ქრისტეს მიერ ბრმადშობილის განკურნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრისტეს მიერ ბრმადშობილის განკურნება - ეპიზოდი იოანეს სახარებაიდან.

„როცა მოდიოდა იესო, იხილა კაცი, ბრმადშობილი. და ჰკითხეს მას თავისმა მოწაფეებმა და უთხრეს: რაბი, ვინ სცოდა, ამან თუ ამისმა მშობლებმა, რადგან ბრმა იშვა? მოუგო იესომ: არც ამან სცოდა, არც ამისმა მშობლებმა, არამედ რათა გაცხადდეს საქმე ღვთისა მასზე. მე უნდა ვაკეთო საქმე ჩემი მომავლინებლისა, ვიდრე დღე არის; მოდის ღამე, როცა ვერავინ შეძლებს საქმის კეთებას. ვიდრე ამ სოფელში ვარ, ნათელი ვარ ამ სოფლისა. როცა ეს თქვა, დაანერწყვა მიწაზე და გააკეთა ტალახი ნერწყვით და სცხო ტალახი ბრმის თვალებს და უთხრა მას: წადი და დაიბანე სილოამის საბანელში, – რაც ითარგმნება: მოვლინებული; წავიდა და დაიბანა, მოვიდა და ხედავდა. ხოლო მეზობლები და ვისაც ნანახი ჰყავდა იგი ადრე, რომ მათხოვარი იყო, ამბობდნენ: ეს არ არის, რომელიც იჯდა და ითხოვდა? სხვები ამბობდნენ: ეს არის; ზოგი ამბობდა: არა, არამედ ჰგავს მას: ხოლო ის ამბობდა: მე ვარ. ეუბნებოდნენ მას: როგორ აგეხილა შენ თვალები? მიუგო მან: კაცმა, რომელსაც ჰქვია ქრისტე, ტალახი გააკეთა და სცხო ჩემს თვალებს და მითხრა მე: წადი სილოამის საბანელში და დაიბანე; მივედი და დავიბანე და ამეხილა. და უთხრეს მას: სად არ ის იგი? უთხრა: არ ვიცი. მიიყვანეს ფარისევლებთან იგი, რომელიც ადრე ბრმა იყო. იყო შაბათი, როცა ტალახი გააკეთა იესომ და აუხილა მას თვალები. კვლავ ეკითხებოდნენ მას ფარისევლებიც, როგორ აეხილა, ხოლო მან უთხრა მათ: ტალახი დამადო მე თვალებზე და დავიბანე და ვხედავ. და ფარისეველთაგან ზოგი ამბობდა: ეს კაცი არ არის ღვთისაგან, რადგან შაბათს არ იცავს. სხვები ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ასეთი სასწაულების ქმნა? – და ცილობა იყო მათ შორის. უთხრეს ბრმას კვლავ: შენ რას იტყვი მასზე, რადგან აგიხილა შენ თვალები? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია. არ ირწმუნეს იუდეველებმა მის შესახებ, რომ იყო ბრმა და აეხილა თვალები, ვიდრე არ დაუძახეს იმის მშობლებს, ვისაც აეხილა, და ეკითხებოდნენ მათ და ეუბნებოდნენ: ეს არ ის თქვენი ძე, რომელზეც ამბობთ, რომ ბრმა იშვა? როგორ ხედავს ახლა? მიუგეს მისმა მშობლებმა და უთხრეს: ვიცით, რომ ეს არ ის ჩვენი ძე და რომ ბრმა იშვა, ხოლო ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა მას თვალები, ჩვენ არ ვიცით; მაგას ჰკითხეთ, ასაკი აქვს, თვითონ თქვას თავის თავზე. ეს თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან ეშინოდათ იუდეველებისა, რადგან უკვე შეთანხმებულნი იყვნენ იუდეველები, რომ ვინც მას აღიარებდა ქრისტედ, შესაკრებლიდან განეკვეთათ; ამიტომ თქვეს მისმა მშობლებმა: ასაკი აქვს, მაგას ჰკითხეთ. დაუძახეს მეორედ იმ კაცს, რომელიც იყო ბრმა, და უთხრეს მას; მიაგე დიდება ღმერთს; ჩვენ ვიცით, რომ ეს კაცი ცოდვილია. ხოლო მან მიუგო: თუ ცოდვილია, არ ვიცი; ერთი ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ. კვლავ უთხრეს მას: რა გაგიკეთა შენ? როგორ აგიხილა შენ თვალები? მიუგო მათ: გითხარით თქვენ უკვე და არისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გინდათ? განა თქვენც გინდათ, რომ მისი მოწაფეები გახდეთ? ხოლო მათ აგინეს მას და უთხრეს: შენ ხარ მისი მოწაფე, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ეუბნებოდა ღმერთი, ხოლო ეს არ ვიცით, საიდან არის. მიუგო იმ კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ თქვენ არ იცით, საიდან არის, და მე ამიხილა თვალები; ვიცი, რომ ცოდვილებისას ღმერთი არ ისმენს, მაგრამ ვინც ღვთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, მისას ისმენს. საუკუნიდან არ გაგონილა, რომ აეხილოს ვინმეს თვალები ბრმადშობილისათვის; ეს რომ არ ყოფილიყო ღვთისაგან, ვერ შეძლებდა ვერაფრის გაკეთებას. მიუგეს და უთხრეს მას: ცოდვებში ხარ ნაშობი სრულიად და შენ გვასწავლი ჩვენ? – და გააგდეს იგი გარეთ. გაიგო იესომ, რომ გააგდეს იგი გარეთ, და იპოვა იგი და უთხრა მას: შენ გწამს ძე ღვთისა? მიუგო მან და უთხრა: ვინ არის, უფალო, რომ ვირწმუნო იგი? უთხრა მას იესომ: გინახავს იგი, და ვინც შენ გესაუბრება, ის არის. ხოლო მან უთხრა: მწამს, უფალო, – და თაყვანი სცა მას. და თქვა იესომ: ამ სოფლისგან სასჯელად მოვედი მე, რათა ვინც ვერ ხედავს, ხედავდეს და ვინც ხედავს, დაბრმავდეს. მოისმინა ეს ზოგიერთმა იმ ფარისეველთაგანმა, რომლებიც იყვნენ მასთან, და უთხრეს მას: ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ? უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვაც არ გექნებოდათ; ხოლო ახლა ამბობთ: ვხედავთ. – და თქვენი ცოდვა თქვენთან რჩება“ (იოანე, 9:1-41).

ღვთისმსახურება

აღდგომიდან მეექვსე კვირა მოგვითხრობს ბრმადშობილის განკურნებაზე (იოანე, 9).106 იესომ მას თვალებზე თავის ნერწყვში დასველებული ტალახი წასცხო და უბრძანა, სილოამის საბანელში ჩამოებანა. ეს კურნება ქრისტემ აღასრულა შაბათს, როცა ნების მიერი ქმედება მკაცრად იყო აკრძალული. ძველი აღთქმის განწესების დარღვევით ქრისტემ დაგვანახა, რომ იგი ნამდვილად თვითონაა შაბათის უფალი, თანასწორი მამა ღმერთისა, რადგან, იუდეველთა გადმოცემით, მხოლოდ ღმერთი შრომობს შაბათს, მართავს რა სამყაროს.

ჩვენ გაიგივებული ვართ ამ ბრმასთან, რომელიც მივიდა, რათა შეეცნო დაერწმუნა იესო ქრისტე, ძე ღვთისა. და უფალი თავისი ღვთაებრივი ხელებით ჩვენს თვალებს აცხებს და განბანს მათ ნათლობის წყლებში.

„თუ ალითა სულიერითა დაბრმობილი, ქრისტე ღმერთო, შენ და მოვილტვი, ვითარცა შობით განბრმა ბნელსა შინა მყოფთა ნათელი ყოვლადბრწყინვალე“ (კონდაკი).

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები