ქარხემიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქარხემიში – ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ჩრდილოეთ სირიაში, მდინარე ევფრატის სანაპიროზე. მოიხსენიება ეგვიპტის ფარაონის, თუტმოს III-ის (ძვ.წ. XV ს.), მხედართმთავრის, ამენემჰების ნაწერებში. ეგვიპტელები ქარხემიშს „მდინარეების ქვეყნის“ (ნაჰარინის) საზღვრებში თვლიდნენ.

ქარხემიში ეკონომიკურად ძალიან მდიდარი ქალაქი იყო, რადგან ის მდინარე ევფრატთან იყო აშენებული და მასზე გადიოდა სავაჭრო გზა ფინიკიიდან მესოპოტამიაშდე.

ეგვიპტეში რამზეს II-ის მეფობისას, ქარხემიში ხეთების მოკავშირე ქალაქი იყო, რადგან ხეთების იმპერიის გავლენა ამ ქალაქის ტერიტორიაზეც ვრცელდებოდა. რამზეს III-ის მმართველობისას (ძვ.წ. XI ს) ქარხემიშს ჩრდილოელმა ბარბაროსებმა შეუტიეს და დაასუსტეს, თუმცა ქალაქმა მოახერხა კვლავ აღორძინება და სირიაში მოლაშქრე არამელებს აღუდგა წინ. ასურეთის იმპერიის პერიოდში ქარხემიში ასურელი მეფეების იოლი სამიზნე იყო, ამიტომ ქალაქის ხელისუფლება ხარკს უხდიდა მათ, რათა თავიდან საფრთხე აერიდებინათ. ძვ.წ. 717 წელს მეფე პისირისმა სცადა ასურელთა ხარკისგან განთავისუფლება, თუმცა დამარცხდა და ისიც და მთელი ქარხემიშიც მკაცრად დაისაჯა.

ძვ.წ. 605 წელს ქარხემიშთან მოხდა ძველი მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა ეგვიპტის ფარაონ ნეხო II-სა და ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორს შორის, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

ბაბილონის იმპერიის დაცემის შემდეგ ქალაქ ქარხემიშს ისტორიაში რაიმე მნიშვნელოვანი როლი აღარ უთამაშია და მისი სახელი ნელ– ნელა გაქრა ისტორიულ წყაროებში და დოკუმენტებში.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები