და ძალით, ქოლერიკი – ქცევის სიფიცხით, აჩქარებულობით, თავაწყვეტილობით; მელანქოლიკური – განცათა სიღრმით და ხანგრძლივობით; ფლეგმატური – სიზანტით, სიმშვიდით, გრძნობათა გარეგნული გამოხატვის სისუსტით. ამასთანავე, კანტმა დაუშვა ტემპერამენტების შერევის შესაძლებლობაც.

არსებობს, აგრეთვე, ე.წ. მორფოლოგიური თეორია, რომელიც ეკუთვნის ფსიქოპათოლოგ ე. კრეჩმერს. იგი ტემპერამენტებს განსაზღვრავს სხეულის აგებულების კონსტიტუციური ტიპების მიხედვით.

ამერიკელი ფსიქოლოგი უ. შელდონი გამოყოფს სომატური (სხეულებრივი) კონსტიტუციის სამ ძირითად ტიპს: ენდომორფული (ბერძნ endon – შიდა), მეზომორფული (ბერძნ. mezos – შუალედური), ექტომორფული (ბერძნ. ektos – გარეგანი).

ფსიქოანალიტიკური სკოლის წარმომადგენელი კ. იუნგი ტემპერამენტებს ჰყოფდა ორ ძირითად სახეობად: ინტროვერტი (ლათ. intro შიგნით), ექსტრავერტი (ლათ. exterior – გარეგანი).

პერსონაჟის ტემპერამენტის მიგნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარდასახვის პროცესში კომედიაში ტემპერამენტთა მრავალფეროვნება იძლევა მძლავრ კომიკურ ეფექტს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები