ყარტაულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყარტაულაფშავში ცაბაურთა თემის ხელმარჯვნივ რომ ნაროულა ჩამოდის, იმ ხეობაზე უცხოვრია ერთ მდიდარ კაცს, დიდძალი ცხვრის პატრონს. სახელად ყარტაულა რქმევია. მისი საქონელი მჭადაის-ვაკეს მდგარა სამთოდ. მთიდან ბარამდე მილი ჰქონია გაყვანილი. მთაში რძეს წველიდა, ბარში კარაქს დღვებავდა. ყარტაულა ისე გაბუდაყებულა თავისი სიმდიდრით, რომ მთავარმოწამესაც (წმ. გიორგის) კი ჯიბრში ედგა.

ერთ დღეს მთავარმოწამის მამულშიც მუშა მუშაობდა და ყარტაულას მამულშიც. ყარტაულამ გორიდან გამოხედა: ჩემი მუშა უფრო ბევრია თუ მთავარმოწამისაო. დათვალა კიდეც და თავის მუშებს უთხრა: ჩვენ მეტნი ვართ და მომკილიც მეტი გვაქვსო. აბა, ღვთისშვილს რა გამოეპარებოდა! გაიგო მთავარმოწამემ, თავის თავს მე მადრის და თავის მუშას – ჩემს მუშასო. ჩემი სწორობა მოინდომა ხორციელმაო. წამოვიდა და ჯვართანის გორს დაუყარაულდა, ყარტაულა თუ გამოჩნდა, ლახტს დავკრავ და მოვკლავო. ამაზედ შეერქვა მთავარმოწამეს „ჯვართანის გორის მოყარაულე“. აქ რომ ყარტაულა აღარ გამოჩნდა და ლახტი ვერ დაჰკრა, მთავარმოწამე ახლა ქვევით ჩამოვიდა. აქ ხეები იყო და ჩრდილში „წამოილაიბა", წამოწვა, მოისვენა. ამაზე თქვეს, „ხეთანას მოლაიბეო“. მთავარმოწამემ ლახტი რომ ვერ დაჰკრა, გველი მიუსია. სანამ მუშანი მუშაობდნენ, ამასობაში ვახშმად ხორცი იხარშებოდა ერთ დიდ ქვაბში. საკიდელზე ჩამოცოცდა დიდი გველი და ჩაეშვა ქვაბში და ისიც იქ მოიხარშა.

მუშაში ერთი დედაკაცი ყოფილა, რომელსაც ორი-სამი წლის ბალღი ჰყოლია მასპინძლის სახლში დატოვებული. ამ ბავშვმა დაინახა, რომ ჩავიდა ეს დიდრონი გრძელი გველი ამ ქვაბში ჩაჯდა და აღარ ამოსულა. და საღამოზე ვახშმობის დროს დედას უთხრა: დედავ, დიდი ჭია მოიხარშა ქვაბში და არა ჭამოო.

წაეტანება ჯამს საჭმელად ეს ქალი და დაიწყებს ტირილს ბავშვი, ხელებში ეხლართება დედას, არ ანებებს კერძის ჭამას. იმ დედაკაცის მეტმა, ვინც შეჭამა ეს დაშხამული ხორც-წვენი, ყველანი დაიხოცნენ სტუმარ-მასპინძლიანა. მარტო დედა-შვილი გადარჩა და წავიდნენ სახლში.

მას აქეთ ყარტაულას სახლ-კარი ნასახლარად არის ქცეული.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები