ყაფიჩიბაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყაფიჩიბაში - (თურქ. qapiçibāşi - მეკარე), ხელჯოხიანთა რიგის თანამდებობა, საპოლიციო დაცვისა და სასამართლო-ადმინისტრაციული ფუნქციების მქონე მოხელე. ყაფიჩიბაში და მისი ხელქვეითი თხუთმეტი ყაფიჩი ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდნენ. ვახუშტი ასახელებს მხოლოდ ყაფიჩს, „მეკარეს“, ყაფიჩიბაშის თანამდებობა მისთვის უცნობია, თუმცა, XVII ს-ის საბუთებში ისინი მოიხსენებიან. ყაფიჩიბაში და ყაფიჩები დასახელებული არიან „დასტურლამალში“. აქ მოიხსენიებიან: „კარის ყაფიჩიბაშები“, „დავთარხანის ყაფიჩიბაშები“, „მეთოფეთ ყაფიჩიბაშები“.

სამეფო კარის ყაფიჩიბაშის საქმიანობის ადგილი და განაწესი მკაცრად იყო განსაზღვრული. მეფის კართან მდგომ ყაფიჩიბაშს მცველის, იასაულის ფუნქცია ჰქონდა, თუმცა, იასაული რანგით უფრო დაბალ საფეხურზე იდგა. ყაფიჩიბაშს და ყაფიჩებს, სხვა მცველებისაგან განსხვავებით, მეფესთან შესვლის უფლება ჰქონდათ. კარის მცველის გარდა, ყაფიჩიბაშის მოვალეობას შეადგენდა საქმის გამოძიება, საგანგებო დავალებების შესრულება, სასახლიდან გამოსული ბრძანების ადგილებზე მიტანა, განაჩენის სისრულეში მოყვანა. ამასთანავე, ყაფიჩიბაშს ბოქაულთუხუცესთან და საეშიკაღასბაშოს თავლიდართან ერთად მეფისა და მდივანბეგის ბრძანებები, საპოლიციო ქაღალდები, სასამართლოს განჩინებები და საგამოძიებო მასალები ებარა. ქვეყნის გარეთ საგანგებო დავალებით წარგზავნილი ყაფიჩიბაში სრული თავისუფლებით სარგებლობდა. ყაფიჩიბაშები სარგოს იმ წილიდან იღებდნენ, რომელიც ხელჯოხიანებისთვის იყო დაწესებული.

ყაფიჩიბაშები და ყაფიჩები. XVII ს.

  • გოგიბაშვილი დოლმაზ - სამეფო კარის ყაფიჩიბაში 1636-1653 წწ. (პალ 1991: 682).
  • თურქისტანისშვილი ბერუკა - სამეფო კარის ყაფიჩიბაში 1664-1679 წწ. (პალ 1991: 532; პალ1993: 369).
  • ყორღანაშვილი ქაინდავლე - სამეფო კარის ყაფიჩიბაში 1635-1671 წწ. (პალ 2015: 74-75).
  • შანშიაშვილი პაპია/პაპუნა - სამეფო კარის ყაფიჩიბაში როსტომ მეფის კარზე 1651-1653 წწ.; შაჰნავაზის კარის სოიბათიასაული 1653-1680 წწ. (პალ 2015: 129-31).
  • იაგულაშვილი ალიხანა - სამეფო კარის ყაფიჩიბაში 1636-1646 წწ. (პალ 1993: 384);
  • მანთაშა - სამეფო კარის ყაფიჩიბაში 1646 წ. (პალ 2004: 49).
  • ყავრიშვილი გიორგი - სამეფო კარის ყაფიჩიბაში 1654 წ. (პალ 2015: 5).
  • ნარიმანაშვილი ხოსრო - სამეფო კარის ყაფიჩიბაში 1657-1666 წწ. (პალ 2004: 272*73).
  • ჯანშაშვილი პაპუნა - სამეფო კარის ყაფიჩიბაში 1688-1699 (პალ 2015: 484).
  • ველასშვილი შანაზარა - სამეფო კარის ყაფიჩიბაში 1697 წ.(პალ 1993: 188).
  • თურქისტანიშვილი ბაგრატ - სამეფო კარის ყაფიჩიბაში 1687-1690 წწ. (პალ 1993: 368).
  • შაჰნაზარა - სამეფო კარის ყაფიჩიბაში 1692-96 წწ. (პალ 2015: 116).
  • ხოსრო - სამეფო კარის ყაფიჩიბაში XVII ს-ის II ნახ. (პალ 2015: 399).


წყაროები და ლიტერატურა

  • დასტურლამალი 1965: 461, 480;
  • ვახუშტი 1973: 32;
  • პაპუნა ორბელიანი 1981: 79;
  • გაბაშვილი 1942: 189, 191;
  • სურგულაძე 1952: 279-281

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები