ტექსტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტექსტი – (<ლათ. textus – ქსოვილი, ხლართვა, შეერთება), ენობრივი წარმონაქმნი, ზეპირი ან წერილობითი ენის მონაკვეთი, რომელიც ხასიათდება რიგი ნიშნებით, ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა სიგრძის – სიტყვით, როგორც კომუნიკაციური რეპლიკით („დაამთავრეთ?!“), დაწყებული და შინაარსით გაერთიანებული ვერბალური ნიშნების ნებისმიერი თანმიმდევრობით (აბზაცი, პარაგრაფი, თავი, ნოველა, პიესა, ინტერვიუ…) დამთავრებული. წინადადებაზე დიდი ერთეულის აღსანიშნავად უპირატესად გამოიყენება ტერმინიდისკურსი“.

ნებისმიერი ტექსტი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სტრუქტურის, ისე ფუნქციონირების, შინაარსის თავისებურებათა თვალსაზრისით. ტექსტის ასაგებად გამოიყენება სხვადასხვა სახის შემაკავშირებელი საშუალებები: ლექსიკური – არასრული სიტყვები (ნაწილაკები, კავშირები), ჩანართები, თემა-რემული მიმართებები – სინონიმური ჩანაცვლებები, ინტონაციური საშუალებები, ტექსტში ენობრივ ერთეულთა რიგის შეცვლა: გრაფიკული საშუალებები – განსხვავებული შრიფტი, სასვენი ნიშნები… (წერილობითი ენისათვის) და სხვ, გარდა შემაკავშირებელი საშუალებებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ ტექსტის მთლიანობას, არსებობს აგრეთვე შინაარსის გამთლიანების სპეციფიკური საშუალებები, როგორიცაა: ემფაზაგამონათქვამის ამა თუ იმ ელემენტის გამოყოფა გამეორების, სინტაქსური პოზიციის შეცვლის და მისთ. მიხედვით; ნარატიულობა – თხრობის დინამიკის გამოხატვა ენობრივი საშუალებებით.

ტექსტის სწორი აღქმისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ლინგვისტური და არალინგვისტური კონტექსტები, რომლებშიც იქმნება ტექსტი, ე. ი. ტექსტის აღქმა დამოკიდებულია პრესუპოზიციაზე, ანუ კომუნიკაციის წევრებისათვის საერთო ფონისეულ ცოდნაზე.

ტექსტის იდენტიფიკაციის საკითხებს იკვლევს ფილოლოგიის სპეციალური დარგი – ტექსტოლოგია. ტექსტი (ზეპირი, წერილობითი), როგორც სემანტიკური მთლიანობა, წარმოადგენს ლინგვისტიკის დარგის - ტექსტის ლინგვისტიკის კვლევის საგანს. ზეპირ და წერილობითს დისკურსს იკვლევს დისკურსის ანალიზი. ზოგი მკვლევარი აღნიშნულ ტერმინს იყენებს ზეპირი ტექსტის კვლევისათვის, ხოლო „ტექსტის ლინგვისტიკას“ ტოვებს წერილობითი ტექსტებისათვის.

ლ. ენუქიძე
ი. ქობალავა


ლიტერატურა

  • შენგელაია ნ. ტექსტის ლინგვისტიკის პრობლემები, თბ., 1987;
  • მისივე, არასრული სიტყვები და ტექსტის სემანტიკური მთლიანობა, თბ., 2000.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები