ქავთარაძე პეტრე (იურისტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქავთარაძე პეტრე ივანეს ძე - (14.VII.1883, სოფ. ზოვრეთი, შორაპნის მაზრ. - 3.X.1941, მორდავეთის ასსრ.) - სოციალ-დემოკრატი (ალიონელი). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ჟურნალისტი, მთარგმნელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის ოჯახში. 1915 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრთას. მუშაობდა ნაფიც ვექილად.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნაციონალისტური ფრაქციის წევრებთან ერთად შეუდგა გაზეთ „ალიონის“ გამოშვებას. პარტიის ძირითადი ხაზისგან განსხვავებით, გაზეთის გარშემო შემოკრებილი ჯგუფი საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის იდეას უმთავრესად მიიჩნევდნენ. 1917 „ალიონელების“ სახელით მონაწილეობდა ეროვნული ყრილობის მუშაობაში და აირჩიეს ეროვნულ საბჭოშიც. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იყო ეროვნული საბჭოს „ალიონელთა“ ფრაქციის თავმჯდომარე. იყო საბიუჯეტო-საფინანსო და ხელოვნების კომისიის წევრი. 1919 წლის დასაწყისში ალიონის ფრაქცია საბოლოოდ შეერწყა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. დამოუკიდებლობის პერიოდში აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში, განაახლა საადვოკატო საქმიანობა, ხშირად იცავდა პოლიტიკურ პატიმრებს. 1920-იანი წლების ბოლოდან დაიწყო სამწერლობო და მთარგმნელობითი საქმიანობა. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მონაწილეობდა რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში. თარგმნა: „ოიდიპოს მეფე“, „ანტიგონე“, „სოკრატეს აპოლოგია“ და სხვ. „დიდი წითელი ტერორის“ დროს დააპატიმრეს და გადაასახლეს. გარდაიცვალა გულაგში შიმშილით.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127;
  • ქსე ტ. X, თბ., 1986.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პეტრე ქავთარაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები