ფირუზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ფირუზი – ლაჟვარდისფერი არაგამჭვირვალე საიუველირო ქვა. არის სპილენძისა და ალუმინის ჰიდრატირებული ფოსფატი ქიმიური ფორმულით CuAl6(PO4)4(OH)8·4H2O. სახელწოდება სპარსულია, რაც „ბედნიერების ქვას“ ნიშნავს. ფერი – ცისფერი, მწვანე, ნაცრისფერი. ფირუზს სხვა სახელითაც მოიხსენიებენ, როგორიცაა, მაგ., აცტეკების ქვა, არაბული ქვა, ბედნიერების ქვა, ზეციური ქვა და სხვ., თუმცა სახელი „ფირუზი“ ევროპაში შემოვიდა თურქეთის გავლით ირანიდან და ხორესანიდან XVII საუკუნეში (ფრანგ. turquois თურქული). არქეოლოგიური გათხრებით დადგენილია, რომ ფირუზის გამოყენება სამკაულად ჯერ კიდევ ჩვ. ერამდე 6 ათასი წლის წინ დაიწყეს (ცენტრალური ამერიკა, ეგვიპტე, შუა აზია), შემდეგ კი გავრცელდა მთელ მსოფლიოში (სპარსეთი, შუამდინარეთი, ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია, კავკასია და სხვ.). გარდა სანახელავო ქვისა, ფირუზი გამოიყენებოდა (განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებში) მეჩეთების, სასახლეების, საკულტო ნაგებობების მოსაპირკეთებლად, ტახტრევნების მოსართავად, აბანოებში და სხვ. აღსანიშნავია კურორტ ბორჯომში (საქართველო) 1892 წელს ირანის კონსულისათვის აგებული ორსართულიანი ულამაზესი შენობა, რომლის აივნის შიგნით, კედლები და ჭერი, სარკესავით მბრწყინავი ფირუზის ქვებით იყო დაფარული, ხოლო თბილისის არქიტექტურისგან მკვეთრად განსხვავებული, სპარსული სტილის ფირუზისფერი, ლამაზად მუჩუქურთმებული აივნის ფასადი ყველა გამვლელ-გამომვლელს თვალს სჭრიდა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები