ქართული მითი სამყაროს შექმნის შესახებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამყაროს შექმნა − ეს სოფელი დიდი ხანია, რაც არსებობს, და კიდევ უფრო მეტხანს იარსებებს. ღმერთმა ამგვარად შექმნა სამყარო. მან ჯერ მიწა შექმნა, რომელიც მოედანივით ბრტყელი გააკეთა, მერე შეუდგა მის გადახურვას ანუ ცის შექმნას. ზეცა მიწაზე უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, რომ გაუჭირვებლად გადაფარებოდა თავზე. ამ დროს გამოჩნდა ეშმაკი, რომელმაც მოისურვა თავადაც შეექმნა რაიმე, რათა ბატონობა ჰქონოდა ცაზე და მიწაზე, და თავისი სამსახური შესთავაზა ღმერთს. მაგრამ ღმერთმა არ დაუთმო და გაიმართა მათ შორის ბრძოლა. ეშმაკმა იფიქრა, ღმერთი ვერ შეძლებს ამოდენა სახურავის შექმნას და თავად დაიწყო ძაფებისგან ბადის ქსოვა, რომ შეეთავაზებინა ღმერთისთვის ზეცაში ხარვეზის ამოსავსებად. ღმერთი მიუხვდა ეშმაკობას და შექმნა თაგვები, მიუსია ბადეს, რათა გამოეღრღნათ იგი და უსარგებლო გამხდარიყო ცის თაღის შესავსებად. მაშინ ეშმაკმა ურჩია ღმერთს, შეემცირებინა დედამიწის ზომა, რომ ცა თავისუფლად გადაფარებოდა მას თავზე. ღმერთმა ძლიერ მკლავებში მოაქცია მიწა და იმ ზომამდე შეამჭიდროვა, რომ მიწა დაიჭმუჭნა, გაჩნდა მთები, ღრმა ხევები, ტაფობები და გამოქვაბულები. ახლა მიწა თავისუფლად მოექცა ცარგვალის ქვეშ. ღმერთმა თავის შექმნილ მიწაზე ხორციელ არსებებს მიუჩინა ბინა, ხოლო თავად თავის ანგელოზებთან ერთად ზეცაში დამკვიდრდა. ზეცა რომ დასახლებულია, ახლაც ჩანს: ბევრს ესმის ღამ-ღამობით შორიდან მომავალი ყრუ ხმა ზარების რეკვისა – ეს ხმები ზეციდან მოდის. ბევრს ისიც უნახავს ღამით, თუ როგორ გაიხსნება ხოლმე ცა მეყსეულად და გამოჩნდებიან ბრწყინვალე სამღვდელო სამოსელში გამოწყობილი წმიდანები და გალობენ, თითქოს ღვთისმსახურებას ასრულებენო. ამის მხილველმა ადამიანმა რაღაც ნატვრა უნდა ჩაიფიქროს და უეჭველად აუხდება.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები