ნეხო II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნეხო II

ნეხო II - (უხემიბრა ნეხო II, ბიბლიაში ნეხაო) – ეგვიპტის ფარაონი (ძვ.წ. 610-595) XXVI დინასტიიდან.

ნეხო II-ის მმართველობის პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გამოდგა. მოკლე პერიოდის განმავლობაში ნეხო II-მ მოახერხა დროებით ეგვიპტისთვის ძლიერება დაებრუნებინა. ნეხო II მამამისის, პსამეტიხ I-ის პოლიტიკას აგრძელებდა, ანვითარებდა შიდა ვაჭრობას, ხოლო საგარეო საქმეებში ბერძენ ვაჭრებს, ფინიკიელ მეზღვაურებს და დაქირავებულ მეომრებს ეყრდნობოდა. ნეხო II ცდილობდა ეგვიპტისთვის ადრე დაკარგული გავლენა დაებრუნებინა აზიაში, რადგან იქ უკვე სულს ღაფავდა ასურეთის ერთდროს უძლიერესი იმპერია და ეგვიპტეს შანსი ეძლეოდა აზიის ახალი ჰეგემონი გამხდარიყო.

ძვ.წ. 609 წელს ნეხო II თავისი არმიით ასურელი მოკავშირეების დასახმარებლად დაიძრა, რომლებიც მიდიელებს და ბაბილონელებს ებრძოდნენ ხარანში. ღაზამ და აშკელონმა (ასკალონმა) ეგვიპტელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, ამიტომ ფარაონმა ეს ქალაქები აიღო და სასტიკად დასაჯა. ქალაქ მეგიდოსთან ეგვიპტელებს გზა ბაბილონელებისა და მიდიელების მოკავშირე იუდეის მეფემ, იოშიამ გადაუჭრა თავისი ჯარით. ფარაონის მოთხოვნა, რომ იუდეველებს გაეტარებინათ ეგვიპტელთა სამხედრო შენაერთები არ შესრულდა, ამან კი ბრძოლა გამოიწვია. ეგვიპტელება გაიმარჯვეს, ხოლო იოშია ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა.

ნეხო II ასურეთის მეფეს, აშურ-უბალიტ II-ს შეუერთდა და ერთიანი არმიით ორმა მეფემ ხარანს შეუტია. ბაბილონელმა მცველებმა მოახერხეს მტრის მოგერიება და ქალაქი შეინარჩუნეს. ბაბილონის მეფე ნაბოფალასარი დიდი ჯარით მიადგა ხარანს და აიძულა ნეხო II უკან დაეხია. იმავე წელს საბოლოოდ განადგურდა ასურეთის იმპერია. ეგვიპტელება დაიკავეს სირია და იქ გარნიზონები ჩააყენეს. ნეხო II-მ შეიპყრო იუდეის მეფე იოახაზი და ტყვედ ეგვიპტეში წაიყვანა, ხოლო იერუსალიმში მეფედ მის მაგივრად იოაკიმი დასვა. ფარაონმა იუდეას დიდი ხარკი დაადო. ძვ.წ. 607 წელს ბაბილონის მეფე ნაბოფალასარი არმიით დაიძრა ეგვიპტის წინააღმდეგ. დიდი ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ კიმუხუსთან, სადაც ეგვიპტელებმა ძვ.წ. 606 წელს მოახერხეს ბაბილონელთა სამხედრო სიმაგრეების განადგურება, თუმცა მათ მალე სხვა სიმაგრეთა ხაზი მოაწყვეს ქალაქ შუნადირთან, ელამში და დუხამუში.

ძვ.წ. 605 წელს ბაბილონელები ნაბოფალასარის ვაჟის, ნაბუქოდონოსორის მეთაურობით ლაშქრობა დაიწყეს ეგვიპტის წინააღმდეგ. ნეხო II არ შეუშინდა მძლავრ მტერს და თავისი ჯარით მდინარე ევფრატისკენ დაიძრა. მის ჯარში ეგვიპტელების გარდა ლიბიელები, ლიდიელი მშვილდოსნები, ნუბიელები და ბერძენი დაქირავებულები იყვნენ. გადამწყვეტი ბრძოლა ქარხემიშთან მოხდა ძვ.წ. 605 წელს. ბაბილონელები თავს დაესხნენ ეგვიპტელთა ბანაკს, რომლებმაც უკან დაიხიეს და მტერს საშუალება მისცეს ქალაქი ქარხემიში დაეკავებინათ. ეგვიპტის არმიის ნარჩენები ხამათში გაიქცნენ. ბაბილონელებმა ხამათამდე სდიეს მათ და მთლიანად მოსპეს ისინი. სირიის, ფინიკიისა და პალესტინის პატარა სახელმწიფოები ბაბილონს დანებდნენ და წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. საბოლოო განადგურებისგან ნეხო II ბაბილონის მეფის, ნაბოფალასარის სიკვდილმა იხსნა, რადგან ნაბუქოდონოსორი ბაბილონში დაბრუნდა. ახლო აღმოსავლეთის ქალაქები გაოგნებულები იყვნენ ნეხო II-ის დამარცხებით. მათ არ სურდათ ლოიალური ეგვიპტური მმართველობა ბაბილონისთვის მძიმე ხარკის გადახდით შეცვლილიყო. პირველი ქალაქი, რომელმაც ბაბილონელებს წინააღმდეგობა გაუწია იყო აშკელონი.

ძვ.წ. 604 წელს აშკელონი დაეცა და ბაბილონელება ეს ქალაქი სასტიკად დასაჯეს. ეგვიპტე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ბიბლია წერს, რომ ბაბილონმა ეგვიპტეს ყველა ტერიტორია წაართვა და ფარაონი თავისი სახელმწიფოს საზღვრებს აღარ გადასცილებია.

ძვ.წ. 601 წელს ნაბუქოდონოსორმა სკვითებთან ერთად სცადა ეგვიპტეში შეჭრა, თუმცა სასტიკი ბრძოლების შემდეგ ფარაონმა ნეხო II-მ მოახერხა მტრის შეჩერება. ორივე მხარემ დიდი დანაკლისი განიცადა, ამიტომ ბრძოლები შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტელებს ხმელეთზე სამხედრო მოქმედებების დაწყება აღარ შეეძლოთ მათ ზღვაზე გაამახვილეს ყურადღება და გააძლიერეს სავაჭრო და სამხედრო ფლოტი. ჰეროდოტეს მიხედვით ნეხო II-მ ფინიკიელი მეზღვაურები გაგზავნა აფრიკის გარშემოსავლელად და გამოსაკვლევად ასევე ჰეროდოტეს ცნობით ნეხო II-მ ნილოსის წითელ ზღვასთან დამაკავშირებელი არხის გათხრა დააწყებინა.

ნეხო II-ის სიკვდილის შემდეგ ეგვიპტის სამეფო წელში ვეღარ გაიმართა და ჯერ ბაბილონელების, შემდეგ კი სხვა ხალხების მფლობელობაში აღმოჩნდა. ეს გარკვეულწილად იმის ბრალიც იყო, რომ ეგვიპტელებს აღარ ჰყოლიათ ისეთი მამაცი, ჭკვიანი და ქარიზმატული ლიდერი, როგორიც ნეხო II იყო.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები